ახალი ამბები
“მე მოვდივარ პრეზიდენტად, რომ მთლიანად ამოვძირკვოთ ოლიგარქია და პოლიტიკაში დავაბრუნოთ პოლიტიკოსები“
– ბატონო შალვა, დავიწყოთ პრემიერის მიმართვით რუსეთისადმი, რომელსაც ოპოზიციის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. გამონაკლისი არც თქვენ იქნებით…

– პრემიერის ეს განცხადება გასაკვირი რატომ გახდა მე ეს მიკვირს, ახალია რამე?! – რა პოლიტიკაც ხორციელდებოდა წლების განმავლობაში, ის რომ რუსეთს დაეკანონებინა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიები, საქართველოს ტერიტორიაზე თავისი წესრიგი დაემყარებინა, ბაზები მოეწყო ჩვენს მიწაზე – ეს ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოში გამოშვებას კრემლში წყვეტდა. ახლა უკვე ვეღარ დამალეს ეს ფარული მიჯნურობა და კრემლში რედაქტირებული წერილი გაახმოვანა ბანკის კლერკმა კვირიკაშვილმა, რომელმაც 90-იან წლებში ჩხარტიშვილთან ერთად მიითვისა ჩვენი ანაბრები.

– კვირიკაშვილის მოხსნა დიდი ხანია, დგას დღის წესრიგში, გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი მარტის ბოლოს გაფორმდება და პრემიერის პოსტს ან გიორგი გახარია დაიკავებს ან მამუკა ბახტაძე. რას ფიქრობთ ამ ორ კანდიდატზე?

– ჯერ ერთი, საიდან უნდა მოხსნან კვირიკაშვილი?! როცა არ ყოფილა პრემიერი, საიდან უნდა მოხსნა. ოდესმე იყო დანიშნული პრემიერად? – გიორგი კვირიკაშვილი არის კაბინეტის ყარაული. შემდეგი ვინც მოვა, ისიც ბიძინას ყარაული იქნება კაბინეტში. გახარია იქნება ეს თუ ბახტაძე, ორივე ივანიშვილის ისეთივე ყურმოჭრილი მონა იქნება, როგორიც მისი წინამორბედი იყო. გახარიას ჰკითხავს ივანიშვილი ხურმა რა ხილია?! ასეთი სატელიტი ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული არიან სხვის ნებაზე, ბავშობიდან მეცოდებიან და თანაგრძნობით ვივსები მათ მიმართ. მინდა ასეთ ადამიანებს დავეხმარო, გავათავისუფლო ხისთავიანი ივანიშვილის მონობისგან.

– ამიტომაც გადაწყვიტეთ საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროთ კენჭი თუ შეიძლება ბოლო წუთს მოხსნათ თქვენი კანდიდატურა, სხვა ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ?

– ამ წუთისათვის მე ვარ კანდიდატი და მადლობელი ვიქნები ყველასი თუ მომცემენ საშუალებას ვიყო ოპოზიციის გამაერთიანებელი, არა მარტო ამ კონკრეტულ არჩევნებში, არამედ მომავალშიც. მე მოვდივარ პრეზიდენტად, რომ მთლიანად ამოვძირკვოთ ოლიგარქია პოლიტიკიდან და პოლიტიკაში დავაბრუნოთ პოლიტიკოსები. ბანდიტთა ხროვამ გამოაძევა ჩვენნაირი პოლიტიკოსები პოლიტიკიდან და მართავენ დღეს ქვეყანას. ეს ისეთია, ბოინგის საჭესთან ტრაქტორისტი დასვა. ამ მდგომარეობაშია ქვეყანა. ამ საქმეში ოპოზიცია უნდა დავდგეთ ერთად. ჩემზე უკეთესი კანდიდატი თუ გამოჩნდა, რომელიც ააშენებს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ასპარეზს დავუთმობ. მაგრამ დღეს, ვფიქრობ რომ მე ვჭირდები ქვეყანას.

– სხვათაშორის, სანამ სააკაშვილს გამოაძევებდნენ უკრაინიდან, გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენი ვაჟი უკრაინაში თქვენი სახელით სტუმრობდა მიხეილ სააკაშვილს. მან თქვენი გზავნილი გადასცა ყოფილ პრეზიდენტს, დიდ ოპოზიციაში შემოსულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და აქვე გკითხავთ, ამზადებთ თუ არა თქვენს შვილს პოლიტიკაში მოსასვლელად?

– რადგან შეკითხვა ორ ნაწილად დაყავით, მეც ჯერ პირველზე გიპასუხებთ. არის საკითხები, რომელსაც სჭირდება სამედიცინო კონსულტაცია და ამბულატორიული მკურნალობა. რა შეიძლება ამაზე გითხრათ?! რაც სპეცსამსახურია, იგივე აგენტურა გვყავს და ავრცელებენ, თითქოს სააკაშვილთან გარიგებას ვაწარმოებ. ამ უბედურებმა პიარის და ანტიპიარის სტრატეგიის შემუშავებაც კი არ იციან, როგორ უნდა. რაც შეეხება მეორე საკითხს – ჩემი შვილი კი არა, მთელი ჩემი ოჯახი 25 წელია, პოლიტიკურ ქარ-ცეცხლშია. მე არ მინდოდა პოლიტიკაში ჩემი შვილი, მაგრამ ბავშვობიდან, რასაც უყურებს იმას აკეთებს. ჩემს შვილს ქურდად და ყაჩაღად ხომ არ გავზრდიდი. თუ მისი არჩევანია პოლიტიკურ ასპარეზზე ემსახუროს თავის ქვეყანას, ამაში დასამალს მე ვერაფერს ვხედავ.

– დავუბრუნდები ისევ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ ივანიშვილი თავად იქნება „ოცნების“ კანდიდატი, როგორ გაუწევთ მას კონკურენციას და საერთოდ, რამდენად არის ეს ვერსია რეალობასთან ახლოს?

– არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ივანიშვილი, როგორც ავთვისებიანი მეტასტაზი, ისე არის ჩაფრენილი ამ ქვეყანას, მისი ეკონომიკით დაწყებული და ხეეებით დამთავრებული. თუ გვინდა განვიკურნოთ ამ სენისგან, ყველამ უნდა მოვინდომოთ და ამოვგლიჯოთ ივანიშვილი, როგორც სენი და კოცონში დავწვათ. თუ ისევ ფულზე გაიყიდა ჩვენი ხალხი, მაშინ არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას, როგორც პატრიატრქმა თქვა, ვიქნებით დაღმართზე დაგორებულ ქვასავით. მან სწორად შეაფასა ვითარება. ასეთი აზრები და ფიქრები ყველას მოგვდის თავში. მე ასეთი მძიმე სოციალური ვითრება ქვეყანაში ჯერ არ მახსოვს. ასე უჭირდეს ხალხს, ასე შიოდეს, ასე წვალობდეს, წამალს ვერ ყიდულობდეს, სამსახურს ვერ შოულობდეს, ბოლო 25 წლის მანძილზე – არ მახსოვს. სააკაშვილის დროსაც, შევარდნაძის დროსაც და საუბედუროდ, სამხედრო საბჭოს მმართველობის დროსაც კი, უკეთესად ცხოვრობდა ხალხი. 41 მილიონერი რომ გეყოლება პარლამენტში, რა ბიუჯეტს ამყოფინებ მათ. ეს იგივეა, 41 მგელი შეაგდო ცხვრის ფარაში. წარმოიდგინეთ, ამერიკის კონგრესში ხდებოდეს მსგავსი რამ, რა ამბავი იქნებოდა.

– იან კელიზე რას იტყვით, გვემშვიდობება ამერიკის ელჩი, როგორ შეაფასებთ საქართველოში მის მოღვაწეობას?

– ძალიან ცუდად ვაფასებ იან კელის მოღვაწეობას. მე ჩემს ამერიკელ მეგობრებთან არც დამიმალავს და არაერთხელ მისაუბრია, რომ სამარცხვინო და უვარგისი ელჩი ჰყავთ საქართველოში. ის არის რუსეთის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე გაყიდული, მიყიდული ელჩი. სხვანაირად როგორ უნდა შევაფასო. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი ამერიკელი მეგობრების, ამერიკის კონგრესის, სენატის სახელმწიფო დეპარტამენტის, რომ გაითვალისწინეს იან კელისთან დაკავშირებით რაც ვუთხარი და მოგვაშორეს თავიდან.

– ვინ შეცვლის მას, თუ გაქვთ თქვენი ამერიკელი მეგობრებიდან ინფორმაცია რისი გაჟღერებაც შეგიძლიათ?

– იან კელიზე უარესი არავინ მოვა. როგორც მე ვიცი, განიხილება ერთი სიმპატიური ქალბატონი და შესაძლოა, მისი კანდიდატურა დამტკიცდეს. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მის ვინაობას ჯერ ვერ გავამხელ.

– ინტერვიუს დასაწყისში მინდოდა მეკითხა, როგორ ხართ ბატონო შალვა, არ მოგბეზრდათ ოპოზიციაში ყოფნა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა-მეთქი, მაგრამ ისეთი შემართული ხართ, ეს კითხვა არალეგიტიმურია, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ.

– ვცდილობ ვიყო საბრძოლო განწყობაზე და იგივეს ვუსურვებ „2020NEWS“-ს, რადგან მებრძოლი და სამართლიანი მედია ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მეც წარმატებებს გისურვებთ.



წყარო: http://2020news.ge
| ბეჭდვა |