ახალი ამბები
გიორგი გუგავა – ოპოზიცია ისე ძლიერდება და ერთიანდება, როგორც არასდროს – ივანიშვილი დამარცხდება!
– კულუარული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თქვენმა პარტიამ მუშაობა უკვე დაიწყო და კონკრეტული ღონისძიებების გატარება შალვა ნათელაშვილმა პირადად თქვენ დაგავალათ. რაში მდგომარეობს დავალება პირველი?

– არ არის ჯერ ასე დავალება გაწერილი. პარტია 25 წელია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ებრძვის ხალხის თავზე წამომჯდარ ხელისუფლებებს. ჯერ არ მოსულა არცერთი მთავრობა, რომელსაც ხალხზე ზრუნვა ჰქონოდა მთავარ პრიორიტეტებში. „ლეიბორისტული პარტიას“ საქმე არ გამოლევია, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გამოვავლინოთ ხელისუფლების კორუფციული სქემები, მათი დანაშაულებრივი ქმედებები და ხალხს ავუხილოთ თვალი.

– თუმცა კარგად მაინც ვერ აუხილეთ, რადგან შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ 25 წელია, რაც ოპოზიციაში ხართ. ხალხი იმასაც ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილს არც არსდროს უნდოდა ხელისუფლებაში მოსვლა და ოპოზიციაში ყოფნა არის მისი დანიშნულებაო.

– შალვა ნათელაშვილს ერთი დანიშნულება აქვს – შეცვალოს უმაქნისი, გაზულუქებული, გათავხედებული და გაბოროტებული მთავრობა. მაგრამ ნათელაშვილს თუ ხალხმა არ შეუწყო ხელი, თუ ხალხი არ დადგა თავის სიმაღლეზე, თუ ხალხმა არ ირწმუნა, რომ მთავრობა მისი მოყვანილია და მასვე შეუძლია უკან გაუშვას, მარტო ერთი შალვა ნათელაშვილი ვერ უშველის საქმეს. ოპოზიციური ერთიანობა არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ამიტომ მუშაობს „ლიდერთა საბჭოც“, ყველა ერთად თუ შეძლებს ხალხის დარწმუნებას რომ 15, 20 და 50 ლარის საფასურად არჩევნებში საკუთარი ხმა არ გაყიდოს.

ივანიშვილის მთავარი სტრატეგია იცით რა არის? – ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს. რაც უფრო არ იმუშავებენ ინსტიტუციები, ივანიშვილს ხელ-ფეხი ეხსნება და აკეთებს იმას, რაც მოეპრიანება. ერთადერთი სურვილი აქვს, დარჩეს ერთპიროვნულ მმართველად. თითქოს ქვეყანას ჰყავს პრემიერი და ის პირველი პირია, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება. ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, გააკეთებს თავხედურ განცხადებებს და ქულებს ჩაიწერს ივანიშვილთან. ესაა ერთადერთი მისი საქმე. შეშინებული და გაფართოებული თვალებით რომ იყურება ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, ვისი ეშინია? – რა თქმა უნდა ივანიშვილის, რომ საღამოს ყური არ აუწიონ.

– ხშირად უწევენ კობახიძეს ყურს?

– არა მარტო კობახიძეს, ერთი გუნდი ვართო რომ გაიძახიან, ვინ ნახა ბოლოს ამ გუნდიდან ბიძინა ივანიშვილი? – მათთვის უხილავია, მათი ბატონი. ახლოსაც არ იკარებს და დარბიან მერე შეშინებულები ეს „ოცნების,“ ვითომ გუნდის წევრები. კალაძეს დედაქალაქი გადააბარა კალაძე – ერთ დროს მისი ფავორიტი, უკვე აღარ არის ფავორიტების სიაში. კალაძე სხვებმა ჩაანაცვლეს.

– ვინ ჩაანაცვლა, ვინ არიან ივანიშვილის ახლობლები, ვის ენდობა, ვის ხვდება ხშირად, ვისგან იგებს ამბებს?

– ივანიშვილს მეგობრები და ახლობლები არ ყავს. მას ჰყავს მხოლოდ ამბის მიმტანები და ქვეყანა რომელიც შემოხაზა და თავის ორღობედ აქცია, იმის დამლაგებლები. ისინი ივანიშვილის უსაფრთხოებაზე მუშაობს, ხომ არ გგონიათ რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებით არის დღეს დაინტერესებული და მუშაობს. მაგრამ ეს მარაზმი, ივანიშვილის მარაზმი აუცილებლად დამთავრდება. ამას წერტილი აუცილებლად დაესმება. თუ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა – ივანიშვილი დამარცხდება. ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რომ კვირიკაშვილის დასასრულს კი არა, თავად ივანიშვილის დასასრულს ვიხილავთ მალე.

– თუ ასეთი საფრთხე, რეალურად ელოდება ივანიშვილს, რამდენად შესაძლოა, მან ოპოზიციის ცალკეული ლიდერები მოისყიდოს, გაურიგდეს მათ?

– გამორიცხულია, ივანიშვილი ვერავის მოისყიდის ოპოზიციაში. დღეს ოპოზიცია ისე ძლიერდება და ერთიანდება, როგორც არასდროს. ვეღარავის მოატყუებს და გაურიგდება ივანიშვილი. შეხვედრის სურვილიც რომ გამოთქვას, შალვა ნათელაშვილი მას არ შეხვდება და არც სხვა ოპოზიციური ლიდერები. მტერს და ოკუპანტს გარეთ რომ ვეძებთ, მტერი და ოკუპანტი აგერ შიგნით გვყავს და ის არის ბიძინა ივანიშვილი.


წყარო: http://2020news.ge
| ბეჭდვა |