ახალი ამბები
"ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა მოძალადე იქნება დასჯილი და არცერთ პედოფილს შეწყალება არ მიეცემა" - შალვა ნათელაშვილი
"გორში 8 წლის ნანა ბერიაშვილი მოგვიკლეს. გუშინ ვიყავი, ქვის გული ატირდება, მოძალადე, პათოლოგმა. ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა მოძალადე იქნება დასჯილი და არცერთ პედოფილს, ჩვენს შვილებზე მოძალადეს და არცერთ ნარკობარიგას შეწყალება და ამინისტია არ მიეცემა და ამოლპება ციხეში,“ - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობას გამოეხმაურა და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგო.

შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი არავინაა. მისი თქმით, ეგზიტპოლებით აპირებენ არჩევნების გაყალბებას, ამიტომ მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეგზიტპოლებში მონაწილეობა არ მიიღონ.

„ჩვენი კონკურენტია ის 3%-იანი გამდიდრებული ფენა, რომელიც 25 წელია, გვძარცვავს, სახეებს ცვლის სცენაზე. ჩვენ სისტემა უნდა დავამარცხოთ. სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, გულში გავივლოთ. არ შეიძლება, ავდგეთ დილით და ამ ქალბატონის ასარჩევად წამოვიდეთ იმიტომ, რომ მისი მიზანია, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დაშალოს ერთიანი საქართველო. ჩვენ ამ წუთში არ გვაქვს ოპონირება ნაციონალურ მოძრაობასთან, პატივის ცემას ვადასტურებ მის რიგით აქტივთან, მაგრამ ვაცხადებ, რომ სააკაშვილის წარმომადგენლის - ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად იქნება სამოქალაქო ომი შიგნით და დაპირისპირება პუტინის რუსეთთან, ახალი ომი. ხოლო მკვლელი ბოკერიას წარდგენილი ბაქრაძის არჩევა იქნება ნიშანი, რომ ქართველი ხალხი მკვლელებს პატიობს, ძირს წარსულის ლანდები, აჩრდილები, გაუმარჯოს მომავალს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |