ახალი ამბები
ქუთაისის მერის გადადგომას ოპოზიციური პარტიები ითხოვენ
ქუთაისში მერის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია გაერთიანდა. ოპოზიციური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა ბრიფინგი გამართეს და გიორგი ჭიღვარიას მუშაობა უარყოფითად შეაფასეს. მათი თქმით, მერის საქმიანობა არის დანაშაულებრივი და მისი გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციაა კონსულტაციას გააგრძელებს და ღია დისკუსიას გამართავს სხვადასხვა სექტორთან.

"ქუთაისში მოქმედი პარტიები ვთანხმდებით, რომ მერის საქმიანობა ყოველდღიურად არის დანაშაული და მოვითხოვთ მის გადადგომას. მთავარი პრობლემაა კორუფცია და ნეპოტიზმი მერიაში. მისი საქმიანობის დროს ნებისმიერი პროექტი არის ნაკლოვანი და თანხები უმიზნოდ იხარჯება. ამის მაგალითია "თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია, რომელზეც გადაადგილება საფრთხის შემცველი გახადეს. მისი მერობის დროს ქალაქმა დაკარგა საპარლამენტო სტატუსი და მერმა ამაზე განცხადებაც არ გააკეთა. არადა არჩევნების წინ გვიმტკიცებდა, რომ საპარლამენტო სტატუსი მნიშვნელოვანი იყო ქუთაისისთვის, ესეც აღმოჩნდა ტყუილი. ქალაქი, რომელიც დიდი კულტურისაა, ყოველდღე მერის საქმიანობის გამო სკანდალში ეხვევა და ეს შეურაცხმყოფელია ქუთაისისთვის. მოვუწოდებთ, ნებით გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შევიმუშავებთ გეგმას, როგორ გავუშვათ თანამდებობიდან, რადგან ვერ გრძნობენ ქალაქი როგორ რთულ დღეშია", -განაცხადეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა.

მათი თქმით, საკრებულოში დეპუტატებს არ ეყოფათ გამბედაობა, თავად მოახდინონ იმპიჩმენტი, ამიტომ მიმართავენ "ქართული ოცნების" ცენტრალურ მმართველობას, გიორგი ჭიღვარიას დაატოვებინონ თანამდებობა.

ბრიფინგი "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული" პარტიების ადგილობრივი ლიდერებმა გამართეს.

წყარო: http://newpress.ge
| ბეჭდვა |