ახალი ამბები
,,გარემოს დაცვის სააგენტო ცდილობს, მოსახლეობამ არ გაიგოს, რატომ არის მაღალი სიმსივნური დაავადებების მაჩვენებელი”
ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებშიც ნათლად ჩანს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, თავზე როგორ ადგას ,,შავი ღრუბელი“, იგივე მტვრის მასა. ეკოლოგები და მედიცინის მუშაკები ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებენ, თუმცა ხელისუფლება მას ასე არ უყურებს და შავი ღრუბლის გაფანტვაზეც სათანადოდ არ ზრუნავს. ეკოლოგი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლების სტრუქტურებს მოქალაქეების ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რაც საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ხდება, ეს არის მოსახლეობის გაწირვა ნელი სიკვდილისთვის.


ლაშა ჩხარტიშვილი, ეკოლოგი, უფლებადამცველი:

_ თბილისს თავზე მტვრის ღრუბელი, ე.წ. სმოგი ადგას. ეს არის ჩვეულებრივ მტვერზე დალექილი სხვადასხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც მასზე მოხვდნენ გამონაბოლქვის მეშვეობით. ჩვენი დედაქალაქის თავზე სმოგის არსებობა მიგვანიშნებს, რომ ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ტარდება არასწორად და არსებობს ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვის სერიოზული პრობლემა. მიუხედევად იმისა, რომ ტრანსპორტის ტექნიკურ დათვარიელებაზე ხელისუფლებამ უკვე დაიწყო საუბარი, ის ნაწილიც კი, რომელიც დაუქვემდებარეს შემოწმებას, რეალურად არ ხორციელდება.

_ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ რას გულისხმობთ?

_ ადამიანების გახშირებული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის გაბინძურებული ჰაერი. თვე არ გავა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, ჰაერის გაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო წამყვან ადგილზე არ დაასახელოს. გასულ წელს, მსოფლიო ენერგეტიკული ასოციაციის დასკვნაში ეწერა, რომ საქართველო, ჰაერის გაბინძურებით და ამ მიზეზით გამოწვეული სიჯვდილიანობით, მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ხელისუფლებამ იკამათა ამის გამო და როგორც გვითხრეს, პირველიდან მესამეზე გადაგვიყვანეს. ამას მოჰყვა მსოფლიო ჯანდაცვის ორჯანიზაციის (ჯანმო) დასკვნა, რომელიც გახლავთ გაეროს სტრუქტურა. მათ დასკვნაშიც ლიდერებად ვეწერეთ ჰაერის გაბინძურებისა და სიკვდილიანობის მხრივ. ყველაზე უმძიმეს მდგომარეობაში დედაქალაქი და ინდუსტრიული ქალაქებია, სადაც წიაღისეულ სიმდიდრეებს მე-19 საუკუნის მეთოდებით მოიპოვებენ. რაც, ბედნიერების ნაცვლად, სიკვდილის მომტანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასეთ ქალაქებია: ჭიათურა, კაზრეთი, ზესტაფონი, ტყიბული, კასპი და რუსთავი.

თბილისში ჰაერის გაბინძურებას იწვევს გაუმართავი ტრანსპორტი, უხარისხო საწვავი, გამწვანების ნაკლებობა და ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარე მშენებლობები. ხელისუფლება თითქოს იზიარებს აზრს, რომ აუცილებელია ჰაერის გაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისათვის გარკვეული ნორმების შემოღება, თუმცა ამ კუთხით განხორციელებული ქმედებები საკმარისი და შედეგის მომტანი არ არის. ამის ნათელი მაგალითია ტექნიკური დათვარიელების საკითხი, რომელიც მანამდე არ იქნება ეფექტური, სანამ ხელისუფლება არ გადაწყვეტს, რომ მასში საბიუჯეტო სახსრები ჩადოს. სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედაც, რომ ადამიანების ჯანმრთელობისთვის უნდა დაიხარჯოს და არა თეთრი ჯიპების შესყიდვისთვის.

_ ტრანსპორტის ტექნიკური დათვარიელების დაფინანსება, ჩვენს ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?

_ ხელისუფლებამ ტექნიკური დათვარიელების მხრივ ძალიან რბილი და ეტაპობრივი პროგრამა შეიმუშავა. მათ მიერ შემოღებული ნორმები, ძალიან შორს არის ევროპული ნორმებისგან. დღეს თუ ჰაერის გაბინძურებით ყოველი მეხუთე ადამიანი კვდება, ამ ნორმებით, შეიძლება, მოკვდეს ყოველი მეოთხე, რაც დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო უფრო მკაცრი ნომრების შემოღება. ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო თანადაფინანსებით გამოხატავს ავტომფლობელების მხარდაჭერას, რათა მათ ან ჩაანაცვლონ ძველი ავტოტრანსპორტი ახლით, ანდაც მოახერხონ ამ ტრანსპორტის მაქსიმალურად შეკეთება, რათა მისი გამონაბოლქვი იყოს უსაფრთხო. ევროპაში ახალი ტრანსპორტის შემოიყვანაზე დაწესებულია საგადასახადაო შეღავათებიც, რაც ჩვენთან არ არსებობს.

ჩვენი პროგრამით არ არის გათვალისწინებული კატალიზატორების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, კატალიზატორის შეძენა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს, ჩინოვნიკებისთვის დანამატები წელიწადში 25-ჯერ არ გასცეს და ეს თანხები მოახმაროს ამ მოწყობილობის დაფინანსებას, ან შემოიღონ თანადაფინანსების პროგრამა, რათა ადამიანებმა შეძლონ ტრანსპორტის მოწესრიგება, რაც ჩვენი სიცოცხლის ერთგვარი გარანტიც იქნება. მოსახლეობა არ უნდა იდგეს პურსა და მოწამლულ ჰაერს შორის არჩევანის წინაშე. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ მისი მოქალაქეები სუნთქავდნენ სუფთა ჰაერს და მიირთმევდნენ ჯანსაღ საკვებს. თუმცა, იმ ნორმების კონტროლიც არ ხორციელდება, რომლებიც უკვე ამოქმდებულია.

_ დამაჯერებლობისთვის უკეთესი იქნება, ფაქტებიც დავურთოთ.

_ სამარშუტო ტაქსების ტექნიკური დათვარიელების მოთხოვნა დიდი ხანია არსებობს, თუმცა მისი კონტროლი არ ხორციელდება. სასაცილოა, რომ მაღალი ტრუბუნიდან რიგით მოქალაქეებს ესაუბრებიან მასზედ, რომ მათ ნაკლებად უნდა დააბინძურონ ჰაერი და ამ დროს, თბილისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის გაუმართავი. სოციალურ ქსელშიც ხშირად ვრცელდება ფოტო- ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, ეს ტრანსპორტი როგორ აბინძურებს ქალაქს. ცვლილება დარჩა ქაღალდზე და იმის იქით არ წასულა, რადგან საკუთარ ტრანსპორტსაც არ ამოწმებენ.

ამას ემატება საწვავის ხარისხი, რომელზე კონტროლიც წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა. ახალმა ხელისუფლებამ აღადგინა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ყოველწლიურად ჩატარებული შემოწმებები სიმბოლურ ხასიათისაა. შემოწმებები ხორციელდება წინაწარი გაფრთხილების შემდეგ და ამ ფორმით სიმართლის დადგენს არის შეუძლებელი. არადა, 90-დან 97 %-მდე ჰაერის გაბინძურება სწორედ უხარისხო საწვავზე და მავნე გამონაბოლქვზე მოდის.

მძიმე მდგომარეობაა შრომის უსაფრთხოების კუთხითაც. ვერ მოახერხეს, შეეცვალათ კანონი, რომელიც მიხედვითაც, ინსპექტორი სანამ ობიექტზე მივა, წინასწარ ატყობინებს კომპანიას მოსალოდნელი შემოწმების თაობაზე. ცხადია, ასეთი შემოწმება ეფექტური ვერ იქნება, რადგან შესაძლოა, ობიექტზე ბევრი რამის შეცვლა მოხერხდეს.

ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი კი არის სამშენებლო მტვერი, რომელიც აძლიერებს სამშენებლო-ქიმიური ნივთიერებების ნაწილაკების შეღწევადობას ორგანიზამში, სადაც ხდება მისი დალექვა. მშენებლობების დროს არ არის დაცული საჭირო ნორმები: სველი წესით და შეფუთვითი მუშაობა, რა დროსაც მტვერი აღარ განიბნევა სხვა ტერიტორიებზე. თბილისის მერია ამ ნორმების დაცვას არ სთხოვს არა მხოლოდ კერძო სამშენებლო კომპანიებს, არამედ საკუთარ კონტრაქტორებსაც. ქვაფენილის დაგებისას თუ საგზაო სამუშაოების შესრულების დროს მუშები თითქმის არასდროს იყენებენ პირბადეებს და და სამუშაოებიც არ აქვთ შეფუთული მტვერისგან მიმდებარე გარემოს დაცვის მიზნით.

_ ამ ნორმების დაცვის კონტროლი რომელ სტრუქტურას ევალება?

_ თბილისში მისი კონტროლი ევალება მერიის სამსახურს, თუმცა, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამსახურებსაც აქვთ გარკვეული შემხებლობა ამ საკითხებთან, მაგრამ კონტროლი რომ არ ხდება, ამას ყველა ვხედავთ.

დედაქალაქში მოქმედებს ჰაერის გამზომი მხოლოდ 4 პუნქტი, რაც არის ნორმაზე ნაკლები. მისი მოწესრიგება ეხება გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომელიც არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიპი. თუმცა, ისიც საკითხავია, ეს პუნქტები სათანადოდ მუშაობს თუ არა, რადგან, ეს სამსახური დემაგოგიური მანიპულირებით გადმოგვცემს მონაცემებს, რომელიც ჰაერის გამზომ 4 პუნქტში აისახება.

_ რატომ ფიქრობთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები დემაგოგიურია?

_ სხვანაირი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, რადგან ვაშინგტონის უნივერსიტეტი, მსოფლიო ენერგეტიკული ასოციაცია, იუნისეფი და ა.შ. საუბრობენ, რომ ჩვენთან არის საგანგაშო და უმძიმეს მდგომარეობა. დიახ, გარემოს დაცვის სააგენტო ცდილობს, რომ ლამაზად შეგვიფუთოს მონაცემები, დაგვაწყნაროს და მშვიდი სიკვდილისთვის მოგვამზადოს. სურს, რომ არ გაიგოს მოსახლეობამ, რისგან და რატომ ვკვდებით? რატომ არის კატასტროფულად მაღალი სიმსივნური დაავადებების მაჩვენებელი? რატომ გაახალგაზრდავდა კარცეროგენური ნივთიერებებით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელი? რატომ ვართ ლიდერი ქვეყანა ჰაერის გაბინძურების მხრივ? პრინციპულად ცდილობენ, რომ დაამტკიცონ, თითქოს უცხოელი ექსპერტები ცდებიან და ის, რაც საქართველოში, თბილისში ხდება, არის ჩვეულებრივი მოვლენა და უარესი მდგომარეობა არის სხვა ქვეყნებში.

_ ბოლო წლებში თბილისში განადგურდა არაერთი პარკი, სკვერი და ამ ადგილებზე მაღალსართულიანი კორპუსები აშენდა. მშენებლებს ზოგჯერ რეკრეაციული ზონის სტატუსიც კი არ უშლით ხელს მწვანე საფარის მოსპობაში. განადგურებული ტყე-პარკებისა და რეკრეაციული ზონების სტატისტიკა თუ არსებობს?

_ ზუსტი რაოდენობა განადგურებული პარკებისა და ხეების არ არსებობს და ესეც, ცხადია, არის პრობლემა. სტატისტიკის დეპარტამენტი ასეთ კვლევებს შეგნებულად არ ანხორციელებს. მას არ აინტერესებს ისიც, რამდენი ადამიანის სიკვდილი არის დაკავშირებული ჰაერის დაბინძურებასთან. არადა, ამ საკითხების კვლევა არის ძალიან მარტივი, რადგან არსებობს სპეციალური კითხვარები, რომელსაც ასევე არ იყენებენ. მოკლედ, ყველა ერთად ცდილობს, რომ დამალოს არსებული სურათი და გამოჩნდეს, რომ თითქოს, ყველაფერი კარგად არის.

რაც შეეხება ხე-ნარგავების რაოდენობას, საქართველოს ტყეების ინვენტარიზაციაც არ ჩატარებულა. არადა, ამის ვალდებულება ,,ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნების დროს აიღო. მათ პროგრამაში ეწერა, რომ პარლამენტს 4 წლიან ვადაში უნდა ჩაეტარებინა ტყეების ინვენტარიზაცია, მაგრამ არც ეს გაკეთებულა. ეს საკითხი მე კარგად მახსოვს, რადგან ოცნების პროგრამის ამ ნაწილის ავტორი გახლდით. დაარღვიეს დიდი ჰესების აშენებაზე უარის თქმის დაპირებაც და ეს გააკეთეს შეგნებულად, რადგან მღვრიე წყალში ადვილად ახერხებენ ყველაფერს. სწორედ ამიტომ არ სჭირდებოდათ დედაქალაქში არსებული პარკების, სკვერებისა და ხე-ნარგავების აღწერა, რომელიც მოსაგვარებელი იყო. მეტიც, მწვანე ნარგავების განადგურების პროცესი იმავე ტემპით გააგრძელა ოცნების მთავრობამ, როგორც ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება.

სამი ხელისუფლების პერიოდში, დედაქალაქში ხეების უკანონოდ განადგურების გამო პროტესტის გამოხატვისთვის 11-ჯერ დამაპატიმრეს. ფინანსების არქონის გამო, სტრასბურგში მხოლოდ ორჯერ შევძელი გასაჩივრება და ორჯერვე გავიმარჯვე. ცხადია, ბრძოლად ყოველთვის აქვს აზრი. სააკაშვილის პერიოდში, იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების ჭრის დროს, უფლებადამცველებს მოსახლეობა დაგვიდგა გვერდში და მწვანე ნარგავების გარკვეული ნაწილის გადარჩენა მოვახერხეთ. იგივე მოხდა ვაკის პარკისა და პეკინის # 23-ში ,საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების განადგურების მცდელობის შემთხვევებშიც. მოსახლოების აქტიურობამ იქაც გამოიღო შედეგი, მაგრამ მზიურის ტერიტორიაზე შესაბამისად არ იაქტიურა მოსახლეობამ და იქ გაკეთებულმა მაგისტრალმა რაც მოგვიტანა 2013 წელს, ყველამ დავინახეთ.

ქალაქის ისტორიულ ზონებშიც კი დაიწყეს მშენებლობები. პანორამა თბილისის პროექტზე საუბრის დროს, ზოგიერთები გვიმტკიცებდნენ, რომ იქ დაწყებული მშენებლობა თბილისიდან არ გამოჩნდებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ შუშის გაურკვეველი კოლბები წამოადგეს ქალაქის ისტორიულ კუთხეს, რაც ეკოლოგიურ გარემოსაც ანადგურებს და ტურისტულ პოტენციალსაც. გავიხსენებ ტაბახმელა-კოჯრის მიმდებარე ტერიტორიებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ 6 ლარად გაყიდა, ახალმა ხელისუფლებამ კი შეარგო ეს მიტაცებული სიმდიდრე უცხიელ ინვესტორს. ძალიან ბევრი ხე მოიჭრა იქ, მათ შორის მოქმედი ხელისუფლების დროსაც, მაგრამ განმკითხავი არავინ არის.

ხელისუფლებების ამგვარი ქმედებების გამო, მწვანე ნარგავების ფართობებით ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ნორმას საკმაოდ ჩამოვრჩებით. თბილისის განაშენიანების სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საკმაოდ მწვანე დოკუმენტი, რის გამოც, მერიამ, კინაღამ უარი თქვა ამ გეგმაზე, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად, ეს საქმე ბოლომდე მივიდა. ამ დოკუმენტების მიხედვით, 1 მოქალაქეზე 3 კვ/მეტრსაც არ აღწევს გამწვანებული ტერიტორიის ფართობი. ეს მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს რეკომენდაციას, რომ 1 მოქალაქეზე გამწვანებული ფართობი 10-15 კვადრატულ მეტრამდე უნდა იყოსო. 5-6 ჯერ ჩამოვრჩებით საჭირო ნორმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 5-6-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება გარემოს გაბინძურების გამო კონკრეტულად თბილისში.

აღნიშნულ მდგომარეობას ემატება ხეების ხმობაც. მიზეზი კი ხშირად არის ხელისუფლებასთან შეზრდილი სამშენებლო მაფიის ქმედებები. ხდება ისე, რომ ზოგჯერ თითოეული ხისთვის და ნარგავისთვის არის ბრძოლა საჭირო. ეს ყველაფერი, ცხადია ხელს უწყობს იმას, რომ თბილისი თავზე შავი ღრუბელი მუდმივად იდგეს და ჰაერის გაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც კატასტროფულად გაიზარდოს.

ჩვენ დავუკავშირდით იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ჩვენმა რესპოდენტმა დაადანაშაულა. აი, როგორ პასუხობენ ისინი ეკოლოგისა და უფლებადამცველის ბრალდებებს.

ნოე მეგრელიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი:

_ ევროპის ჩარჩო დირექტივით, ჰაერის გამზომი სადგურების რაოდენობა განისაზღვრება ქალაქის მოსახლეობის რაოდენობისა და დაბინძურების მიხედვით. ჩვენი დონის ქალაქისთვის სწორედ 4 სადგურია საჭირო იმისთვის, რომ შევაფასოთ ჰაერის ხარისხი. თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ამ ქსელის გაფართოებისთვის და გვინდა, კიდევ დავამატოთ 3 სადგური. გარდა ამისა, ევროპული მეთოდოლოგიით, ყოველ სეზონზე, ქალაქის 25 წერტილში ვახდენთ გაზომვებს და სინჯებს ვგზავნით ბრიტანეთის ლაბორატორიებში.

_ რას ამბობენ ბრიტანელი ექსპერტები, თბილისის ჰაერი სუფთააო?

_ პრობლემას წარმოადგენს ჰაერში არსებული მტვრის მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები. დანარჩენი დამაბინძურებლები _ გოგირდის ბიოქსიდი, ტყვია, ნახშირჟანგი, ბენზოლი… ნორმაშია. მიწისპირა ოზონიც არ აჭარბებს ევროპულ სტანდარტს.

_ ლაშა ჩხარტიშვილი თქვენს სამსახურს დემაგოგიურ მანიპულაციებში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მდგომარეობას განგებ ავარდისფერებთ მაშინ, როცა უცხოელი ექსპერტები საგანგაშოს უწოდებენ. ამაზე რას იტყვით?

_ 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ეწერა, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, იგულისხმებოდა როგორც შიდა, ასევე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. იმავე ანგარიშში ეწერა, რომ საქართველო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით 86-ე ადგილზე იყო მსოფლიოში. შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების კუთხით კი 70-ე ადგილზე. გაჩნდა ლოგიკური კითხვა, ასეთი პარამეტრებით როგორ აღმოჩნდა საქართველო სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზე? დავიწყეთ ჯანმოსთან კომუნიკაცია, ჩამოვიდა სპეციალური მისია, რომელთაც აგვიხსნეს, რომ იმ დაავადებების მაჩვენებლები, რომლებიც კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან, ძალიან მაღალია და ა.შ. მოკლედ, გაუჭირდათ ახსნა, რატომ ვიყავით პირველ ადგილზე. ასევე, მივაწოდეთ განახლებული მონაცემები, ჯანმომაც დახვეწა მეთოდოლოგია, რის შემდგომაც, მათ 2018 წლის ანგარიშში, ჰაერის გაბინძურების შედეგად გამოწვეული სივდილიანობით ვართ მსოფლიოში 70-ე ადგილზე. ცხადია, ეს არ გვამშვიდებს, მაგრამ აფსურდია, რომ ყველაზე დაბინძურებული ჰაერი არის საქართველოში. ჯანმოს აქვს 3 ათასი ქალაქის ჰაერის მონაცემები, სადაც თბილისი არის 516-ე ადგილზე. თბილისზე უფრო დაბინძურებული ჰაერი აქვთ თურმე მილანში, კრაკოვში, სოფიაში, ვენეციაში, პოლონეთში, ხორვატიის, თურქეთის ქალაქებში და ა.შ.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა ვასო წაქაძემ გვითხრა, რომ ჰაერის გაბინძურებით სიკვდილიანობისა და ტყე-პარკების, მწვანე ნარგავების გადანგურების სტატისტიკა არ აქვთ. იგი შეეცადა აეხსნა, თითქოს სტატისტიკა კვლევების შედეგად არ იქნება და გარემოს დაცვის საკითხებზე სტატისტიკას ადმინისტრაციული წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციები სჭირდება. აი, მაგალითად სოფლის მეურბეობის სამინისტროდან გვაქვს მოინაცემები ტყის უკანონოდ ჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ ქალაქში ხეების მოჭრაზე არ გაგვაჩნია, რადგან ეს ინფორმაცია არავის მოუციაო.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს უფროსს, გიგა გიგაშვილსაც ვესაუბრეთ.

გიგა გიგაშვილი:

_ ქალაქ თბილისის მერმა, რამდენიმე წლის წინ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო ყვითელი ავტობუსების ჩამოწერა და 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ტრასპორტის საქალაქო სამსახურში მიმდინარეობს კვლევა, რომელიც ზუტად დაადგენს, რომელ მარშრუტებზე უნდა იმოძრაოს ამ ტრანსპორტმა, რათა შემცირდეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში მათი გადაადგილება. ის უნდა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ახალმა ავტობუსებმა. ეს არის პოლიტიკა, რომელიც მერიას გააჩნია.

ცხადია, ჩვენთვისაც არის ცნობილი, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყარო არის გამონაბოლქვი, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის, რომლებიც არის ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, კატასტროფული მდგომარეობა არ არის და არც მხოლოდ მინიციპალური ტრანსპორტია ამაში დამნაშავე. ცნობილია, რა სავალალო მდგომარეობაშია კერძო ავტომანქანებიც. შესაბამისად, 2019 წლიდან კერძო პირებისთვისაც ხდება სავალდებულო ავტოსატრანსპორტი საშუალებების ტექნიკური დათვარიელება. ის ავტომანქანები, რომელებიც ვერ გაივლის ტექდათვარიელებას, ქალაქში ვერ გადაადგილდებიან.

_ სამშენებლო მტვრის კონტროლს თუ ახდენს მერიის შესაბამისი სამსახური?

_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც არსებობს გარკვეული პრობლემები. თითქმის დასრულებულია მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს. იმ კომპანიებს, რომელიბიც ახორციელებენ მშენებლობებს, ექნებათ დამატებით ვალდებულებად, რომ ჰაერში სამშენებლო მტვრის გაფრქვეცის შემცირების პრევენცია მოახდინონ. ცხადია, მათ გააკონტროლებს თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური და გარემოს დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო. ზედამხედველობის სამსახური ასეთ ფაქტებზე გაათმაგებული ძალისხმევით მუშაობს, რადგან ეს ჩვენთვისაც პრობლემას წარმოადგენს.

_ ბატონო გიგა, თბილისში უამრავი მშენებლობა თვალსაჩინოდ მიმდინარეობს. ფაქტია, რომ იქ არ მუშაობენ პირბადიანი მშენებლები და არც ჰაერის გადინების დამცავ ბადეებს იყენებს არავინ. ასე არ არის?

_ მუნიციპალიტეტს აქვს სტატისტიკა და საკმაოდ ბევრი შემტხვევაა, როცა სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს კომპანიებს. ახალი ცვლილებები კიდევ უფრო მკაცრია, რაც ჩვენი აზრით გარკვეულწილად შეცვლის არსებულ მდგომარეობას.

თაკო ვარდიაშვილი

წყარო: http://euronews.ge
| ბეჭდვა |