ახალი ამბები
"სისხლის სამართლის საქმის გაცნობა არაუფლებამოსილი პირის მიერ, გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული.." - შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დასჯას ითხოვს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ ის არაუფლებამოსილი პირი იყო და წვდომა ე.წ. კაბელების საქმესთან არ უნდა ჰქონოდა.

„სისხლის სამართლის საქმის გაცნობა არაუფლებამოსული პირის მიერ, რასაც წარმოადგენდა ეს ბატონი კობახიძე გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და ის უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში, რადგან საქმეში არსებული მასალები პროცესუალურად არის სრულიად საიდუმლო, ხოლო რატომ არ აგეს პასუხი მილიონების გატაცებაზე ეჭვმიტანილმა და გაცხადებულმა პირებმა, ძალიან მარტივი პასუხია ამაზე. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თავისი პარტიის ჩათვლით, სრული კაპიტულაცია გამოაცხადა და არჩვენების შემდეგ ამ პარტიის ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა მხარეს გაქცევაში. შესაბამისად ივანიშვილისათვის რაიმე პოლიტიკური საფრთხე მათგან მოიხსნა და ამიტომ ყველაფერი ეპატიათ. მთავარია საფრთხე არ შეუქმნა რეჟიმს და რამდენიც გინდა მოიპარე. არავინ პასუხს არ მოგთხოვს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ განცხადება გუშინ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან ფაქტობრივად აღიარა, რომ გრიფით საიდუმლო მასალებს გაეცნო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეს რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო, ის პირადად გაეცნო და დაადგინა, რომ ვიღაცამ მილიონები მიითვისა, მაგრამ ეს არ არიან ის ადამიანები, ვინც გამოძიებამ დააკავა. დამნაშავეს კი პასუხი ამ დრომდე არ უგია.
| ბეჭდვა |