ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: „საქართველო კრემლის ფილიალია“
„ქრონიკა+“-ის კითხვებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პასუხობს:
_ ბატონო შალვა, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს?
_ ქართული პოლიტიკისთვის რამე ახალი არ მომხდარა. ისევე იშლება და ლპება „ქართული ოცნება“, როგორც გამოლპა შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, ასლან აბაშიძის „აღორძინება“ და ზუსტად იგივეს იმეორებს „ქართული ოცნება“, ოღონდ უფრო მაღალი რაკურსით; თუნდაც „მრგვალი მაგიდა“. თუ ამ ჩამოთვლილ სუბიექტებში პოლიტიკა იყო, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში არის მისი უდიდებულესობა დოლარი, შიშველი მხეცური ინსტინქტები, ამიტომ მათი ჩამოშლა ბევრად მტკივნეული იქნება არა მარტო მათთვის, არამედ ქვეყნისთვისაც და ტრაგიკული მისი ლიდერისთვის, რომელიც შეიძლება, ვერ გადაურჩეს ფიზიკურად ამ პროცესს. ვიმეორებ: აქ არის შიშველი ინსტინქტური დაპირისპირება, აქ არის წმინდა წყლის ქონებრივი გადანაწილება იმ დონეზე, რომ ერთმანეთის გაკულაკება დაიწყეს. ხაზარაძე ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისა და პარტიის წევრი იყო. „ქართული ოცნება“ ერთი პარტიაა, რომელიც ზედაპირზე ჭამს. სინამდვილეში, ეს არის მსხვილი ოლიგარქიის პარტია, მსხვილი ოლიგარქიის ძალაუფლება, რომელმაც პოლიტიკის უზურპაცია მოახდინა და ამ ვერაგული მიზნების განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელ ფიგურად ბიძინა ივანიშვილი გამონახა, რომ ქართული სახელმწიფო საკუთარ ბიზნესად გადაეფორმებინა, რომელსაც გამყიდველმა ელიტამ ქველმოქმედის იმიჯი შეუქმნა. სინამდვილეში კი ივანიშვილი ყველაზე საშიში იყო ოლიგარქებს შორის თავისი ვერაგული, ცხოველური განზრახვებით, რაც დადასტურდა კიდევაც. არც მიწაში დაგვიტოვა რამე, არც _ ჰაერში და საერთოდ არსად, მაგრამ ახლა ამ წინამძღოლმა ჩაიჩოქა, გაიშიფრა. მთლიანად გაშიშვლებულია და მისი ყველა ავი ზრახვა, გეგმა და საქმიანობა სრულად ჩანს ნოუთბუქის ეკრანზე. ამიტომ ახლა ოლიგარქია შეშფოთდა, რადგან ნამდვილი პოლიტიკის დაბრუნება მათ ფსევდოპოლიტიკაში მათივე დასასრულია. ისინი იძულებულები იქნებიან, დაიწყონ გადასახადების გადახდა, ბიუჯეტის შევსება, სამუშაოების გახსნა, წავიდნენ ციხეში, აგონ პასუხი, ანუ ეს მათი სტრატეგიაა. შესაბამისად, პანიკაა ატეხილი. როცა დიდი გემი იძირება, მგზავრები, პერსონალი, ეკიპაჟი დამხმარე კატერებში სხდებიან, რომ გადარჩნენ და ისევ დიდ გემზე გადასხდნენ. იგივე პროცესი მიდის აქ _ ახლა ისევ დიდი გემის გაკეთება უნდათ, სადაც ტყვედ დატოვებენ ჩვენს ქვეყანას.
_ თუმცა რამდენად შეძლებენ „ქართულ ოცნებას“ გამოყოფილები, რომ ამ გემზე მოხვდნენ?
_ ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ამ ადამიანებზე, არამედ ჩვენი ხალხის სიბრიყვის კოეფიციენტზე _ ვერცხლისმოყვარეების, გაყიდვისკენ მიდრეკილების კოეფიციენტზე. თუ ისევ გაიყიდა ხალხი, თუ ისევ თავი მოიტყუა, თუ ისევ კარტოფილი თუ ჯანდაბა აიღო, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე იქნება თუ ივანიშვილი _ ამ ქვეყნის საქმე სამუდამოდ დამთავრებულია, ისტორია აღარ გვიტოვებს პაუზას, ამოსასუნთქ დროს. ხომ ხედავთ, რა ხდება, მახრჩობელა პითონი ისეთი ტემპებით არ ახრჩობს თავის მსხვერპლს, როგორც ჩვენ გვახრჩობენ გარედან თუ შიგნიდან, ყოველ წუთსა და წამს. ამიტომ ეს ხალხზე არის დამოკიდებული, ღმერთმა ქნას, არ შევცდე.
_ როგორ ფიქრობთ, ექნება „ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა?
_ მგონი, ხალხი იღვიძებს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი სახელმწიფო ბიუროკრატია მაშფოთებს, რომელიც ოლიგარქიული პარტიის სპეცრაზმია: გამგეობის თანამშრომლები, სოფლის რწმუნებულები, გუბერნიის თანამშრომლები, თვითმმართველობები, ამათ შეუძლიათ მოახდინონ ქუჩის, უბნის, სოფლის, კონკრეტული წარმოების უზურპაცია და ისევ მიუტანონ ამათ ხმები. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოვიწვიოთ ეროვნული ფორუმი და უნდა ვიმსჯელოთ, ამათ მივმართოთ და მერე დავიწყოთ მათი მხილება. გამგებლის მდივანიც კი უბედურებაა საქართველოსთვის, იმიტომ რომ იმ მდივანს თავისი სოფელი ჰყავს, თავისი გვარი, კლასელები და არჩევნების დროს ის სპეცრაზმელია ერის წინაშე. ახლახან დუშეთში ვიყავი, ჩემი თანაკლასელი გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი პიროვნება და იმ რაიონის მთელი მმართველობა იქ იყო. ისე შეეშინდათ ჩემი დანახვის, რომ შეიძლება, სიკვდილის დანახვის არ შეშინებოდათ. განა, არ ვუყვარვართ, უბრალოდ, ვინმეს არ ემხილებინებინა ჩემთან ხელის ჩამორთმევაში. ამას არაფერი გამოასწორებს უკვე, ამიტომ ამათი მხილებაა საჭირო.
_ ბატონო შალვა, ალბათ დამეთანხმებით, რომ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს, როდესაც მმართველი გუნდი, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“, ახალ წევრებს CV-ების საშუალებით არჩევს. CV-ით შერჩეული ახალი ლიდერები კი, როგორც თავად ამბობენ, პარტიაში ძველებისგან განთავისუფლებულ ადგილებს დაიკავებენ.
_ ეს იგივეა, რაც ამ ტვინნაკლულმა არსებამ თქვა, რომელიც, საუბედუროდ, დღეს გვმართავს, რომ გლეხებმა ბანკირი დაიქირავონ, თუ არ იციან, როგორ აიღონ კრედიტი და ის აუხსნისო. ეს ხომ თქვა თავისი პირით?! ადრე მწვანე დოლარით შეკრა პარტია, ახლა უნდა, რომ კონტრაქტით შეკრას. არადა, მსოფლიო პოლიტიკური გონი პარტიის შექმნისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს არა კონტრაქტს, არამედ ნებაყოფლობას, თანამოაზრეთა გაერთიანებას, ისევე როგორც თანამორწმუნეთა გაერთიანებაა ეკლესია, თანამოაზრეთა გაერთიანებაა პროფესიული, დარგობრივი მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი და ა. შ. აქ ივანიშვილს შემოაქვს კასტინგის, ტენდერისა და ველური ბიზნესის პრინციპები. რასაც აკეთებდა აქამდე ჩუმად, ახლა პირდაპირ თქვა, რომ რაღა გედევან ფოფხაძეს ვუხადო 10 ათასი დოლარი ყოველ თვე და 15 ათასი თალაკვაძესო? იცით, რომ ყოველ თვე „სტავკები“ მიდის დეპუტატებთან?! 10 ათასი დოლარი რიგით დეპუტატებს და 15 ათასი დოლარი ფრაქციის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის ლიდერებთან. ჩემი ინფორმაციით, ბოლოს დროს შეაჩერა ფულის გაცემა ამათზეც და მაღრაძეზე, „უცნობზე“, „გრეჩიხებზე“ და ბანდაზე, იმიტომ გამოვარდნენ და ბღავიან ახლა. როგორც კი განუახლებს ამ ფულის მიცემას, იმავე წუთს გამოგვეცხადებიან ტელევიზიით და გვეტყვიან, რომ ახლა ივანიშვილმა გამოსწორება დაიწყო და სატანისგან მალე მივიღებთ ანგელოზს.
_ რას ნიშნავს ღარიბაშვილის მეორედ დაბრუნება პოლიტიკაში? ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი გამოიყვანს „ქართულ ოცნებას“ კრიზისიდან?
_ ნებისმიერი მიცვალებული რომ ამოასვენონ კუკიის სასაფლაოდან ახლობლებმა, მეგობრებმა და დაასვენონ ტაძარში ან სახლში, ამას უფრო მეტი დატვირთვა და რეზონანსი ექნება, ვიდრე ღარიბაშვილის ვითომ დაბრუნებას. ჯერ ის პოლიტიკაში არასდროს შემოსულა, რადგან სამარცხვინო ხელის ბიჭი იყო. ეს არის ჩახდილი ნაძირალა.
_ ბატონო შალვა, ოკუპაციის თემას მინდა, შევეხო. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს, რადგან ვხედავთ, რომ დღითი დღე ვკარგავთ მიწებს და ამ დროს ხელისუფლება დუმს.
_ ხმას არ იღებენ და ტერიტორიებს აღობინებენ. აბაშიძე და კარასინი ყავის ხარისხზე ან მართლა კონფლიქტების მოგვარებაზე კი არ ლაპარაკობენ, ისინი საუბრობენ ივანიშვილის დავალებებსა და მის ინტერესებზე. გახარიაც ფსბ-ს გამოგზავნილია; პრემიერ-მინისტრი, ეს ბანდიტი ბავშვიც ფსბ-ს გამოგზავნილია, ამიტომ ასეთ თემებზე მსჯელობენ და, ფაქტობრივად, ყველაფერი მოსკოვს გადააბარა, ტერიტორიაც და მთავრობაც, ამიტომ ამ საკითხს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამომხობა მოაგვარებს და შეიარაღებული ძალების ადგილზე დგომა. როცა იმ წუნწკლიან რუსს და მოღალატე ოსს ეცოდინება, რომ იქ დგას ავტომატიანი ჯარისკაცი, ტანკი და სპეცრაზმი, მერე უკვე ამას არ იზამენ, იმიტომ რომ რუსეთი სანქციებში იხრჩობა. პუტინისა და მისი ნათესავების მიმართ ისეთი სანქციები დაწესდა, რომ სადამ ჰუსეინის მიმართაც არ ყოფილა მსგავსი რამ და ისინი ვერ გაბედავენ მეტს. გაბედავენ და შეიძლება, მესამე მსოფლიო ომთან მივიდეს კაცობრიობა. ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ, ვიაქტიუროთ, ჩვენი ჯარი ჯარს უნდა ჰგავდეს, სპეცრაზმი _ სპეცრაზმს და წინა ხაზი _ წინა ხაზს. საქართველო კრემლის ფილიალია და კიდევ კარგად მოვედით აქამდე.
_ შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია. მმართველი გუნდი კრიზისს განიცდის და ახალი პოლიტიკური პარტიები იქმნება. სად არის „ლეიბორისტული პარტია“, როგორ ემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სად ხედავთ გამოსავალს? მახსოვს, თქვენ ქუჩის აქციებიც დააანონსეთ.
_ ქუჩის აქციების გარდა ამ რეჟიმს ვერ დავამარცხებთ. მოვა 2020 წლის არჩევნები , ივანიშვილი ისევ გაიყვანს 50 ყაჩაღ მაჟორიტარ დეპუტატს და შენი პარტიით გინდა პირველ ადგილზე გადი 10 კინკილა დეპუტატით, გინდა _ მეორეზე, ივანიშვილს მაინც უმრავლესობა ეყოლება. ისევ ახალ პარტიებს შექმნის მოღალატე, ბანდიტის სულგაყიდულ გაჩეჩილაძეებისგან, მაღრაძეებისგან და ბესელიებისგან, რადგან მათი დაცილება გამორიცხულია. როგორც ცოლ-ქმარი ვერ დასცილდება, რომელსაც საერთო შვილი და ქონება აქვს, საბოლოოდ მაინც შვილების ინტერესებზე იფიქრებს, ისე ესენი ვერ დასცილდებიან ერთმანეთს. სიამის ტყუპებს უფრო დააცილებ.
_ ფიქრობთ, რომ ბესელია და პარტიიდან წამოსული სხვა დეპუტატები ისევ თანამშრომლებენ ივანიშვილთან?
_ რა თქმა უნდა. ივანიშვილზე ამბობს ვინმე რამეს, _ ბესელია, ფოფხაძე ან ის კვაჭანტირაძე? რამდენი უბედურება იციან და რატომ არაფერს ამბობენ? რატომ არ ამბობენ, ბიტკოინებით რამდენი მილიონი იშოვა ივანიშვილმა და ქვეყანა რომ ბიზნესად აქცია. მურუსიძეები და ჩინჩალაძეები ბესელიას დამტკიცებულები არ არიან? მხოლოდ ამბობენ, რომ არ მოსწონთ კობახიძის ჩოლკა, თორემ სხვა კრიტიკა მაგათგან რამე გაგიგიათ? ამიტომ, პატარ-პატარა პარტიებით მრავლდებიან, მერე გაუშვებს ფულს, იყიდიან სულგაყიდულ ამომრჩეველს, 3%-ს გადაალახინებენ და ისევ უმრავლესობას გააკეთებენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილის შემოტრიალება აქ რას ნიშნავს? _ ეს იგივეა, ლომი გამოუშვა გალიიდან. პირველ რიგში თავისებს დაერევა. ამიტომ „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა სხვა ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს. განა იმიტომ ვამბობ, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე ვარ, არამედ ეს არის რეალური ჭეშმარიტება. პარლამენტში, სადაც სპორტსმენები და მსახიობები არიან, ის ქვეყანა დაღუპულია.
_ ქუჩის აქციებს სხვაგვარი მობილიზება სჭირდება, სადაც ხალხის დიდი რაოდენობაა საჭირო.
_ ჩვენ უკვე დავიწყეთ. ეს დღეები ნელ-ნელა გამოვდივართ და აქციებს ვაწყობთ. პირდაპირ მილიონი ხალხის გამოყვანით არ ხდება ეს პროცესები. ზვავი პატარა თოვლის გუნდისგან გროვდება.
_ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?
_ თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ, რადგან მომავალი მთავრობა ღმერთმა დაიფაროს, რომ ერთპარტიული იყოს. მომავალი მთავრობა უნდა იყოს მრავალპარტიული და კონკურენტუნარიანი, რომ ერთმანეთს უთვალთვალონ, რადგან რომელიმე მინისტრმა არ წაიღოს ის, რაც არ ეკუთვნის და მეორე მინისტრი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მას ამხელს. ეს მხოლოდ მრავალპარტიულ მთავრობას შეუძლია.
_ კოალიციურ თანამშრომლობას ხომ არ აპირებთ?
_ სამთავრობოს კი, მაგრამ საპარლამენტო სიებში რომ მიდის ვაჭრობა და გაყოფა, ეს ჩემთვის მორალურად მიუღებელია. კეთილი ინებონ, მოემზადონ, ხალხს თავი მოაწონონ, გადალახონ ის 3%-იანი ბარიერი, შემოვიდნენ პარლამენტში და იქ შევქმნათ კოალიციური მთავრობა. ნამდვილად არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ უმრავლესობით მარტო მე მოვიდე. პარტიებმა მემორანდუმი უნდა გავაფორმოთ, რომ არც ერთი პარტიის სიაში არ იყოს ოლიგარქი.
_ დაბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში? რა მოხდება და როგორი იქნება შედეგები?
_ 2020 წლის არჩევნებზე ივანიშვილი დამთავრებულია. მთავარია, ახალი ივანიშვილი არ გამოვჩხრიკოთ.




წყარო: http://qronikaplus.ge


| ბეჭდვა |