ახალი ამბები
ბიტკოინების საწარმო დენში 11 თეთრს იხდის, მოსახლეობა - 23

იცით თუ არა თქვენ, რამ განაპირობა ელექტრო ენერგიაზე ტარიფის ზრდა ბოლო წლებში?

გაგიკვირდებათ და - ელექტრო ენერგიის მოხმარების ზრდამ სახელმწიფოში. იმის გამო, რომ გაზრდილია მოხმარება, გვიწევს ენერგიის შესყიდვა უცხოეთიდან შედარებით მაღალ ფასში, რაც სემეკის განმარტებით აისახება ტარიფებშიც.

 

 

ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ფასწარმოქმნის პოლიტიკის სხვა ნიუანსები, ელექტრო ენერგიის მომწოდებლების რეალური დანახარჯები და გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები. ვიმსჯელოთ მხოლოდდამხოლოდ სემეკის ზემო-აღნიშნულ განმარტებაზე.

 

თქვენი აზრით რატომ გაიზარდა ბოლო წლებში ელექტრო ენერგიის მოხმარება? (და შესაბამისად ფასიც):

იმიტომ რომ ეკონომიკა განვითარდა, ახალი ფაბრიკები შეიქმნა ან ოჯახის შემოსავლები საგრძნობლად გაგვეზარდა? არამგონია!

 

რეალურად ეკონომიკა ნამდვილად არ ვითარდება იმ ტემპებით, როგორც იზრდება ელექტროენერგიის საერთო მოხმარება ქვეყანაში. მეტიც, 2014 წლიდან დღემდე ეკონომიკა საერთოდ არ ვითარდება! 2014-ში მთლიანი შიდა პროდუქტი 16.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო დღეს 16.2-ია.

ამ დროს კი, ელექტრო ენერგიის მოხმარება 2014 წლიდან დღემდე 36.7 %-ით გაიზარდა. (2014-ში - 10715 მლნ. კვტ.სთ, დღეს - 14648 მლნ. კვტ. სთ). აქედან გამომდინარე დასკვნა - შეუძლებელია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ეკონომიკის არარსებულ ზრთასთან დავაკავშიროთ!

მაშინ რა ხდება?

რატომ გაიზარდა ასე საგრძნობლად ელექტრო ენერგიის მოხმარება?


რატომ გაგვეზარდა აქედან გამომდინარე მოსახლეობას კომუნალური გადასახადი?

 

2014 წლის მონაცემები შემთხვევით არ მომიყვანია. ეს არის თარიღი როდესაც შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბიტფური" და რომელმაც მუშაობა დაიწყო გორის და თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში. ამავე წელს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, ამ კომპანიას გადაეცა 18.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 185 000 კვადრატული მეტრი 1 ლარად!

 

სწორედ ამ მომენტიდან იწყება ელექტროენერგიის მოხმარების მკაფიო ზრდა ქვეყანაში, გარდა იმისა რომ 185 000 კვადრატული მეტრი 1 ლარად "დაითრია" ელექტროენერგიის საფასურს იხდის 11 თეთრს, მაშინ როდესაც უბრალო მოქალაქეები 23 თეთრს იხდიან. "ბიტფურის" საქმიანობის სფერო წარმოადგენს მძლავრი დატა ცენტრების მუშაობის შედეგად კრიპტოვალუტის გამომუშავებას, რაშიც მოიხმარს ელექტრო ენერგიის უდიდეს რაოდენობას.

მარტივი ენით რომ ვთქვათ, უამრავი კომპიუტერული სისტემა არის ერთდროულად ჩართული, მოიხმარს ძალიან დიდ ელექტროენერგიას და სამაგიეროდ ამაში ერიცხება კრიპტოვალუტა, ანუ ელექტრონული ფული. დღევანდელი კურსით 1 ბიტკოინის კურსი 4200 დოლარია.

მათ მიერ გამოქვეყნებული ქვითრის თანახმად 2017 წლის ნოემბერში მოიხმარეს 28516620.00 კვტ.სთ ენერგია.

როგორც ხედავთ, იხარჯება მილიონობით კილოვატ/საათი ელექტრო რესურსი, ხოლო საქართველოს ბიუჯეტს და ქართველ მოსახლეობას ამით არანაირი სარგებელი არ აქვს, ვინაიდან "ბიტფური" არც მოგების გადასახადს იხდის, არც დღგ-ს და სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად ელექტროენერგიის განახევრებული ტარიფით სარგებლობს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. რაც მთავარია, საგრძნობლად იზრდება ელექტრო ენერგიის საერთო მოხმარების რაოდენობა ქვეყანაში და ამის გამო, ჩვენ გვიწევს მეტი თანხის გადახდა ყოველ თვე!

 

ბიტკოინების გამომუშავებაზე მიმართული ელექტროენერგიის ხარჯით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

 

ანუ, ივანიშვილმა რომ კრიპტოვალუტა აკეთოს და ამით ფული იშოვნოს, ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენივე "შეკოწიწებული" სახლემწიფო ბიუჯეტიდან და ამასთან, ამ ჩვენი გულუხვობის გამო ვიხდით გაზრდილ კომუნალურ ტარიფებს.

 

ან ბრიყვულად კეთილები ვართ, ან ანალიზის უნარი გვაქვს დაქვეითებული ქართველებს ივანიშვილს რომ ამდენი ხანი ვაჩერებთ ხელისუფლებაში.

| ბეჭდვა |