ახალი ამბები
"ჭიღვარიამ კობიაშვილს ვერ გაუბედა ჩაჩავას გაშვება" -"ლეიბორისტული პარტია" "ტორპედოს" პრობლემებზე
"ლეიბორისტული პარტიის " ქუთაისის ორგანიზაცია "ტორპედოსთან" დაკავშირებულით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი კიკვაძე მომხდარში ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ჭიღვარია დროულად რომ ჩარეულიყო პროცესებში, კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდებოდა. ირაკლი კიკვაძე მერს ჩაჩავას მფარველობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ტორპედოს " მეპატრონე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კადრია, რის გამოც, მერმა ჩაჩავას წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა.

"მას ჰქონდა უფლებაც და ვალდებულებაც, რომ დროულად მოეხდინა რეაგირება იმაზე, რაც "ტორპედოს" გარშემო ხდებოდა. ჩაჩავა არის კობიაშვილის კადრი და მერმა ვერ გაუბედა ფედერაციას, რომ ჩაჩავასთვის პასუხი მოეთხოვა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ "ტორპედო " იშლება და კვლავ უპატრონოდ რჩება, პირველ რიგში ეკისრება ქალაქის მერს "-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ფინანსური პრობლემების გამო, "ტორპედო " დაშლის პირასაა. კლუბი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის გულშემატკივრები მომხდარში მის მეპატრონეს, ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ჩაჩავამ, რომელმაც "ტორპედო" აუქციონზე შეისყიდა და კლუბში ინვესტიციის ჩაგდების პირობა დადო, ფეხბურთელები მოატყუა. ჩაჩავას კლუბიდან წასვლის მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტისგან ფინანსური პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების პირობა მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მერია ახალი ინვესტორის მოძებნას დაიწყებს.

მერის დაპირება კლუბის გულშემატკივრებისთვის საკმარისი არ არის. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩაჩავას კლუბში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.


წყარო: https://www.kutaisipost.ge
| ბეჭდვა |