ახალი ამბები
„არაა გამორიცხული, ივანიშვილმა გაიგო გიორგი გახარიას და ოპოზიციური ლიდერების დაგეგმილ შეხვედრაზე და მას აღარ ენდო და დარბევის დავალება, მისთვის უფრო სანდო ჩუბინიძეს მისცა“ - ნინო მეტრეველი
„ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას „დიდი სიამოვნებით შეელეოდა“, მაგრამ იგი არ არის „კობახიძესავით იოლად ხელის შემოსარტყმელი“ და „გახარიას ბუზსაც ვერ აუფრენს, თუ თვითონ არ გადადგა რაღაც დიდის სანაცვლოდ“.

მეტრეველი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ „ის, რომ დარბევა იწყებოდა, რამდენიმე წუთით ადრე, პრემიერმაც არ იცოდა“ და მისი თქმით, ამ ბრძანების გაცემა შეეძლო მხოლოდ ივანიშვილს, რომელიც ისეა „შეშინებული, რომ სპეცრაზმი გამოიძახა მისი შუშის კოლბის დასაცავად, მაგრამ როგორც ჩანს მან ეს დავალება, მისთვის უფრო სანდო ჩუბინიძეს მისცა. არაა გამორიცხული მან გაიგო გახარიას და ოპოზიციური ლიდერების დაგეგმილ შეხვედრაზე და მას აღარ ენდო“.

„რატომ არ აყენებს თანამდებობიდან დირექტორი გიორგი გახარიას? დიდი სიამოვნებით შეელეოდა, სიტუაციაც ჩაანელებდა და სხვა გახარიას დასვამდა, მაგრამ ჩვენი თვალპაჭუნა ბიჭი სულაც არაა კულულა კობახიძესავით იოლად ხელის შემოსარტყმელი. შსს მინისტრი აპირებს მომხდარის გამოძიებას და მერე შედეგების მიხედვით, ან გადავდგები, ან არაო. კითხვაზე, მან გასცა თუ არა დარბევის ბრძანება, ორაზროვანი პასუხი გასცა, ყველა შემთხვევაში მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჯერ გამოვიძიებო.

ეს გაბრაზებულად ნათქვამი ივანიშვილისკენ უფროა და აი, რატომ.

დარბევის ღამეს „რუსთავი 2-ის“ კამერამ სპეცრაზმთან, ფარების უკან დააფიქსირა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, დღეს - სახელმწიფო დაცვის შეფი ანზორ ჩუბინიძე. თავად გახარია პარლამენტის შენობაში იყო. ის, რომ დარბევა იწყებოდა, რამდენიმე წუთით ადრე, პრემიერმაც არ იცოდა, ჩვენ „ნაცები“ კი არ ვართ, ეგ ვიკადროთო.

ვინ იყო პირი, ვისაც ამის ბრძანება შეეძლო გაეცა? რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი და ამიტომაცაა ისე შეშინებული, რომ სპეცრაზმი გამოიძახა მისი შუშის კოლბის დასაცავად, მაგრამ როგორც ჩანს მან ეს დავალება, მისთვის უფრო სანდო ჩუბინიძეს მისცა. არაა გამორიცხული მან გაიგო გახარიას და ოპოზიციური ლიდერების დაგეგმილ შეხვედრაზე და მას აღარ ენდო. საეჭვოდ ჩაეკითხა კიდეც, ყოვლისმცოდნე „ობიექტივის“ მძინარაშვილი გახარიას, სამი საათი რატომ არ დაიწყე ოპერაცია, სანამ ასე არ გაბრაზდნენ სპეცრაზმელებიო...

ჰოდა, იმას ვამბობდი, ახლა ივანიშვილი გახარიას ბუზსაც ვერ აუფრენს, თუ თვითონ არ გადადგა რაღაც დიდის სანაცვლოდ. გახარიას პირის გაღება მას ძვირად დაუჯდება, თან ჩაიყოლებს ყველას, ტყემალზე შეყვარებული აჩიდან დაწყებული, წმინდა ბიძინას ხატით დამთავრებული.

მარჩენალის კარზე მთლად დალაგებულად რომ არაა საქმე, ამის დანახვას ლუპა არ სჭირდება, თუნდაც მელიას დაპატიმრებისთვის ხმის მიცემის რიტუალიც საკმარისია და გავრილოვის იქ წამოსკუპებით უმრავლესობის გაოცებული ნაწილიც...

კართაგენი, პრაქტიკულად დანგრეულია. ნოტარიუსია მხოლოდ საჭირო.

ერმილე, გესმის ჩემი?! ნეტა რას დავაჭირე ამ დილაადრიან“, წერს ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში.


წყარო: http://guardian.ge


| ბეჭდვა |