ახალი ამბები
"რუსთავი 2" არის ქართველი ხალხის მონაპოვარი დამოუკიდებლობასთან ერთად - გიორგი გუგავა
„დღეს საჩუქრად მიართვეს პუტინს რუსთავი 2“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული“ პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ გააკეთა. მისი თქმით, დღეს ყველას მოვალეობაა, დაიცვას „რუსთავი 2“, რათა სწორედ აქ გადის ქართული დემოკრატია, თავისუფლება და სახელმწიფოებრივი ინტერესები.

„ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ სათქმელი, ეს არის საჩუქარი პუტინს, დღეს საჩუქრად მიართვეს პუტინს რუსთავი 2. თქვენ გახსოვთ განცხადებები რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისა პუტინიდან დაწყებული ლავროვით გაგრძელებული და დუმაში რაც ხდებოდა. ისინი პირდაპირ ითხოვდნენ რუსთავი2 -ის არა მხოლოდ დასჯას, არამედ ითხოვდნენ მიტაცებას და დღეს, სამწუხაროდ, ევროპული სასამართლოს დახმარებით, ეს განხორციელდა“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

გიორგი გუგავას თქმით, „რუსთავი 2“ დასავლური ღირებულებების მატარებელი ტელევიზიაა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

გუგავა ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ხალხის ინტერესების გამტარებელია ქვეყანაში და ის ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვისაც ხელისუფლების გაკონტროლება სურს და ობიექტური ინფორმაციის მიღება სურს.

„რადგანაც, რუსთავი 2 იყო ის პლატფორმა, ის მედია საშუალება, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა, რომელიც უპირისპირდებოდა რუსულ იმპერიულ გავლენებს და პოლიტიკას საქართველოში და სხვა ვერანაირი ფორმით ვერ შეცვალეს მისი დამოკიდებულებები, ის იყო ამავე დროს იმ ღირებულებების მატარებელი, საითკენაც მიისწრაფვის ქართველი ხალხი, დასავლურ ქრისტიანულ ღირებულებებს ვგულისხმობ, და ამავე დროს, ეს იყო მთავარი მაკონტროლებელი ხელისუფლებისა. რუსთავი 2 არის ქართველი ხალხის მონაპოვარი დამოუკიდებლობასთან ერთად, ის წარმოადგენს მის ინტერესებს“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
| ბეჭდვა |