ახალი ამბები
ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველმყოფელი სამოქმედო გეგმა

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

შესავალი

წინამდებარე სამოქმედო გეგმა არის საქართველოს ლეიბორისტული პარტიის შიდა-პარტიული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს პარტიის საქმიანობაში ეროვნული უმცირესობების ჩართვას და პარტიის გააქტიურებას კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ჯგუფების და თემების მიმართ. სამოქმედო გეგმით ასევე გათვალისწინებულია ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი სტრუქტურების ინფორმირებულობის გაზრდა ეროვნულ უმცირესობათა ეფექტური მართვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.


 

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ზოგადი მიზნები სრულ თანხვედრაში მოდის წინამდებარე სამოქმედო გეგმასთან, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ-სამართლებრივი, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს ეროვნულ უცირესობათა ჩართულობის, მათი დაცვის და სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველმყოფელი საერთაშორისო ინსტრუმენტების და მექანიზმების ზოგად პრინციპებს და იდეალებს (ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია, ეუთოს თემატური რეკომენდაციები: ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების ინტეგრაციის ლიუბლიანას სახელმძღვანელო პრინციპები, ლუნდის რეკომენდაციები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური მონაწილეობის შესახებ).

დოკუმენტის შემუშავების დროს საქართველოს ლეიბორისტული პარტია ხელმძღვანელობდა შემდეგი ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე:

  • პოლიტიკური საქმიანობის უფლება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გააჩნია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, თუ რელიგიური აღმსარებლობისა;

 

  • საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები არიან ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, რომელთა ჩართულობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობაში არის დემოკრატიული და სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობა;

 

  • საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს ქვეყნის ტოლერანტული და დემოკრატიული პოლიტიკის მნიშვნელოვან მონაპოვარს;

 

  • ეროვნულ უმცირესობათა დაცვა, მათი სათანადო ინტეგრაცია სამოქალაქო და საერთო ეროვნულ პროცესებში არის მაღალი პოლიტიკური კულტურის განმსაზღვრელი აუცილებელი მახასიათებელი.
| ბეჭდვა |