ახალი ამბები
“ამხელა თანხის გადაყრას გამართლება არ აქვს“ – ლეიბორისტული პარტია თელავის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

2019 წლის ბიუჯეტის ხარჯზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საკურორტო ზონა ბაკურიანში სასტუმროს მომსახურება 6 250 ლარად შეისყიდა. ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული სასტუმრო ბაკურიანში, თელავის ახალგაზრდა საგანმანათლებლო ბანაკს მიმდინარე წლის ბოლოს უმასპინძლებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილების გამო, ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია იმის,რომ ბიუჯეტი არასწორად იგეგმება.

“თუ ნაშთი მორჩათ,ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი არასწორად ფორმირდება. ამ კონკრეტულ ექსკურსიას არანაირი გამართლება არ აქვს”,- განმარტავს ვარდოშვილი.

მისივე თქმით, ბიუჯეტში თანხის უქონლობის გამო, მერიამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გარკვეული ტიპის პაკეტიც კი შეამცირა და ამის ყველაფრის ფონზე, მსგავსი გადაწყვეტილება გაუმართლებელია.

“თავის დროზე,როდესაც შეშით დახმარება შეამცირეს, 300 ლარიდან 100 ლარზე ჩამოიყვანეს და წამლების 50 ლარიანი დახმარება იმ მიზეზით გააუქმეს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არისო, აი, ამ ყველაფრის ფონზე, ამხელა თანხის გადაყრას გამართლება არ აქვს“,- განმარტავს ვარდოშვილი.

წყარო: http://kvira.ge
| ბეჭდვა |