ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი „ქართულ ოცნებას“ სტრასბურგში უჩივლებს

საქართველოში რომ ყველაფერი მოსულა, ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა. სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ლობიოს გამო დააკავეს. „ქრონიკა+“-მა მასთან ინტერვიუ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. ჩხარტიშვილი ამბობდა, რომ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ ხელისუფლება მას დააკავებდა, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ლობიოს გამო დაიჭერდნენ.
მორიგი ინტერვიუ მასთან ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათში ჩავწერეთ. ამ უცნაურ ამბავს ის ახლა ხალისით იხსენებს, თუმცა ამის გატარებას არ აპირებს და სტრასბურგში წასვლას გეგმავს. „ნაციონალების“ ხელისუფლებას სტრასბურგში მან ორჯერ უკვე მოუგო.

რატომ მიდის სტრასბურგში? წაიღებს თუ არა ამიერიდან აქციებზე ლობიოს? რატომ უნდა დადგეს საზოგადოება ოპოზიციასთან ერთად? რატომ არის სახიფათო ერთპარტიული მმართველობა? _ ამ თემებზე ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ „ნაციონალების“ მიერ პოლიტიკური ნიშნით 11-ჯერ დაკავებული თუ წარმოიდგენდით, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დაგაკავებდათ და ეს დაკავებაც პოლიტიკური ნიშნით მოხდებოდა?
_ ვგრძნობდი, რომ, ადრე თუ გვიან, ივანიშვილის ხელისუფლება დამაკავებდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს ლობიოს გამო მოხდებოდა. ეტყობა, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ისეთ აგონიაში არიან, რომ ლობიოს გამო ადამიანების დაკავებასაც კი აღარ ერიდებიან.
ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ ჰგონიათ, რომ ამ დაკავებით შემაშინებენ, ძალიან შემცდარან. „ნაციონალების“ დროს 11-ჯერ დამაკავეს პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ არ გავჩერებულვარ. როგორც კი გარეთ გამოვდიოდი, ეგრევე ვაგრძელებდი ბრძოლას. ვერც ახლა გამაჩერებენ.
როდესაც ხელისუფლება ასეთ დაჭერებზე გადადის, ეს მის აგონიასა და დასასრულზე მეტყველებს. ეს ოპერა, სულ მცირე, სამჯერ მაინც მაქვს ნანახი.
პიროვნული დაპირისპირება არც შევარდნაძესთან მქონია და არც _ სააკაშვილთან, პირადულის გამო არც ივანიშვილს ვუპირისპირდები. მათთან უთანხმოება იმ საკითხებზე მაქვს, რაც ჩემს ქვეყანას ეხება.
ქვეყნის კეთილდღეობისთვის მზად ვარ, რომ კიდევ ჩავჯდე ციხეში. რამდენჯერაც არ უნდა დამიჭირონ, როგორც კი გამოვალ, ეგრევე გავაგრძელებ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. ბოლშევიკური ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას არასდროს შევწყვეტ.
_ თქვენ პატარა წვლილი არ შეგიტანიათ იმაში, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მოსულიყო. ამ ღვაწლისთვის ივანიშვილმა მინისტრის მოადგილის პოსტიც კი შემოგთავაზათ. ერთ დროს თანამებრძოლები იყავით და გული არ დაგწყდათ, რომ ყოფილმა თანამებრძოლმა ციხისთვის გაგიმეტათ?
_ ციხეში მოხვედრა არ გამხარებია, მაგრამ გული არ მტკენია იმის გამო, რომ ეს ივანიშვილის ხელისუფლებამ გააკეთა. „ოცნებასთან“ დიდი ხნის წინ გავწყვიტე ყოველგვარი კავშირი. ჯერ კიდევ 2013 წელს მივხვდი, რომ „ოცნების“ ლიდერი სამართლიანი მმართველი არ იქნებოდა, ისიც კარგად დავინახე, რომ ის დანაპირების შესრულებაზე არც კი ფიქრობდა. ასეთ პირობებში კი არანაირი სურვილი არ მქონდა, რაიმე თანამდებობა დამეკავებინა.
თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ თანამდებობაზე, როცა დავინახავ, რომ მართლა ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას.
როცა თანამდებობა ერთგვარი ქრთამია, მას, უბრალოდ, არ მივიღებ. მე არ ვარ კორუმპირებული და მექრთამე. ამავე მიზეზით ვუთხარი უფრო ადრე უარი სააკაშვილს მინისტრის მოადგილეობაზე.
_ სააკაშვილიც მინისტრის მოადგილეობას გთავაზობდათ?
_ უცნაურია, მაგრამ ისიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს მთავაზობდა. როცა ეს შეთავაზება მივიღე, მაშინ, სულ რაღაც, 24 წლის ვიყავი. ორჯერ ვთქვი უარი, დამეკავებინა მინისტრის მოადგილის პოსტი.
_ თქვენც კაი „ნაციონალი“ ყოფილხართ. აბა, მიშა რატომ შემოგთავაზებდათ მინისტრის მოადგილის პოსტს?
_ „ნაციონალი“ არ ვყოფილვარ, მე ვებრძოდი შევარდნაძის რეჟიმს, ისევე როგორც მოგვიანებით სააკაშვილს დავუპირისპირდი. ახლა უკვე ივანიშვილის რეჟიმთან მიწევს ბრძოლა.
სამივე მათგანს იმის გამო დავუპირისპირდი, რომ ისინი ბოლშევიზმის გზას დაადგნენ. ერთპარტიული მმართველობა ბოლშევიზმში გადადის, ბოლშევიზმი კი ნგრევასა და უბედურებას ნიშნავს.
თუ გვინდა, რომ მომავალში მაინც აღარ იყოს საქართველოში ბოლშევიკური მმართველობა, მრავალპარტიული პარლამენტი უნდა გვყავდეს. ასეთი პარლამენტის არჩევა კი მხოლოდ პროპორციული სისტემით შეიძლება.
ივანიშვილი უარს ამბობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ჯიუტობს და ეს მისთვის ცუდად დასრულდება. მისი წინამორბედებიც ასე ჯიუტობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ თუ არ დათმო, ეს ამბავი რევოლუციით დასრულდება. რევოლუცია კი ძალიან არ მინდა, როგორი მშვიდობიანიც არ უნდა იყოს ის.
მე პროპორციული არჩევნებით მინდა ხელისუფლების შეცვლა. თუ ამ სისტემით ჩატარდება არჩევნები, გარწმუნებთ, არც ერთ პარტიას არ ექნება იმის შანსი, რომ დიდი უპირატესობა მოიპოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ერთპარტიულ მმართველობას მივიღებთ, რაც ამ ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
ერთპარტიული მმართველობა ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფალს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. ძალაუფლება კი ადამიანს რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება _ აბსოლუტურად რყვნის. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ძალაუფლებამ არ გარყვნა, ვაცლავ ჰაველია.
აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. ამას ჩვენი საზოგადოებაც უნდა აცნობიერებდეს. სასურველი იქნებოდა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ჩართულიყო იმ საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც დღეს გვაქვს.
რაც უფრო მეტი ხალხი იქნება გარეთ, მით მალე წავა ხელისუფლება დათმობაზე. ბევრ ხალხს რომ დაინახავს, „ოცნება“ აქტივისტების დაპატიმრებასაც მოერიდება. და რაც მთავარია, საზოგადოება იმიტომ უნდა დადგეს ქუჩაში, რომ საქმე ქვეყნისა და მათ მომავალს ეხება.
მესმის, რომ ვიღაცას იქ „ნაციონალები“ არ მოსწონს, ვიღაცას _ პრორუსული პარტიები. ეს მხოლოდ საბაბია იმისთვის, რომ ქუჩაში არ გამოვიდნენ. ჩემი აზრით, „ნაციონალებისა“ და პრორუსულების აქციაზე დგომა გაცილებით მეტი მოტივაციაა ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად.
_ რატომ არის ეს ხალხის გამოსაყვანი მოტივაცია?
_ ვისაც ეს ადამიანები არ მოსწონს და არ უნდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, გამოვიდნენ და ისინიც ქუჩაში დადგნენ, რათა ასეთი ძალების ხელისუფლებაში მოსვლას ხელი შეუშალონ.
ხალხის განწყობა პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში აისახება, თუ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ასე რომ, ერთად ვიბრძოლოთ პროპორციული არჩევნებისთვის. დაე, პარტიებმა პარლამენტში იმდენი კაცი გაიყვანონ, რამდენ ხმასაც მათ ხალხი მისცემს.
აგონიაში მყოფ ივანიშვილს აღარ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ კიდევ ერთი ვადით ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში. ის და მისი ხელისუფლება საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებენ.
_ ალბათ, მართლა აგონიით აიხსნება ის გარემოება, რომ ადამიანებს ლობიოს გამო აკავებენ, როგორც ეს თქვენს შემთხვევაში მოხდა. თავიდან მეგონა, რომ ლეიბორისტები ხუმრობდნენ, როცა თქვეს, რომ თქვენ ლობიოს აყრის გამო დაგაკავეს. რა პირობებში დაგაკავეს?
_ ჯერ ივანიშვილის აგონიურ მდგომარეობაზე ვიტყვი ორ-სამ სიტყვას: ივანიშვილი რომ აგონიაშია, ეს უკვე რამდენიმე თვეა, აშკარად ჩანს. ბოლო თვეებში მან ბევრი ადამიანი დააჭერინა პოლიტიკური ნიშნით. ეს კი უკვე აგონიას ნიშნავს. თავიდან ცდილობდა, რაღაცით მაინც ყოფილიყო წინამორბედისგან განსხვავებული, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო.
„გავრილოვის ღამის“ უსასტიკესი დარბევის შემდეგ მან დაამტკიცა, რომ სისხლიანი ხელისუფალია და აწი ნუღარ იტყვის, რომ მისი მმართველობის დროს არავინ მოკლეს.
„გავრილოვის ღამეს“ ადამიანებს თავსა და თვალებში ესროდნენ, რაც შეიძლებოდა, სიკვდილით დასრულებულიყო. ის, რომ იმ ღამეს ადამიანები არ დაიღუპნენ, ეს ღვთის წყალობა იყო, თორემ ივანიშვილის ხელით იმ ღამეს რამდენიმე ადამიანია მოკლული. ასე რომ, ისიც სისხლიანი ხელისუფალია.
სააკაშვილს მან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებაშიც მიბაძა. უამრავი ხალხი დააკავეს ბოლო თვეებში, მაგრამ ლობიოს გამო მარტო მე დამიჭირეს.
ივანიშვილს რომ ძალის გამოყენება დასჭირდებოდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო. მან ყველა დაპირების შესრულებაზე უარი თქვა. ასეთ დროს ხალხის ნდობა იკარგება და ხელისუფალი იძულებულია, ძალა გამოიყენოს. მისნაირი აღვირახსნილი მატყუარა ქართულ პოლიტიკაში არ მინახავს. ასეთი მატყუარა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაშიც კი არ მახსენდება.
_ ლობიოს ამბავზე გადავიდეთ და ისიც გვითხარით, თუ რატომ წაიღეთ აქციაზე ლობიო?
_ ლობიოს გამოყენებას სულ სხვა ვითარებაში ვაპირებდი, მაგრამ მოძალადე ხელისუფლებამ გეგმის სისრულეში მოყვანა არ მაცალა.
დავინახე, როგორ ძალადობდა პოლიცია აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე, ჩემ გვერდით მდგომი ერთი გოგონა ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან პოლიციელებს. ჟურნალისტები ჭყლეტაში მოაყოლეს. ჩვენ, პრაქტიკულად, გადაგვიარეს.
ამ ყველაფერმა ძალიან გამაბრაზა და გადავწყვიტე, რამე ფორმით გამომეხატა პროტესტი. თან წაღებული მქონდა უმი ლობიო და ამ უკანონობის გასაპროტესტებლად მარცვლები ჰაერში ავყარე.
უამრავი თვითმხილველია მოწმე იმისა, რომ მე ლობიო ჰაერში ავყარე და არავისთვის შემიყრია სახეში. ამის მიუხედავად, დამაკავეს.
სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ დამაკავებდნენ, მაგრამ, ეტყობა, ჩემთან დაკავშირებით ივანიშვილი დიდი ხანია, კბილებს ილესავს და როგორც კი დაკავების შანსი მიეცათ, დამაკავეს.
ლობიოს გამო თუ დამაკავებდნენ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ლობიოს აყრა კანონის დარღვევა არ არის. ლობიოს გამო ჩემი დაკავება „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება. „ნაციონალებს“ ორჯერ მოვუგე სტრასბურგში სასამართლო. ამ საქმესაც წავიღებ სტრასბურგში და მაინტერესებს, როგორ გაიმართლებენ თავს ევროპის წინაშე. სად გაგონილა, ადამიანს აქციაზე ჰაერში ლობიოს აყრის გამო აკავებდნენ?!
აბსურდის თეატრში მეგონა თავი, როდესაც სამართალდამცველებმა ლობიოს დალუქვის პროცესს დამასწრეს.
_ ამას იმედია, ხუმრობით ამბობთ.
_ სრული სერიოზულობით გეუბნებით. ჯერ ლობიოს დალუქვას დამასწრეს. მერე ეს დალუქული ლობიო სასამართლოზე ნივთმტკიცების სახით წარმოადგინეს.
შემდეგ მოსამართლე ფილიშვილმა, რომელიც, თავის მხრივ, არის მონის მონა, პატიმრობა მომისაჯა.
_ მონის მონა რატომ არის ფილიშვილი? რას გულისხმობთ?
_ ფილიშვილი არის მურუსიძის მონა. მურუსიძე კი, თავის მხრივ, ივანიშვილის მონაა. ამიტომ არის ბატონი ვალერიანე მონის მონა.
ამ ლობიოს გამო კი გამატარებინეს რვა დღე საპატიმროში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციაზე ლობიოს აღარ წავიღებ.
_ კიდევ უნდა აყაროთ ლობიო ჰაერში?
_ მოვიფიქრებ რამეს. ლობიოს აუცილებლად გამოვიყენებ საპროტესტო აქციის დროს. არც მის ჰაერში აყრას მოვერიდები.
_ ლობიოს ნაცვლად სტაფილო რომ წაიღოთ და ის აყაროთ ჰაერში? ივანიშვილს უყვარს სტაფილო და ამის გამო შარს ვეღარ მოგდებენ.
_ სტაფილოს გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ისევ ლობიო სჯობს. ლობიო ძალიან კარგი და სასარგებლო პროდუქტია. სამწუხაროა, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილს მის საყიდლად ფული არ აქვს.
ლობიოს არაფერს ვერჩი, მაგრამ უმი ლობიო მონების საჭმელია და ამიტომ ავყარე მაშინ ჰაერში. მე მონებად მივიჩნევ ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონო ბრძანებებს ასრულებს.
მონაა ვალერიანე ფილიშვილი, რომელიც ყველა აქტივისტს პატიმრობას უფარდებს. მონაა თეა წულუკიანი, რომელმაც ჯერ საკუთარ პარტიას უღალატა და ახლა ქვეყანას ღალატობს, იმიტომ რომ იმ ერთ კაცს ასიამოვნოს. მონაა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კრიმინალებს იწყალებს.
_ რატომ იწყალებს მარტო კრიმინალებს? _ ღამის 11 საათზე ლობიოს საჭმელადაც დადის. ისე, ეგ რატომ არ დაიჭირეს? ქალი ღამის 11 საათზე ლობიოს რომ შეჭამს, დასაჭერია, აბა, რა არის…
_ ლობიოს ჭამა დანაშაული არ არის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი დამსახურებულად გაატარეს სირცხვილის დერეფანში. მას არ შერცხვა და ლობიოს საჭმელად წავიდა იმ დროს, როცა რუსთაველზე დარბეული ახალგაზრდები აქციას მართავდნენ. თან სადმე შორს კი არ წავიდა, იქვე მაჩაბლის ქუჩაზე დაჯდა სალობიეში.
ლობიოს პოლიტიკური პროტესტის გამოსახატავად კიდევ გამოვიყენებ და თუ უნდათ, ისევ დამიჭირონ, მე დაჭერის არ მეშინია.
ოფიციალური ვერსიით, მთლად მარტო ლობიოს აყრისთვის არ ვარ დაკავებული, პოლიცია გზის გადაკეტვის გამოც მედავება. მაგათ რომ ჰკითხო, ყარამან ყანთელი ვარ, რადგანაც მარტოს გადამიკეტავს გზა.
არადა, თავად პოლიციას ჰქონდა სინამდვილეში გზა გადაკეტილი. იმ აქციაზე სამასი პოლიციელი იყო და _ ამდენივე აქციის მონაწილე. იმის გამო, რომ პოლიციამ გზა გადაკეტა, ჩვენ, ფაქტობრივად, ალყაში აღმოვჩნდით.
აქციის დროს ჩემ მიმართ არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა. არავის მოუწოდებია ჩემთვის, რომ გზიდან გადავსულიყავი, ამიტომ ჩემი დაკავება სრული უკანონობა იყო.
სააკაშვილს ივანიშვილმა იცით, რაში გასწრო კიდევ? _ ლობიოს აყრის გამო დააკავა ადამიანი, რომელიც ადვოკატის გარეშე გამასამართლეს. ამასთან, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ მომცეს.
_ ადვოკატის გარეშე როგორ გაგასამართლეს?
_ ადვოკატს ჯერ ჩემი თავი დაუმალეს. დაკავებიდან, სულ მცირე, საათ-ნახევრის მანძილზე არსად მარეკინებდნენ. დიდი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, დამარეკინეს ადვოკატთან. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ქალაქში არსებული საცობების გამო ადვოკატი დროზე ვერ მოახერხებდა დიღომში პოლიციის სამმართველოში გამოსვლას.
ადვოკატი პოლიციის სამმართველოში დროზე მოვიდა, მაგრამ შიგნით არ შემოუშვეს. იმისთვის, რომ მას არ შევხვედროდი, ეგრევე გადამიყვანეს სასამართლოში.
სასამართლოზე მოსამართლემ დარბაზიდან გამაძევა. ადვოკატთან ჩემი შეხვედრა ისევ ვერ მოხერხდა. ადვოკატმა, რეალურად, არ იცოდა, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, მას ეს მხოლოდ ტელევიზიით ჰქონდა ნანახი. ტელევიზიები, ბუნებრივია, ყველაფერს ვერ გადაიღებდნენ. მას ჩემგან უნდა გაეგო სიმართლე. ჩვენ დალაპარაკების უფლებაც კი არ მოგვცეს.
თერთმეტჯერ ვიყავი დაკავებული სააკაშვილის დროს, მაგრამ არ მახსენდება, რომ როდესმე ადვოკატის გარეშე გავესამართლებინე. ასეთი რამ არც სხვებზე გამიგია. ბოლშევიკების დროს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეტყობა, ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, დამოუკიდებელ საქართველოში ბოლშევიკური მმართველობა შემოიღოს.
ისიც უცნაურია, აქციებზე დაკავებულების საქმეებს, მაინცდამაინც, ვალერიანე ფილიშვილი რატომ იხილავს? ეტყობა, ივანიშვილის მოსამართლეებსაც აღარ ენდობა ბოლომდე. ეს უკანასკნელი კი მის ნდობას ამართლებს. დაკავებულთა 80%-ს მან ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ინკვიზიციის დროს იყო, ადამიანებს მტკიცებულებების გარეშე რომ ასამართლებდნენ. მეც ასე გამასამართლეს.
ჩემს ადვოკატს მტკიცებულებების მოსაპოვებლად მხოლოდ სამი საათი მისცეს. რაკი მას ჩემთან გასაუბრების უფლება არ მისცეს, ის იძულებული იყო, ტელევიზიებში წასულიყო და მათთვის ეთხოვა აქციაზე გადაღებული მასალა. ამის გაკეთებაც ვერ მოხერხდა. ქალაქში ისეთი საცობები იყო, მარტო ერთ ტელევიზიამდე მისასვლელად დასჭირდებოდა სამი საათი.
პოლიციელებს არ აღმოაჩნდათ სამხრე კამერები, არადა გარშემო ათეული პოლიციელი იდგა.
მე გამასამართლეს რამდენიმე ცრუ მოწმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე. არც კი შერცხვათ, ისე ჩამითვალეს ლობიო იარაღად. კიდევ კარგი, ბიოლოგიური იარაღის კვალიფიკაცია არ მიანიჭეს.
გასაჩივრების უფლება არ მომცეს, მაგრამ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, სტრასბურგამდე მივალ და ამის გამოც ვაგებინებ ივანიშვილის რეჟიმს პასუხს.
ლობიოს დიქტატორ ივანიშვილს მინდა ვუთხრა, რომ დაჭერებით უმ ლობიოზე გაზრდილი კობახიძეები და თალაკვაძეები შეაშინოს.
ასევე შეაშინოს ჯერ კიდევ სააკაშვილის მონები _ მურუსიძე და ჩინჩალაძე, რომლებიც წინა რეჟიმს ემსახურებოდნენ და პირადი ინტერესებით მოქმედებდნენ. დაჭერებით ჩემი შეშინება სასაცილოა.
დაჭერის არც სხვა აქტივისტებს ეშინიათ, მაგრამ სასურველია, თუკი ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება. ამის აღკვეთა მხოლოდ ხალხმრავალი აქციებით არის შესაძლებელი. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მით მალე დადგება შედეგი.
ის, რამაც მთელი ოპოზიცია გააერთიანა, ყველას ეხება. ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის და დემოკრატიული არჩევნებისთვის.
სახლში ჯდომა და იმის ლოდინი, რომ სხვა გააკეთებს შენს გასაკეთებელს, ულამაზო საქციელია.
ძალიან მალე დაანონსდება აქცია, რომელიც იმ მოსამართლეების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვისაც ივანიშვილი უვადოდ უპირებს გამწესებას. ეს მოსამართლეები ჯერ სააკაშვილის დავალებებს ასრულებდნენ, ახლა კი სააკაშვილის მონებად მუშაობენ.
ასეთი მოსამართლეების ხელში სამართლიანი სასამართლო ვერ გვექნება. სასამართლო როცა უსამართლოა, იქ ქვეყანაც უსამართლოა. სადაც სამართალი არაა, იქ არც მშვიდობაა. ასე რომ, ყველანი უნდა გამოვიდეთ და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის. ამას ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. ლობიოს დიქტატორი უნდა გავუშვათ და ერთპარტიული მმართველობაც ზედ მივაყოლოთ.

წყარო: http://qronikaplus.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ როგორც სჩანს დაიწყო გლობალური ანტიპარტიული პროპაგანდის ახალი
ტალღა.შორს ვარ იმ აზრიდან ,რომ ეს ხელისუფლების დაკვეთილი
პიარ–სტრატეგიაა.
20.02.2020

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ როგორც სჩანს დაიწყო გლობალური ანტიპარტიული პროპაგანდის ახალი ტალღა.შორს ვარ იმ აზრიდან ,რომ ეს ხელისუფლების დაკვეთილი პიარ–სტრატეგიაა.

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ქოცები და მათი ქვეგანყოფილებები აქამდე ხომ სულ მაგას
დაგვჩხაოდნენ, ნაცებთან ხართ შეკრულები, ისინი გაფინანსებენ, გაჭმევენ
და გაცმევენო. საამისოდ, ყველა მიცვალებულს აღვიძებენ და თუ არ
გაახსენე, არც უნდათ გაიხსენონ, მათი მარჩენალი, წინა ცხოვრებაში რომ
ნაცების მარჩენალი იყო და მათი უმეტესობა_ უმაღლესი თანამდებიბის
პირიდან დაწყებული, ფეისმაგინებლებით დამთავრებული, მიშას ფანები და
მომღერლები.
20.02.2020

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ქოცები და მათი ქვეგანყოფილებები აქამდე ხომ სულ მაგას დაგვჩხაოდნენ, ნაცებთან ხართ შეკრულები, ისინი გაფინანსებენ, გაჭმევენ და გაცმევენო. საამისოდ, ყველა მიცვალებულს აღვიძებენ და თუ არ გაახსენე, არც უნდათ გაიხსენონ, მათი მარჩენალი, წინა ცხოვრებაში რომ ნაცების მარჩენალი იყო და მათი უმეტესობა_ უმაღლესი თანამდებიბის პირიდან დაწყებული, ფეისმაგინებლებით დამთავრებული, მიშას ფანები და მომღერლები.

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ სრულიად მეოცნებეობა, თავის ჯიბის ტიპებიანად, მძიმე აღშფოთებას
გამოთქვავს მასზედ, შალვა ნათელაშვილი ადრე რომ აგინებდა გიგი
უგულავას. ამბობენ, ახლა გვერდით რატომ დაუდგაო?!
20.02.2020

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ სრულიად მეოცნებეობა, თავის ჯიბის ტიპებიანად, მძიმე აღშფოთებას გამოთქვავს მასზედ, შალვა ნათელაშვილი ადრე რომ აგინებდა გიგი უგულავას. ამბობენ, ახლა გვერდით რატომ დაუდგაო?!

ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ერთადერთი,
ვინც ამ საშინელებას „გმირულად“ გაუმკლავდა, „ქართული ოცნება“ იყო.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ხანძარი
გაჭირვებასთან არაფერ კავშირშია; რომ საქართველოში, თურმე, ბავშვები
არ შიმშილობენ და თუ შიმშილობენ, ეს მხოლოდ ოპოზიციის ბრალია. ამ
ურცხვმა განცხადებებმა ხელისუფლების მომხრეებიც კი გააღიზიანა.
20.02.2020

ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ერთადერთი, ვინც ამ საშინელებას „გმირულად“ გაუმკლავდა, „ქართული ოცნება“ იყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ხანძარი გაჭირვებასთან არაფერ კავშირშია; რომ საქართველოში, თურმე, ბავშვები არ შიმშილობენ და თუ შიმშილობენ, ეს მხოლოდ ოპოზიციის ბრალია. ამ ურცხვმა განცხადებებმა ხელისუფლების მომხრეებიც კი გააღიზიანა.
ვიდეოები
1