ახალი ამბები
ნიკოლოზ ვარდოშვილი: „ირაკლი ქადაგიშვილმა გუბერნია პროფილაქტიკად გადააკეთა“

„ქრონიკა+“ ესაუბრა ლეიბორისტული პარტიის კახეთის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ვარდოშვილს. აღმოჩნდა, რომ კახეთი კვლავ ლიდერობს სამთავრობო ავტომობილებისთვის გამოყოფილი ხარჯების ციფრებით.

_ მაშინ, როცა კახეთში ადამიანებს საარსებო პურიც არ გააჩნიათ, არ აქვთ სათბობი შეშა, გვყავს ათიათასობით სოციალურად დაუცველი, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გუბერნია პროფილაქტიკად გადააკეთა.
_ კონკრეტულად?
_ ლეიბორისტები ქადაგიშვილს ვპირდებით, რომ მისი შემდეგი სამსახური „ხადავშიკობა“ იქნება. ახლა კი უფრო სერიოზულად და დეტალურად მინდა ავუხსნა თქვენს მკითხველს, რა ხდება ამ მილიონად შეფასებულ პროფილაქტიკაში:
დღევანდელი მდგომარეობით კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, არადა, კახეთის გუბერანატორი თავისი ნაზირ-ვეზირებით იმდენ ბენზინს წვავს ავტომობილებში, რომ ამ თანხით, ალბათ, 10 ავტობუსს ვიყიდიდით. სწორედ ამდენი სიარულის გამო ავტომობილები უცვდებათ და მათ შეკეთება სჭირდება.
_ რა უჯდება ბიუჯეტს ამ ავტომობილების შეკეთება?
_ არც მეტი _ არც ნაკლები, მილიონის მეხუთედი…
_ დაზუსტებულად იცით?
_ რა თქმა უნდა ამის დასტურია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ა. წ. 5 დეკემბრით თარიღდება. იქ ქადაგიშვილის „ცეხი“ ითხოვს, რომ სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებაში კახეთის მოსახლეობამ 209 308, 90 ლარი უნდა გადაიხადოს.
ეს იცით, რომელი გუბერნატორია? _ მთელი ქვეყანა დავითგარეჯის დასაცავად რომ ფეხზე დავდექით და ის არამც თუ ჩავიდა იქ, არამედ განცხადებაც კი არ გააკეთა. რა იქნებოდა, ერთი 20 ლიტრი ბენზინი ამ საქმისთვისაც მოეხმარებინა და ჩასულიყო გარეჯში! აი, ასეთია ე. წ. ეროვნულ მოძრაობის სახელით მებრძოლი გუბერნატორის პოზიცია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კერაზე.
_ ხომ არ აზვიადებთ?
_ ფაქტია, არ ჩასულა! და ფაქტია, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გუბერნატორი გვთხოვს, რომ მისი შავი „პრადოს“ „პაჩებნიკებისა“ და „რაზვალის ტულკების“ ცვლაში კახელებმა ორასიათასები ვიხადოთ.
_ ბატონო ნიკოლოზ, თქვენ გამოეხმაურეთ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ აქტივობას, რომელიც 20 პერსონისთვის ბაკურიანში ექსკურსიას მოიცავს?
_ დიახ, ასეა, მათ გამოაცხადეს 7000 ლარად ღირებული ტენდერი და ამ ფაქტს იმით ამართლებენ, რომ ბიუჯეტში ე. წ. ნაშთი, აუთვისებელი თანხა დარჩათ. პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც წლის დასაწყისში ვამბობდი, რომ ბიუჯეტი არასწორად ფორმირდებოდა, ამით დასტურდება დღეს ჩემი ნათქვამი. ბიუჯეტში თითოეული თეთრი უნდა იყოს მკაცრად გაწერილი და გაანგარიშებული. დღეს კი, როდესაც თელავის მუნიციპალიტეტში 7000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და ამ მოქალაქეებს მერიამ თანხის არარსებობის გამო, ერთჯერადი 50-ლარიანი დახმარება გაუუქმა მედიკამენტებისთვის, იმ დროს, როდესაც სათბობი შეშით დახმარება 300 ლარიდან ჩამოიყვანეს 100 ლარზე, იგივე მიზეზით, თანხების არარსებობის გამო, ჩემი აზრით, შვიდი თასი ლარის გადახდა რაღაც ექსკურსიებზე გაუმართლებელია. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ახალგაზრდები მიჰყავთ, რომელთაც კარგი მოსწრება ჰქონდათ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისთვის თავად უნივერსიტეტს შეუძლია დაუნიშნოს მათ სტიპენდია ან წაახალისოს ისინი.
რა შუაშია მერია და უნივერსიტეტი? უნივერსიტეტი არის სიპი, რომელიც განათლების სამინისტროს ექვემდებარება, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის მერია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ცალკე ბიუჯეტი და კონკრეტული მოქმედების გეგმა აქვს თვითმმართველობის კოდექსით.
მაგრამ მე მაინც მაინტერესებს, _ რომელი ბავშვი წავა ასეთ ექსკურსიაზე, როცა 2019 წლის ზაფხული უმძიმესი იყო და სტუდენტებს თვალები დასთხარეს რუსთაველზე? თქვენ ვინმეს გჯერათ, რომ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს არ ექნებათ სოლიდარობის განცდა? რა თქმა უნდა, ისინი სოლიდარულები იქნებიან!
_ აბა, ვინ არის ის 20 ადამიანი?
_ მაგ ამოცანის ამოხსნა თავად მუნიციპალიტეტს მივანდოთ და დაველოდოთ შედეგებს!
_ რას ურჩევდით მუნიციპალიტეტს?
_ ლეიბორისტები მოვუწოდებთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, უსაქმურობის გამო, კომპიუტერულ თამაშ „ზუმით“ გადაღლილ მომუშავე „ქოცებს“, გააუქმონ ეს რაღაც მავნებლური ტენდერი და თანხა იმ გაუბედურებულ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე მიმართონ, რომელიც ახალ წელს მათი უსაქმურობისა და „ზუმის“ თამაშის გამო მშივრები დარჩებიან. თორემ ხალხის მღელვარება იმ ზომამდეა მისული, რომ კეტებით გამორეკავენ საკუთარი კაბინეტებიდან და იმ სიმღერისა არ იყოს, ბაკურიანიც უკან დარჩებათ, თხილამურებიც და თოვლში სრიალიც!
_ უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რა განწყობა და ვითარებაა რეგიონში?
_ კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ: თელავში არსებობს ე. წ. ლეგიონის დასახლება, ანუ სამხედრო ქალაქი, სადაც ცხოვრობენ ყველაზე გაჭირვებული ადამიანები, უფრო სწორად, არსებობენ, რადგან მათ ყოფიერებას თუ ნახავთ, ამას ცხოვრებას ვერ დაარქმევთ. გაგაცნობთ მაყვალა ვალაშვილს: იგი მრავალშვილიანი დედაა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაჰპირდნენ, რომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადასცემდნენ ბინას, მაგრამ არამცთუ ბინა გადასცეს, არამედ სოციალური დახმარება შეუჩერეს იმ მიზეზით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მიცემული 100 ლარი შეშისთვის არ ეყო და დენის გამათბობელი ჩართო, რომელიც სამი თვის ანგარიშით სულ 60 ლარს შეადგენდა. არადა, ქალს საავადმყოფოში ეწვა ბავშვები მძიმე დაავადებით და სწორედ ამ დროს გამოიძახეს სოციალურ სამსახურში, რომ დახმარების შეწყვეტაზე ხელი მოეწერინათ! ამაზე დიდი მავნებლობა და შეუბრალებლობა რაღა გინდათ?!

წყარო: http://qronikaplus.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები