ახალი ამბები
ბეჟან ნათელაშვილი: „ხელისუფლება თავს იგიჟიანებს, რომ ციხეს გადაურჩეს“

ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ერთადერთი, ვინც ამ საშინელებას „გმირულად“ გაუმკლავდა, „ქართული ოცნება“ იყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ხანძარი გაჭირვებასთან არაფერ კავშირშია; რომ საქართველოში, თურმე, ბავშვები არ შიმშილობენ და თუ შიმშილობენ, ეს მხოლოდ ოპოზიციის ბრალია. ამ ურცხვმა განცხადებებმა ხელისუფლების მომხრეებიც კი გააღიზიანა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაადეკვატურ შეფასებებს აკეთებენ. ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბეჟან ნათელაშვილი, მიიჩნევს, რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რა კატასტროფაა ქვეყანაში, მაგრამ თავს იგიჟიანებენ, რადგან ეს თავის დასაცავად სჭირდებათ.

რას უკავშირდება ხელისუფლების არაადეკვატურობის მაღალი ხარისხი? ემუქრება თუ არა ოპოზიციურ ერთობას დაშლის საფრთხე და ვინ დარჩება ასეთ შემთხვევაში დაზარალებული? რატომ ვერ გარისკავს ივანიშვილი არჩევნების ტოტალურ გაყალბებას? _ ამ თემებზე ბეჟან ნათელაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ იმ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც ბაღდათში დატრიალდა, მთელი საქართველო შეძრა. ცოცხლად დაიწვა 6 ადამიანი, მათ შორის, ორსული ქალი და მისი ოთხი შვილი. ამ ტრაგედიას „ოცნების“ ლიდერების მხრიდან საზიზღარი შეფასებები მოყვა. მათ შეფასებებზე რას იტყვით?
_ „ქართული ოცნების“ შეფასებებს როცა ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს პარტია დიდი ფსიქიატრიული კლინიკაა, რომლის პალატებში მყოფებიც ამტკიცებენ, მე აინშტაინი ვარ, მე _ ნაპოლეონი, მე _ მაკედონელი. არც ისაა ადეკვატურობის გამოვლინება, როდესაც საკუთარი პარტიის ლიდერს ილია ჭავჭავაძესა და ექვთიმე თაყაიშვილს ადარებენ. ესენი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგა, მათ ფსიქიატრიული კლინიკაც კი არ მიიღებს. ისინი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე საშიშები არიან ქვეყნისთვის. ისინი საავადმყოფოში არიან და ქვეყანას არაფერს უშავებენ, ესენი კიდევ მთავრობასა თუ პარლამენტში სხედან, ხალხს აუბედურებენ და ქვეყანას ანგრევენ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველო ფსიქოპათების, სადისტების, მანიაკების, მკვლელებისა და ყველაფერზე წამსვლელი ხალხის ხელშია, საქართველოს მოსახლეობა კი ამ ფსიქოპათების მძევალია. საქართველოს სახელმწიფოს ყველა ნიშანი მოუსპეს და ახლა უკვე ფიზიკურ ტერორსა და განადგურებაზე გადავიდნენ. ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს სათავეში, რომელიც გალახული ადამიანების წინააღმდეგ იწყებს გამოძიებას ძალადობის მუხლით. ასე აღუძრეს საქმე ლევან ხაბეიშვილს. რა უნდა ვილაპარაკო, როდესაც ჰაერში ლობიოს აყრის გამო ადამიანებს აკავებენ? ამისთვის ჩვენი ლაშა ჩხარტიშვილი დაიჭირეს. ლაშას ახლა მეთოთხმეტედ ემუქრება პატიმრობა.
_ მეთოთხმეტედ რატომ?
_ „ნაციონალების“ დროს ლაშა 11-ჯერ იყო დაკავებული. ამათ უკვე ორჯერ დააკავეს. ახლა მესამე საქმე აღუძრეს ვიღაც კერძო მევახშისა და მისი ადვოკატის ცრუ ჩვენების გამო, თითქოს მას ლაშა ემუქრებოდა. არადა, ჩხარტიშვილი იმ ადამიანს იცავდა, რომელიც მევახშის მოთხოვნით ბინიდან უნდა გამოესახლებინათ.
_ ისევ სოციალურ მდგომარეობას დავუბრუნდეთ. რა სინდისით და ნამუსით ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ არავინ შიმშილობს? ვერ ხედავენ, ადამიანები ნაგვის ბუნკერებში რომ ეძებენ საჭმელს?
_ ტყუილად კი არ გითხარით, ფსიქიატრიულის პაციენტებს ჰგვანან-მეთქი. იმ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი, ამ მოღალატეებთან რომ მომიწია მათმა შედარებამ. „ქართული ოცნების“ წევრთა ქმედებები, გნებავთ, განცხადებები, არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. ხშირად მიჩნდება ეჭვი, რომ ესენი შეგნებულად თამაშობენ გიჟობანას.
_ რატომ უნდა ითამაშონ?
_ იმიტომ, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდნენ და თავი გადაირჩინონ. ასე ბევრი კრიმინალი იქცევა. ესენიც ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და რა გასაკვირია, რომ ასეთ ხერხს მიმართონ.
_ რისგან ან ვისგან უნდა გადაირჩინონ თავი?
_ პატიმრობისგან. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამას გაფორმებაღა სჭირდება, რასაც ხელისუფლებაშიც ხვდებიან. კარგად იციან, რაც აქვთ ჩადენილი და ამაზე პასუხი მოეთხოვებათ.
_ კვლევის თანახმად, საქართველოში 77.000 ბავშვი შიმშილობს. ბევრს უჭირს ამის დაჯერება. თქვენ გჯერათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენ ბავშვს საჭმელი არ აქვს?
_ მჯერა და მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი შიმშილობს. ირგვლივ მიმოვიხედოთ და ვნახავთ, თუ როგორ იკვებებიან ადამიანები. ავიღოთ რომელიმე გარემოვაჭრე, რომელიც ბუშტებს, ტკბილეულს ან მწვანილს ყიდის _ რა უნდა იშოვოს ამის გაყიდვით, რომ თავისი შვილები ელემენტარულად დაანაყროს, ხორციანი საჭმლის მომზადებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია?! დარწმუნებული ვარ, 77.000-ზე მეტია მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საჭირო კვების რაციონის 50%-ზე ნაკლებსაც კი ვერ ღებულობენ. ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები მილიონებს ხარჯავენ რესტორნებში.
_ ბავშვებზე არანაკლებ მძიმე დღეში არიან პენსიონერები. განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც არავინ ჰყავთ და პენსიით უწევთ თავის გატანა?
_ პენსიონერების მდგომარეობაც აუტანელია. ბოლო პერიოდში მანქანას აღარ ვიყენებ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიწევს სარგებლობა. ძალიან მძიმე ამბების მომსწრე ვხდები ყოველდღე. იმ დღეს ავტობუსში კონტროლიორი მოხუც ბებოს აჯარიმებდა, რომელსაც საპენსიო ბარათზე ანგარიში გასთავებია და ბილეთი ვერ აიღო. ყველას შეეცოდა ბებო, ატეხეს მგზავრებმა ერთი ამბავი და კონტროლიორი საშინელ დღეში ჩააგდეს. იმანაც რა ქნას, ათასი ვიღაც აკონტროლებს. უბილეთო მგზავრს თუ არ დააჯარიმებს, სამსახურს დაკარგავს და საერთოდ უსახსროდ დარჩება.
ყველაფერში სისტემაა დამნაშავე. ეს სისტემა მთლიანად უნდა დაინგრეს. სიტუაცია ისეა მომწიფებული, ხალხმა ხელიც რომ არ გაანძრიოს, მარტო საგარეო ფაქტორი წალეკავს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ ხელისუფლებას.
_ საგარეო ფაქტორი მნიშვნელვანია და ოპოზიციის აქტიურობაც, მაგრამ ხალხის ჩართულობაც საჭიროა. ხალხი კი მაინც არ აქტიურობს. ეს რისი ბრალია? რატომ ვერ ახერხებთ მათ აყოლიებას?
_ არ მომწონს, ჩვენი მოსახლეობა ასე რომ იტანს ყველაფერს, მაგრამ მათიც კარგად მესმის. ადამიანები დაატერორეს, დატროლეს და პროტესტის ხალისი დაუკარგეს. ჩვენი ბუნებაც რაღაცნაირია. ბევრი რამის ატანა და მოთმენა შეგვიძლია. განსაკუთრებით სოციალურ თემებზე არ გვიყვარს პროტესტის გამოხატვა, თითქოს გვრცხვენია, ფასების გაზრდა რომ გავაპროტესტოთ. დიდი ხნის განმავლობაში ვართ ჩუმად, მაგრამ მერე შეიძლება რაღაც უმნიშვნელო ამბავზე ვულკანივით ავფეთქდეთ. ასეთ შემთხვევაში ხალხს აღარც ლიდერი სჭირდება _ ყველაფრის ორგანიზებას თავად აკეთებს. ასეთი იყო „გავრილოვის ღამე“. იმ ღამეს ხალხი საკუთარი ინიციატივით გამოვიდა რუსთაველზე. ჩვენმა საზოგადოებამ ვერ აიტანა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა. ამ სირცხვილისა და ღალატის გასაპროტესტებლად ათეულობით ათასი კაცი გამოვარდა. ოპოზიციას მაშინ არავისთვის მოუწოდებია, რუსთაველზე მოდითო.
_ მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლებაც შეშინდა. შეშინებულებმა მაგიტომ გადმოაგდეს დაპირება, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებაო. საკმარისი იყო, საპროტესტო მუხტი ჩამცხრალიყო, რომ ეს დანაპირები უკან წაიღეს.
_ ივანიშვილმა ამით სამუდამოდ დაისხა თავზე ლაფი. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის ნდობა აღარ შეიძლება.
_ არჩილ თალაკვაძე ამბობს, პროპორციულის საკითხი იმიტომ ჩავაგდეთ, რომ ოპოზიციამ პიკეტირება დაიწყოო. ამ შეფასებაზე რას გვეტყვით?
_ ხომ გითხარით, გიჟობანას თამაშობენ-მეთქი. არჩილ თალაკვაძე ამ თამაშში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მამუკა მდინარაძეც კარგად ასრულებს არაადეკვატურის როლს. კულულებიანი ბიჭი რომ ჰყავთ, ისიც მაგარია ამ ამბავში. კობახიძეზე მოგახსენებთ. ეგ ახალგაზრდა მართლა ცალკე მოვლენაა. ეგ კიდევ ბევრ საშინელებას იტყვის. მას არც სხვები ჩამორჩებიან, რაც მათვე მიუბრუნდება ცუდად. ხალხი უკვე ამათ დანახვაზეც კი ღიზიანდება.
_ საგარეო ფაქტორზეც ვისაუბროთ. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე პირველმა საუბარი შალვა ნათელაშვილმა დაიწყო. ამის გამო მას დასცინოდნენ კიდევაც. ახლა სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრობს ყველა. დაუწესებენ „ოცნების“ ლიდერს სანქციებს?
_ ისე მიდის საქმე, რომ ოლიგარქი საერთაშორისო თანამეგობრობის რისხვას ვერ გადაურჩება. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამბობდა, რომ ივანიშვილი დაღუპავდა ქვეყანას, მაგრამ ვინ დაგვიჯერა? ასევე იყო სანქციების შემთხვევაშიც. ამ წლების მანძილზე ძალიან სერიოზული ვიზიტები ჰქონდა ამერიკაში შალვა ნათელაშვილს. თითოეულ ჩასვლაზე ათზე მეტ სენატორსა და კონგრესმენს ხვდებოდა ჩვენი პარტიის ლიდერი. შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. აცნობდა მათ საქართველოში არსებულ ვითარებას. უყვებოდა არაფორმალურ მმართველზე. ახლა ამერიკაშიც ბევრი საუბრობს, რომ სანქციების დაწესება აუცილებელია ოლიგარქისთვის. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს შალვა ნათელაშვილის სწორი მუშაობის შედეგია. სანქციები რომ იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. კარგი იქნებოდა, სანქციებზე საუბარი ცოტა ადრე დაწყებულიყო. ივანიშვილს ბევრად ადრე შეაკვეცდნენ ფრთებს და არც მაკო გომური დაკარგავდა თვალს.
_ ისიც ვთქვათ, რომ მაშინ ნათელაშვილის განცხადებებზე ოპოზიციაც იცინოდა და ბიძინა ივანიშვილს ჩუმად ეკურკურებოდა.
_ რაც იყო, იყო. მთავარია, ახლა ყველა ერთ აზრზე ვართ. ყველა პარტია ხედავს, რომ პრინციპულობაა საჭირო. პრინციპულები და შეურიგებლები თუ არ ვიქნებით, ამ მანიაკებისგან და ვანდალებისგან ქვეყანას ვერ გამოვიხსნით. მანიაკები ხომ არიან და არიან, მაგრამ, ჩემი აზრით, „ოცნება“ და მისი ლიდერი ცოტა მაზოხისტებიც უნდა იყვნენ.
_ მაზოხისტები რატომღა არიან?
_ კარგად იციან, რაც ელოდებათ იმისთვის, რასაც ახლა აკეთებენ, მთელი ცხოვრება მოუწევთ ამაზე პასუხისგება, მაგრამ მაინც არ იშლიან თავისას. მაზოხისტები არიან, აბა, რა არიან?
სხვათა შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საუბარიც პირველებმა ჩვენ დავიწყეთ. არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვითხოვდით. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ბევრი მხარდამჭერი არ გამოგვიჩნდა. ამ სიმახინჯის წინააღმდეგ ადრევე რომ დაგვეწყო ბრძოლა, დღეს ეს სისტემა შეიძლებოდა, უკვე გაუქმებული ყოფილიყო და ხალხს ხმებს ვეღარ მოჰპარავდნენ.
_ მართლა პირველები იყავით მაჟორიტარების წინააღმდეგ ბრძოლაში. შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარებს სულ პარლამენტში დადებულ ფულიან ტომრებად მოიხსენიებდა ხოლმე.
_ უამრავი აქცია მოვაწყვეთ ამ გაზულუქებული მაჟორიტარების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში ბევრი ვერ ავიყოლიეთ. მერე ყველა მიხვდა, რომ ეს მახინჯი სისტემაა და ახლა უკლებლივ მაჟორიტარების წინააღმდეგ დაირაზმნენ, რასაც მხოლოდ მივესალმები. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ძველი წყენების მიუხედავად მინდა, ოპოზიციას მადლობა ვუთხრა, რადგანაც საქართველოს სასიკეთოდ სწორ პოზიციაზე დგას. მიხარია, რომ ჩვენს იდეებს იზიარებენ.
_ კარგია, თქვენს იდეებს რომ იზიარებენ, მაგრამ ერთხელ მაინც თუ განდობენ ქვეყანას, როგორც ამას შალვა ნათელაშვილი ითხოვდა ხოლმე?
_ ეს უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ვერ ვიტყვი, რომ უმრავლესობით მოვალთ, მაგრამ მომავალ პარლამენტში აუცილებლად ვიქნებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მომავალ პარლამენტში აუცილებლად მოხვდებით?
_ თუნდაც ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. იმაზე ბევრად მეტი მხარდაჭერა გვაქვს, რაც დაგვიწერეს, მაგრამ წინა წლებთან შედარებით აშკარად გაუმჯობესებული შედეგია.
_ რეიტინგებში თქვენს პარტიას არასდროს სწყალობდნენ და ახლა რა შეიცვალა?
_ ახლა ხალხის განწყობა შეიცვალა. როდესაც 5%-ს გიწერენ, ნიშნავს, რომ 25% გაქვს.
_ ამ ლოგიკით „ოცნებასაც“ ბევრად მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე კვლევების მიხედვით გამოჩნდა?
_ ხელისუფლებას არავინ უმცირებს რეიტინგს. ძირითადად, ოპოზიციას ებრძვიან. ჩვენ სერიოზული რეიტინგი გვაქვს. ხალხიც ხვდება, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ.
_ სულ ცამდე მართლებიც რომ იყოთ, არც მარტო თქვენ უნდა განდოთ ვინმემ ქვეყანა.
_ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს. ახლა მთელი ჩვენი ძალები ამ ბოლშევიკური მეთოდის წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს ისე სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი. მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ვითანამშრომლოთ. მხოლოდ მრავალპარტიული პარლამენტით და კოალიციური მთავრობით შეიძლება საქართველოს გადარჩენა.
პროპორციული არჩევნები თუ ჩატარდება, ეს მინიმუმამდე დასწევს გაყალბების რისკს. პარტია 48%-ს თუ აიღებს, მაჟორიტარების წყალობით ვეღარ გაიფორმებს უმრავლესობას პარლამენტში. ერთ-ორ პროცენტზე ვიღაცას შეიძლება წაუცდეს ხელი, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, ხალხის განწყობას ვერ შეცვლის.
_ იმისთვის, რომ მრავალპარტიულ პარლამენტამდე მიხვიდეთ, ჯერ არჩევნებში უნდა დაამარცხოთ „ოცნება“. მანამდე კი ერთიანობაა შესანარჩუნებელი. შეძლებთ ერთიანობის შენარჩუნებას? ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენს რიგებში ბზარი გააჩინოს. ფული საკმაოდ აქვს.
_ მისი ფული, ამ შემთხვევაში, ვეღარ იმუშავებს. აბა, მითხარით, ერთობა რანაირად უნდა დაიშალოს? ჩვენ ხომ საარჩევნო ბლოკს არ ვქმნით და არც ერთ პარტიად ვყალიბდებით. ყველა დამოუკიდებლად აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ასე რომ, ჩვენი დაშლა არანაირად არ გამოვა.
_ ეს გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ერთობა არ დაიშლება? დარწმუნებული ხართ, რომ რომელიმე პარტია არ გადავა იქითა მხარეს?
_ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ მეეჭვება, ამ ერთობას ვინმე გაემიჯნოს. თუ გაემიჯნებიან, მარტო დარჩებიან, ოპოზიციური ერთობა კი არ დაზარლდება. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო ვართ გაერთიანებულები. ჩვენ ერთად ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება გამოხატული ხალხის ნება არჩევნების შედეგებში.
_ იმისთვის, რომ ხალხს არჩევანი აღარ მოპარონ, მათ თავადაც უნდა დაიცვან საკუთარი ხმები.
_ დაიცავენ კიდევაც. ყველა აცნობიერებს, რომ პროპორციული არჩევნებია გამოსავალი. ისეთი ყოფა, როგორიც დღეს არის, ყველას მობეზრდა.
_ „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნები ქაოსს მოიტანს.
_ აბა, პირდაპირ იმას ხომ არ იტყვიან, სამართლიან არჩევნებში ჩვენ დავმარცხდებითო. ქაოსი და უბედურება მათ მოაქვთ ქვეყნისთვის. პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში სიტუაცია დაწყნარდება. როდესაც სახელმწიფო მანიაკების ხელში აღარ იქნება, ის განვითარებას გააგრძელებს.
_ ხელისუფლება დათმობას არ აპირებს. არადა, ცვლილებების მისაღებად მათი თანხმობაა საჭირო. ამ წინააღმდეგობის დაძლევას როგორ აპირებთ?
_ ამისთვის ბევრი გზა არსებობს. წინ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება. დამიჯერეთ, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მწარედ წააგებს. იმიტომ წააგებს, რომ ოპოზიცია ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებს მოიგებს, ივანიშვილის პარტია კი პოლიტიკურ მოუსავლეთში წავა.
_ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ამ სისტემითაც მოიგებთ არჩევნებს, რატომ ითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას? პარლამენტში რომ შეხვალთ, მერე შეცვალეთ.
_ დარწმუნებულები ვართ, რომ „ოცნება“ წააგებს, მაგრამ ჩვენ ხომ მარტო ერთ არჩევნებზე არ ვფიქრობთ? ჩვენ მთლიანად სისტემის შეცვლა გვინდა. „ქართული ოცნება“ 2020-ის არჩევნების გამარჯვებული მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება, თუ არჩევნებს ტოტალურად გააყალბებს. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები საშინლად გაყალბდა, მაგრამ ამაზე ყველამ თვალი დახუჭა. ახლა ასე აღარ იქნება. დასავლეთი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებს „ოცნებას“, რომ არჩევნების გაყალბებაზე ხელი არ წაუცდეს.
_ თუ დასავლეთის აზრი მაინც არ გაითვალისწინა და შედეგები ძალაში დატოვა?
_ მაშინ ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან. დასავლეთიდანაც სათანადო რეაქცია იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდებათ, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი დაყადაღდება.
_ შავ სიასთან დაკავშირებით რა ხდება? ოპოზიციამ ასეთი სიის შექმნა დაიწყო.
_ ეს არაა შავი სია. საუბარია იმ ადამიანების ჩამონათვალის გაკეთებაზე, ვინც დღეს სხვაზე ძალადობს. როგორ არ მოვითხოვოთ იმათი დასჯა, რომლებიც ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ სთხრიან თვალს, რომ ისინი საქართველოში რუსი ოკუპანტების ჩამოსვლას აპროტესტებენ?! ყველა ასეთი დამნაშავე უნდა იდენტიფიცირდეს. მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძვრება და გამოძიება ჩატარდება. დამნაშავეებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. დანაშაული არავის უნდა ეპატიოს, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი დამნაშავეები აღარ გაჩნდნენ ამ ქვეყანაში. უკანონო ბრძანების გამცემის გარდა უკანონო ბრძანების შემსრულებელიც უნდა დაისაჯოს.
_ დამნაშავეების დასჯის იმედი არავის აქვს. მიშას ჯალათების დასჯასაც აპირებდა ხელისუფლებაში მოსვლამდე „ოცნება“, მაგრამ ახლა ისინი მაღალ პოსტებზე სხედან.
_ დასჯას იმიტომ კი არ ვითხოვ, რომ ადამიანების გისოსებს მიღმა გამომწყვდევა მიხარია. მინდა, რომ შემდეგში აღარავინ ჩაიდინოს დანაშაული.

წყარო: http://qronikaplus.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას
ავრცელებს აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით, რომელსაც თურქულმა
სასამართლომ დღეს მუზეუმის წოდება გააუქმა და თურქეთის სახელმწიფოს
ამის მისცა შესაძლებლობა, რომ იგი მეჩეთად გადააკეთონ:
11.07.2020

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას ავრცელებს აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით, რომელსაც თურქულმა სასამართლომ დღეს მუზეუმის წოდება გააუქმა და თურქეთის სახელმწიფოს ამის მისცა შესაძლებლობა, რომ იგი მეჩეთად გადააკეთონ:

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით
ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნოდ საჩუქარად
გადასცა.
11.07.2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნოდ საჩუქარად გადასცა.
ვიდეოები