ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: „კახა კალაძემ საკუთარი სპეცრაზმი შექმნა“

დედაქალაქის მერი, რომელიც შეთავსებით პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, თავს კონტროლს ვეღარ უწევს.

გასულ კვირას კახა კალაძემ მოქალაქეს, რომელიც პროტესტს გამოხატავდა, ხელი გაარტყა… და ამით საკუთარ ანგარიშზე მორიგი ავტოგოლი მიითვალა. ავტოგოლები კი მას პოლიტიკაში არ აკლია. ის ოპონენტებს ხან ხეზე დაკიდებით ემუქრებოდა, ხან მთაწმინდიდან გამოქანებას სთავაზობდა, ხან საკრებულოში ჩაბუდებულ ზონდერებს ლევან ხაბეიშვილის ცემის დავალებას აძლევდა, რომელიც დედაქალაქის მერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია.

 

შეგახსენებთ: ინციდენტი, რომლის დროსაც თბილისის მერი, თავის ზონდერებთან ერთად, მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა, ვარკეთილში მოხდა. ანას ბაღის ადგილზე კორპუსის აშენება სურთ და ამას მოსახლეობა აპროტესტებს. გადათხრილი ბაღის ადგილზე კალაძემ სკვერი გახსნა, რა დროსაც მასთან ანას ბაღის დამცველები მიცვივდნენ და დაიწყო კიდეც ცემა-ტყეპა. ინციდენტის დროს დაშავდა კახა კვეკვესკირი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. კვეკვესკირი აცხადებს, რომ თბილისის მერმა მას გაარტყა და ტანსაცმელი შეამოახია. კახა კალაძე ამ ბრალდებას უარყოფს. შეხლა-შემოხლის თვითმხილველი იყო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი. ის წლებია, ოპოზიციაშია. მას თითქმის ყველა ხელისუფლებასთან მოუწია ბრძოლა. აქციაზე დარბევაშიც მოყოლილა, მაგრამ არ ახსენდება, რომ აქამდე დედაქალაქის მერს ან რომელიმე მაღალჩინოსანს მოქალაქისთვის საჯაროდ გაერტყას.

რატომ გამოვიდა თბილისის მერი წყობიდან? რისთვის შექმნა მან არაფორმალური დაჯგუფება? რას მიიღებს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე? რას უნდა ელოდონ კალაძე და ბიძინა ივანიშვილი? შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთობის შენარჩუნებას? _ ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ლაშა ,5 ივნისს ვარკეთილში გამართულ აქციაზე კახა კალაძემ მოქალაქეს ხელი გაარტყა. თავად თბილისის მერი ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კალაძე მათ, დაცვის წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა.
_ იმ აქციაზე მეც გახლდით და შეხლა-შემოხლა ნამდვილად იყო. ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა ძალიან შეუყვარდათ ტერმინ გოიმის გამოყენება. კახა კალაძე სწორედ გოიმურად მოიქცა. ის უკვე დიდი ხანია, ასე იქცევა. აქციაზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ თბილისის მერი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. აქამდე ვიცოდით, რომ ის იყო „წლის ქურდბაცაცას“ ნომინაციის გამარჯვებული; ჰესებისა და კორპუსების მშენებლობის კორუფციაშიც გახლავთ თავიდან ბოლომდე ჩაფლული, მაგრამ ასეთი უტიფარი და სულელი თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა.
_ სულელი რატომ არის? რაღაც არ ტოვებს ასეთის შთაბეჭდილებას.
_ სულელი რომ არ იყოს, მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდებოდა, თან ამდენი ხალხისა და ჟურნალისტის თანდასწრებით? მინდა, იცოდეს „ქრონიკა+“-ის მკითხველმა, რომ კალაძეს საკუთარი სპეცრაზმი ჰყავს ჩამოყალიბებული. 5 ივნისის აქციაზე მოქალაქეებს მისი სპეცრაზმელებიც გაუსწორდნენ ფიზიკურად. 
_ რას ნიშნავს, საკუთარი სპეცრაზმი ჰყავს? აქვს კალაძეს ამის უფლება?
_ ეს სპეცრაზმი თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზეა შექმნილი, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ტიპები არიან, რომლებიც სპეციალური ფორმების გარეშე გადაადგილდებიან. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ანას ბაღის დასაცავად აქციები იმართება. 5 ივნისსაც იმართებოდა ასეთი აქცია, რომელსაც ანას ბაღის ახლოს მცხოვრები ადამიანები მართავდნენ. კალაძის სპეცრაზმი მათ დაერია. აქციის მონაწილეების თქმით, მათ დედაქალაქის მერიც გაუსწორდა ფიზიკურად.
_ შეხლა-შემოხლა რატომ დაიწყო?
_ აქციის მონაწილეებზე კალაძის სპეცრაზმმა მიიტანა იერიში. დამრბევთაგან ერთ-ერთი ჩემი მორიგი დაკავების დროსაც დამინახავს. ეს ამბავი უპასუხოდ არ დარჩება. კალაძე და ივანიშვილი არჩევნებზე მოქალაქეებისგან მუშტს მიიღებენ. ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერი პასუხს აგებს სისხლის სამართლებრივადაც. მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა მათგანზე მოეთხოვება პასუხი. 
საქართველო ნორმალური ქვეყანა რომ ყოფილიყო, პატრული ადგილზევე დააკავებდა თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. პასუხისმგებლობას მერსაც დააკისრებდნენ. შეიძლება, არ დაეჭირათ, მაგრამ მას თანამდებობის დატოვება მოუწევდა. წესით, კალაძემ საკუთარი ნებით უნდა დატოვოს პოსტი, მაგრამ ამის შეგნება ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გააჩნიათ. ასეთი შეგნება რომ იყოს, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ გახარია თანამდებობას ვერ შეინარჩუნებდა. მან მარტო კი არ შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, პრემიერადაც დააწინაურეს. პოსტიდან ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძეც უნდა გაეშვათ, მაგრამ ყველა მათგანი მთავრობაში რჩება.
_ ამ სამეულს „გავრილოვის ღამეს“ უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა ადამიანების დარბევაში.
_ მე ასე ვერ ვიტყოდი. ანზორ ჩუბინიძე აქტიურად იყო ჩართული პროცესებში. დარბევის ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა. გახარია ტყუილად იღებს ამას საკუთარ თავზე. მოვა დრო და „ოცნება“ „გავრილოვის ღამისთვისაც“ აგებს პასუხს. რაც შეეხება კალაძეს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის თბილისის მერი კი არა, სოფლის გამგებლის თანაშემწის თანაშემწეც არ უნდა იყოს.
_ ლაშა, კალაძისგან ეს რატომ გაგიკვირდათ? დაგავიწყდათ როგორ იწყევლებოდა იგი? როგორ ეუბნებოდა ოპოზიციას, მთაწმინდიდან გამოექანეთო? საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს დაჰპირდა, ნაძვის ხეზე დაგკიდებო.
_ კალაძისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ მთლად აქამდე თუ მივიდოდა საქმე, არ მეგონა. მასწავლებლების მთელი არმია ჰყავდა დაქირავებული. წესით, რაღაც უნდა ესწავლა. არაფორმალურად ყველაფერს ასწავლიდნენ: დანა-ჩანგლის ხმარებას, მეტყველებას… თუმცა, როგორც აკაკი იტყოდა: „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ თბილისის მერს საკუთარი სპეცრაზმი ჰყავს. რისთვის სჭირდება კალაძეს ასეთი დაჯგუფება?
_ ბინძური საქმეების გასაკეთებლად. მას რომ არაფორმალური სპეცრაზმი ჰყავს, ამაში, მგონი, ადრეც დავრწმუნდით. ამ სპეცრაზმის ერთ-ერთი დანიშნულებაა, რომ დედაქალაქის მერი არ შეაწუხოს, მაგალითად, მეგაფონის ხმამ. მისმა არაფორმალურმა სპეცრაზმმა ის ადამიანები დაარბია, ვინც ანას ბაღს იცავდა. თავად კალაძე იქ იმისთვის მივიდა, რომ ვითომ რაღაც სკვერი გახსნა. თან მეორედ ხსნის ამ ობიექტს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავი მწვანე მერად წარმოაჩინოს. არადა, მწვანე მას მარტო დოლარები უყვარს, ისიც _ საკუთარ ჯიბეში. 
დედაქალაქის მერს არ სიამოვნებს, როცა ბუნების დაცვაზე ესაუბრებიან. განსაკუთრებული ისტერიკა მაშინ ემართება, თუ დიღმის ჭალებს უხსენებენ. იქ მართლაც კოლოსალური მასშტაბის ეკოლოგიური დანაშაული ხდება. დედაქალაქის მერს მანამდე ჰესებთან დაკავშირებით აქვს დანაშაული ჩადენილი, კორუფციული ნიშნით.
_ ეს როდის ჩაიდინა, ენერგეტიკის მინისტრი რომ იყო?
_ დიახ. ბევრ კორუფციულ სქემაში იყო ჩართული მაშინ. კორუფციას ვერც თბილისის მერობისას შეეშვა. მისი კორუფციული საქმიანობის გვირგვინი არის დიღმის ჭალები, თუმცა სხვა ბევრი კორუფციული დანაშაულის მოყვანაც შემიძლია, მაგრამ ეს ჭალები განსაკუთრებული შემთხვევაა. 
_ დიღმის ჭალები რატომ არის ასეთი განსაკუთრებული?
_ იმიტომ, რომ იქ თავმოყრილია ყველა ტიპის ეკოლოგიური დანაშაული, რაც კი ბუნებაში არსებობს. დიღმის ჭალებში არის უკანონო მშენებლობა, მოწყობილია უკანონო ნაგავსაყრელი, ინერტულ მასალებს უკანონოდ მოიპოვებენ და გადაამუშავებენ, მდინარეს უკანონოდ შეუცვალეს კალაპოტი, რაც იქაურობას აჭაობებს. როგორც გავიგე, იქ თურმე ჰესის მშენებლობაზეც კი ფიქრობენ. 
_ პარკის აშენებაც ხომ აქვთ გეგმაში?
_ კი. პარკი ნაგავსაყრელსა და ქვის სამტეხლოს შორის უნდა აშენდეს. იქ ვინ უნდა ისეირნოს, არ ვიცი.
_ ლაშა, ისევ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტს დავუბრუნდეთ. თბილისის მერი მისი მხრიდან ძალადობას უარყოფს და თავს იმით იმართლებს, რომ მათ „ნაციონალები“ მიუვარდნენ. „ნაციონალობის“ გამო ცემა ნებადართულია?
_ რას ჰქვია, „ნაციონალია“ და ამიტომ უნდა სცემო ადამიანს? თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაშინ რატომ არ მოსთხოვეს პასუხი, რატომ არ დააკავეს თავის დროზე? დამნაშავე თუ თავისუფლად დადის ქუჩაში, ამაზე კალაძემ პრეტენზიები ივანიშვილს და საკუთარ თავს წაუყენოს. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ახსენებენ, ისიც დააყოლონ ხოლმე, რომ დღეს ქოცებში უფრო ბევრი „ნაცია“, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“.
არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავეა. დამნაშავეებიც რომ ყოფილიყვნენ ის პირები, რომლებიც ანას ბაღთან აქციას მართავდნენ, მათთვის ძველბიჭურად არ უნდა გაერჩიათ საქმეები. და საერთოდ, ეს რა უბედურებაა, საარჩევნო წელს რომ ახსენდებათ „ნაციონალების“ მიერ ჩადენილი დანაშაულები? რვა წელი არიან ხელისუფლებაში და გამოეძიათ. გამოსაძიებელი ძალიან ბევრი რამეა.
_ კალაძე არ აღიარებს, რომ იმ ადამიანს გაარტყა, მაგრამ ასე გამოუვიდა, რომ „ნაციონალი“ რაკია, საცემიაო. თბილისის მერი ახლო წარსულში თავადაც ხომ იყო „ნაციონალი“ და მისივე ლოგიკით ისიც უნდა გაილახოს? 
_ მარტო კალაძე არ იყო „ნაციონალი“, „ნაციონალი“ იყო ბიძინა ივაიშვილიც და ისინი ცხრა წელი მიშა სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ეს ცემას თუ ითვალისწინებს, მაშინ ივანიშვილმა და კალაძემ ერთმანეთს უნდა ურტყან. ერთმანეთის ცემისთვის სხვა მიზეზიც აქვთ. მაგალითად ის, თუ რატომ არ გაასამართლეს „ნაციონალების“ დროინდელი ჯალათების 80%. ისინი დღემდე სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ. ბევრი მათგანი დააწინაურეს კიდევაც. ერთმანეთს იმის გამოც უნდა სცემონ, რომ ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც ადამიანებს უკანონოდ უშვებდნენ ციხეში, სამუდამოდ გაამწესეს მოსამართლეებად.
დედაქალაქის მერი ჩამოყალიბდა ფსევდო ძველბიჭად, მაფიოზად და ცდილობს, რომ ჩვენს დედაქალაქში ნახევრად აღმოსავლური და ნახევრად იტალიური ტიპის მაფიოზურ-ავტორიტარული მმართველობა დაამყაროს.
_ შეძლებს ამას კალაძე?
_ გამორიცხულია! საქართველო ასეთი ტიპის მმართველობას ვერ აიტანს. კალაძე, თავის ივანიშვილთან ერთად, რამდენიმე თვეში, საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებს საკადრის პასუხს ხალხისგან.
_ ლაშა, თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც გიწევდათ მერიასთან დაპირისპირება. თბილისის მერი გიგი უგულავა იყო. ფრთები არც მას ამოსდიოდა, მაგრამ ის ასე არ მოქცეულა, როგორც დღეს კალაძე იქცევა.
_ უგულავა ანგელოზი არ იყო და ბევრი დარღვევაც ჰქონდა, თუმცა ბოლოჯერ წმინდა პოლიტიკური მოტივით დააკავეს. რაც შეეხება მის მერობას, კალაძის მსგავსად, არაადეკვატურად არასდროს მოქცეულა. ასეთი არაადეკვატური საქციელით დედაქალაქის მოქმედი მერი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აზიანებს, შემდეგ უკვე _ პარტიას. 
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დედაქალაქს მერებში არ უმართლებდა, ყველა მერს თავისი ცოდვა და ნაკლი ჰქონდა, მაგრამ კალაძის მსგავსად არც ერთი მათგანი არ მოქცეულა. კალაძემ მათ ყველაფერში აჯობა, როგორც ფულის მოპარვაში, ასევე გარემოს განადგურებაში და ახლა უკვე მოქალაქეების ცემაც დაიწყო. თავად კი უარყოფს ცემის ფაქტს, მაგრამ მოქალაქეები ამბობენ, რომ მერი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
_ ოპოზიცია ამ ფაქტზე რას აპირებს? ასე დატოვებთ დედაქალაქის მერის გამოხტომას? სხვა გამოხტომაზე მხოლოდ ხალისობდით. თქვენგან ახლაც იგივეს უნდა ველოდოთ?
_ ეს ამბავი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. სასურველია, დედაქალაქის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს წარმოუდგენელია. როცა საქართველოში მრავალპარტიული მმართველობა იარსებებს, მაშინ ყველა ჩინოსანს მოეთხოვება ჩადენილ დანაშაულზე პასუხი. გამონაკლისი არც კახა კალაძე უნდა იყოს და არც სხვა ვინმე.
თბილისის მერსა და „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ვპირდები, რომ არ მივცემ მათ მწვანე იმიჯის მორგების უფლებას. ვერც იმას დაიბრალებენ, რომ დემოკრატები არიან. ყველა დონეზე ვამხელ და მათ დანაშაულებზე ყველასთან ვისაუბრებ, იქნებიან ისინი ევროპელები თუ ამერიკელები. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს მოვუყვები, თუ რა ჩაიდინეს ამ დამნაშავეებმა. ამ მხილებაში გავატარებინებ ბოლო თვეებს. „ოცნების“ პოლიტიკურ დასასრულამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და რაც პოლიტიკურად ძალიან მძიმე იქნება.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მათ პოლიტიკურ დასასრულამდე მხოლოდ თვეებია დარჩენილი?
_ დარწმუნებული ვარ! შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე ხალხი მმართველ პარტიას ყველაფრის გამო გასცემს პასუხს. „ქართული ოცნება“ და, მასთან ერთად, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში უნდა დასრულდეს. ჩვენმა უახლოესმა წარსულმა გვაჩვენა, რომ ასეთი მმართველობის პირობებში საქართველოს განვითარება არ უწერია.
_ ერთპარტიული მმართველობა თუ დასრულდება, ცუდი არ იქნება, მაგრამ ამას ვინ გააკეთებს?
_ ოპოზიცია და ხალხი. საზოგადოებამ უკვე დაინახა და გააცნობიერა, რომ ერთპარტიულ მმართველობას ქვეყნისთვის სიკეთე არ მოაქვს.
_ ოპოზიციაში არსებული განხეთქილება ერთპარტიული მმართველობის დასრულებაში ხელს არ შეგიშლით?
_ ყველაფრის მიუხედავად, იმედი მაქვს, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი დამარცხდება. როგორი შედეგი დადგება არჩევნებზე, ეს დიდწილად ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ჩვენს საზოგადოებას კი სერიოზულად სურს ავტორიტარიზმის დასრულება. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, აუცილებლად წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს არჩევანი. ვფიქრობ, არჩევნებამდე ოპოზიცია ყველა სირთულეს მოაგვარებს.
_ აღიარებთ, რომ პრობლემები გაქვთ?
_ სერიოზული გართულებები ჩვენ შორის არ ყოფილა. გვინდოდა, რომ არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარებულიყო. სამწუხაროდ, ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რაღაც დათმობაზე მაინც მოუწია წასვლა _ მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე შეამცირეს, ეს მაჟორიტარული ოლქებიც დაგვეხმარება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში.
_ თავიდან ითქვა, რომ ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებდა, მაგრამ ამ მიმართულებით ახლა რაღაც პრობლემები გაჩნდა. ე. ი. ხმებით ვერც ოლქებს იყოფთ და ვერც ერთიან კანდიდატებზე თანხმდებით.
_ ყველაფერი დაიძლია. ისეთი დრამატულიც არაფერი ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. გარეთ უფრო მუქ ფერებში გამოჩნდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე ვნებათაღელვა. არჩევნების წინ ასეთი რამე ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ და ასეთ დროს საერთო პოზიციამდე მისვლა ადვილი არ არის. ჩვენ განსხვავებულ პოზიციებზე ვრჩებით, მაგრამ ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რაც ახლა გვაკისრია. ოპოზიციას ახლა ძალიან დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ივანიშვილთან ერთად საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ტრაგიკული და მანკიერი ტრადიციაც უნდა დავასრულოთ. ვფიქრობთ, ამას მოვახერხებთ. მომავალი პარლამენტი ძალიან მრავალფეროვანი იქნება. საკანონმდებლო ორგანოში ბევრი პარტია შევა.
_ რა მოხდება მაშინ, თუ „ოცნება“ ისევ ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება?
_ რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ივანიშვილის ხელში არაფრის გარანტია არ არსებობს. არ გამოვრიცხავ, ისევ ფიქრობდეს ჩვენ გადაგდებას, თუმცა ამ ცვლილების ჩაგდება ძალიან გაუჭირდება.
_ თუ მაინც გარისკა და ჩააგდო, მერე რა ხდება?
_ ე. ი., კახა კალაძის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ლიდერსაც თავი და სახე აქვს დაკარგული. მე მაინც მჯერა, რომ ის ვერ გაბედავს საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდებას.
_ რატომ ვერ გაბედავს, შარშან ხომ გაბედა?
_ იმიტომ, რომ დასავლეთი ახლა მას გამადიდებელი შუშით აკვირდება. ამერიკის კონგრესში მომზადებულია დოკუმენტი მისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. კიდევ ერთი საყოველთაო და მსოფლიო მასშტაბის გადაგდება და „ქართული ოცნების“ ლიდერს ქონებას დაუყადაღებენ. ეს კი მისთვის კატასტროფა იქნება. ამ ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამე უყვარს _ ეს არის ფული. ქონების გადასარჩენად ის უკან დაიხევს. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აღარ გარისკავს. ეს მისთვის ძალიან მძიმედ დასრულდება.
„ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის დამარცხება ძველი სისტემითაც შეგვიძლია, მაგრამ უმჯობესია, ცვლილებები მივიღოთ. სხვა თუ არაფერი, ამისთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. შემდეგი ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას სრულად გააუქმებს და არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება.
„ქართული ოცნების“ მორალური სახე არის მოტიკტოკე და ცინიკოსი ივანიშვილი, რომელმაც ააოხრა ეს ქვეყანა და ხალხი მშიერი დატოვა. ამ პარტიის სახეა მოძველბიჭო ხულიგანი კახა კალაძეც. დღევანდელ მმართველ პარტიას არც ინტელექტი გააჩნია და არც ქვეყნის განვითარება შედის მათ ინტერესებში. ისინი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ხელისუფლებები, როცა მათ დასრულების პერიოდი უდგათ, მწარედ იკბინებიან. „ქართული ოცნებაც“ ასეა _ მისი ლიდერები შემოდგომის ბუზებს დაემსგავსნენ. ისინი აგონიაში ჩავარდნენ და ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი. ხალხმაც დაინახა მათი ნამდვილი სახე. ამიტომ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძველი საარჩევნო სისტემითაც მოვუგებთ ბრძოლას. ამის მიუხედავად, ივანიშვილი უნდა ვაიძულოთ, დანაპირები შეასრულოს და ცვლილებები მიიღოს.

წყარო: http://qronikaplus.ge

| ბეჭდვა |