ახალი ამბები
გიორგი გუგავა: „ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილი, როგორც ღატაკი, ისე გაიღვიძებს“
..

„ქართული ოცნება“ ამერიკის კონგრესსა და სენატს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. გასულ კვირას კონგრესმენები და სენატორები ერთმანეთის მიყოლებით სწერდნენ წერილს წერილზე. 6-მა კონგრესმენმა ივანიშვილს პირდაპირ რუსი ოლიგარქი უწოდა, სენატორმა რიშმა კი სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა. რურუას გასულ კვირას სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს. თავიდან ის არც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას აპირებდა, მაგრამ აქტს ხელი მოაწერა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს ამის გაკეთება.

რა განაჩენს გამოიტანს ქართველი ხალხი? რას არ პატიობს არც ერთ ხელისუფლებას ჩვენი საზოგადოება? რატომ ხუმრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებზე? რა არის „მეოცნებეთა“ წმინდა ადგილი? რა ნიშნით არჩევს ივანიშვილი მთავრობის წევრებს? დატოვებს თუ არა ციხეს გიორგი რურუა? _ ამის შესახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად გიორგი რურუაც უნდა განთავისუფლებულიყო. მას გასულ კვირას სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა. სენატორმა რიშმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდა. მსგავსი გზავნილები მოვიდა ევროპელი პოლიტიკოსებისგანაც. ამის პასუხად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს.
_ სალომე ზურაბიშვილს რომ ეთქვა, გიორგი რურუას შევიწყალებო, ძალიან გამიკვირდებოდა. მისი კრიტერიუმებით გიორგი რურუა შეწყალებას არ ექვემდებარება. მოგეხსენებათ, რომ ეს ქალი, ძირითადად, იწყალებს მკვლელებს, ნარკოტრაფიკში ჩართულ პირებს. ნარკოტრაფიკში ჩართული პირების შეწყალების ამბავი სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს და გასარკვევია, როგორ შეიწყალეს ეს პიროვნება?! დასადგენია, რა ინტერესი ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როცა ნარკომოვაჭრეს იწყალებდა?! ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სხვა დამნაშავეებთან ერთად პოლიციელის მკვლელიც შეიწყალა, რაც დაუშვებელია. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს და პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფოზე ხელის აღმართვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა კი ასეთ ადამიანს თავისუფლება აჩუქა.
მიმდინარე წლის 8 მარტს დასავლელი პარტნიორების უშუალო მონაწილეობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, სადაც პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას განთავისუფლებაზეც იყო საუბარი. წინა კვირას რურუას ივანიშვილის კონტროლირებადმა სასამართლომ ოთხი წელი მიუსაჯა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის პოლიტპატიმარს არ შეიწყალებს. ამას დასავლეთში უკვე მოყვა მწვავე რეაქციები და კიდევ უფრო მწვავე შეფასებებს მოვისმენთ. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები კარგად ხედავენ, რომ რუს ოლიგარქ ივანიშვილს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლო, ჯიბეში უზის. 
სახელმწიფოს ჯიბეში ჩასმა, შერჩევითი სამართალის დამკვიდრება, საშინელი სიღატაკე, გაზრდილი კრიმინალი ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას ძალიან ძვირი დაუჯდება. გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ოლიგარქისთვის და მისი „ქართული ოცნებისთვის“ გამოტანილი განაჩენია. ეს განაჩენი მოკლე ხანში კიდევ უფრო დამძიმდება. 
_ ეს ივანიშვილისთვის გამოტანილი განაჩენია, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდებაო. ან განაჩენში რას გულისხმობთ, ან _ მის დამძიმებაში?
_ დასავლეთში „ქართულ ოცნებას“ ყველა უარყოფითად აფასებს. მათი მისამართით კრიტიკა ისმის. საქართველოში ვითარება თუ არ გამოსწორდა, ევროპა და ამერიკა მხოლოდ მწვავე წერილებით აღარ დაკმაყოფილდება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ოლიგარქი ფინანსურ სანქციებს ვერ გადაურჩება.
_ ოპოზიციაში ყველა ასე არ ფიქრობს. ზოგი მიიჩნევს, რომ საქმე ფინანსურ სანქციებამდე არ მივა. თქვენ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებულები, რომ ივანიშვილს ფინანსურ სანქციებს დაუწესებენ?
_ ამერიკამ ფინანსური სანქციები უკვე დაუწესა მოლდოველ ოლიგარქ პლოხოტნიუკს, რომელიც ივანიშვილზე უარესი ნამდვილად არ ყოფილა. იმ საქმეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ივანიშვილის სახელს უკავშირდება, ოლიგარქი ფინანსურ სანქციებს ვერ გადაურჩება. ამერიკა აუცილებლად დააყადაღებს მის ქონებას.
_ ამერიკას მის ქონებაზე წვდომა თუ აქვს, ამ შემთხვევაში დაუყადაღებს. ივანიშვილს ბევრ ადგილას ექნება თავისი ფული დაბინავებული. მისთვის მთელი ქონების დაყადაღება ასეთი ადვილი არ იქნება.
_ პუტინის მსახურ ივანიშვილს ქონება აქვს დაბანდებული იქ, სადაც ამერიკას ხელი მიუწვდება. ასე რომ, ვაშინგტონს თავისუფლად შეუძლია მისთვის ფინანსური სანქციების დაწესება. ამერიკა აკონტროლებს იმ ოფშორულ ზონებსაც, სადაც ოლიგარქს მოპარული მილიონები აქვს გადაქაჩული. დიდია იმის ალბათობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ღატაკმა ადამიანმა, ისე გაიღვიძოს.
_ ამის წარმოდგენა ცოტა ძნელია.
_ არაა წარმოუდგენელი. ოლიგარქმა ასე თუ გააგრძელა, სოციალურად დაუცველთა რიგებს შეავსებს. ფინანსურ სანქციებს სხვა ჩინოსნებსაც დაუწესებენ, 
_ იმათ რატომ?
_ ისინი ივანიშვილთან ერთად სჩადიან უკანონობას და ივანიშვილთან ერთად ყვლეფენ ქვეყნის ბიუჯეტსა და ხალხს. ძალიან მძიმე განაჩენი ელოდებათ დასავლეთიდან. მთავარ განაჩენს კი ამათ ქართველი ხალხი გამოუტანს. ეს განაჩენი იმ საქმიანობის შესაბამისი იქნება, რასაც ეს მავნებლები მერვე წელია, ეწევიან. 
ივანიშვილმა და მისმა ხროვამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი უსაფრთხოება. საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. საფრთხე ემუქრება ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლეს. ქვეყანაში კატასტროფულად უარესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სახელმწფოს მთელი ქონება ხელში ჩაიგდო ადამიანების ვიწრო ჯგუფმა, დანარჩენი კი შიმშილისთვის არის განწირული.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს 500 მილიონერი ჰყავს. ამის პარალელურად, 500.000 ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმა გადავიდა და მათ პურის შეძენის საშუალებაც კი არ გააჩნიათ. ის თანხები, რაც ხალხსა და ქვეყანას უნდა მოხმარებოდა, ამ ყაჩაღმა მილიონერებმა ჩაიდეს ჯიბეში. ისინი ივანიშვილთან არიან დაკავშირებულები. მათ ყველაფრის უფლება აქვთ, დანარჩენი საქართველო კი უფლებააყრილია. ხალხს მთავარ უფლებას _ სიცოცხლის უფლებასაც კი ართმევენ. ამას „ქოცებსა“ და მათ ოლიგარქ ლიდერს არავინ აპატიებს. მათთვის შესაბამისი განაჩენიც მზადდება.
_ 6 კონგრესმენის წერილში, რომელიც მაიკ პომპეოს სახელზეა გამოგზავნილი, ივანიშვილზე შავით თეთრზე წერია, _ ოლიგარქიო. ჯანდაცვის მინისტრმა ამაზე ძალიან საინტერესო განმარტება გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, წერილში ივანიშვილი ოლიგარქად არ არის მოხსენიებული, პირიქით არის იქ საუბარიო. თქვენ ხომ ვერ ახსნით, რას გულისხმობდა ქვეყნის პირველი ექიმი?
_ ამას არანაირი ახსნა არ სჭირდება. ეკატერინე ტიკარაძის ამ განცხადებას ირონიითა და სიცილით უნდა შევხვდეთ. ამ სიტუაციის ტრაგიზმი ის გახლავთ, რომ ტიკარაძე ამ ქვეყნის მთავრობის წევრია და რამდენიმე მილიარდს განკარგავს ბიუჯეტიდან. მან რა იცის, რას ნიშნავს, როცა კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს უგზავნიან წერილს და იქ ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული?! მეეჭვება, ამის მნიშვნელობა სხვა მინისტრებს მაინც გაეგოთ.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ გაიგებდნენ?
_ იმიტომ, რომ ფულის კეთების მეტი არაფერი იციან. ისინი სულ ცოტა ხნის წინ რუსი ოლიგარქის პირადი მოსამსახურეები იყვნენ, ახლა კი ქვეყნის ბედს განაგებენ. ოლიგარქმა მთავრობა პირადი მომსახურე პერსონალით გაავსო. ისინი ივანიშვილის პირად ინტერესებს ემსახურებიან. სახელმწიფო და ხალხი არავის აინტერესებს. შედეგიც სახეზეა: ხალხი შიმშილობს, ქვეყნის სუვერენიტეტი კი სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
_ ერთია, რომ ვერ აფასებენ მინისტრები კონგრესმენების წერილის მნიშვნელობას, მაგრამ მეორეა, თუ როგორი აგდებული ტონით მოიხსენიებენ კონგრესმენებსა და სენატორებს. სტრატეგიულ პარტნიორებზე, რომელსაც შენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი გაუკეთებია, ასეთი ტონით საუბარი რამდენად მისაღებია?
_ ეს ამათი პრობლემაა. ამათი ლაპარაკი ვერც კონგრესმენებს დააკლებს რამეს და ვერც _ სენატორებს. ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა. საბედნიეროდ, ეს ზესახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. აშშ რომ არა, დღეს საქართველოს სუვერენიტეტი უკვე დაკარგული ექნებოდა და პოლიტიკური რუკიდან ოფიციალურად გავქრებოდით. 
ვაშინგტონს ჩვენს ქვეყანაში ათეულობით მილიარდი აქვს ჩადებული. ეს ფული უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიის განვითარებასა და სხვა კეთილ საქმეებს უნდა მოხმარებოდა. ამერიკა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ რუსეთმა არ გადაგვყლაპოს. ამერიკელებზე აგდებით საუბარი ნათლად მიუთითებს იმას, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი პუტინის ინტერესებს ატარებს საქართველოში. ამის პარალელურად ძარცვავს ამ ქვეყანას და კიდევ უფრო ისქელებს ჯიბეს. საქართველოში რუსი ოკუპანტების ინტერესების გატარებას არც დასავლეთი შეეგუება და არც _ ქართველი ხალხი.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ოკუპანტების ინტერესების გატარებას ქართველი ხალხი არ შეეგუება? მერვე წელია, ეს ინტერესები ტარდება, მაგრამ საზოგადოება ამას ჩუმად ადევნებს თვალს.
_ დარწმუნებული ვარ, რომ აქ ოკუპანტები და მათი დამქაშები თავისას ვერ გაიტანენ. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში უამრავი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა. თავისუფლება სისხლში გვაქვს გამჯდარი და რუსი ოლიგარქი აქ ასე მარტივად ვერ გაატარებს პუტინის ინტერესებს. საქართველოს სუვერენიტეტზე გალაშქრება მას ძალიან ძვირი დაუჯდება. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე საზოგადოებისგან მწარე პასუხს მიიღებს.
_ არჩევნებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და მალე ვნახავთ, ექნება თუ არა საზოგადოებას მწვავე პასუხი.
_ დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ არჩევნებზე გამოუტანს რუს ოლიგარქს ქართველი ხალხი შესაბამის განაჩენს, რის შემდეგაც პირდაპირ დადგება ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. მან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს. არავინ შეარჩენს იმ ქონებას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს წაჰგლიჯა. ის აუცილებლად დააბრუნებს ამ ქონებას. მოპარული ქონების დაბრუნება ოლიგარქის გარემოცვასაც მოუწევს. კანონის წინაშე ისინიც აგებენ პასუხს.
_ არჩევნებზე ჩამოვარდა საუბარი და რა მოლოდინები გაქვთ? ოპოზიცია ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ შავებისა და ზონდერების მობილიზებას ახდენს და მათი დახმარებით შეეცდება ოპონენტებისა და ამომრჩევლის დაშინებას. 
_ რუსი ოლიგარქი ყველა მეთოდს გამოიყენებს არჩევნების გასაყალბებლად. მოსყიდვითა და გაყალბებით დაწყებული, ტერორითა და დარბევებით დამთავრებული. რა ზომასაც არ უნდა მიმართოს, ყველა ზომა ამაო იქნება და ის თავის ყაჩაღებთან ერთად დამარცხდება.
_ რატომ გგონიათ, რომ დამარცხდება?
_ ქართველ ხალხთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია. ბევრმა ვერ შეაფასა ჩვენი ხალხი. ეს ვერც ივანიშვილმა შეძლო და ის აუცილებლად მიიღებს საკადრისს პასუხს. ტყუილად ჰგონიათ, რომ იოლად მოახერხებენ ადამიანებით მანიპულირებას.
_ აქამდე კარგად მანიპულირებდა ადამიანებით, ახლა რატომ ვერ გააკეთებს იგივეს?
_ ახლა რადიკალურად სხვა ვითარებაა. ჩვენი ხალხი ძალიან მომთმენია, ბევრ რამეზე შეიძლება თვალი დახუჭოს, მაგრამ როდესაც საფრთხის წინაშე დგება ყველაზე დიდი ღირებულება _ სახელმწიფო სუვერენიეტი _ მაშინ ამას არავის აპატიებს. ახლა საქართველოს სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დგას. ამას ხალხიც ხედავს და რეაქციაც სათანადო იქნება. ხალხი ივანიშვილს არც იმას აპატიებს, რომ ქვეყანა კრიმინალურ გეტოდ გადაგვიქცია. ის აუცილებლად მიიღებს საკადრისს პასუხს. 
„ქართული ოცნების“ ანგარებიან თუ უანგარო მხარდამჭერებს მინდა მივმართო და ერთი რჩევა მივცე, _ ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავს ნუ გაიგიჟებენ, რადგან მათი ყოველი მცდელობა ფუჭი იქნება. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს! ეს გადაწყვეტილი ამბავია! ვისაც არ სჯერა, რამდენიმე თვეც მოიცადოს და ნახავს, რომ ეს არჩევნები „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის მწარე კრახით დასრულდება.
_ თქვენი ლიდერი ნაძალადევში იყრის მაჟორიტარად კენჭს. ეს საკმაოდ რთული უბანია. ეს ის უბანია, სადაც ძალიან აქტიურობენ ე. წ. შავები, რომლებსაც, როგორც ამბობენ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მფარველობს. რას უპირისპირებთ შავი გაგების ხალხს?
_ ასე ნუ გამოვყოფთ უბნებს და ნუ ვიტყვით, რომ გინდა თუ არა, მხოლოდ ნაძალადევში არიან მობილიზებული კრიმინალები. კრიმინალები ყველა უბანში თანაბრად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ მობილიზებული. ოლიგარქის ხელისუფლებას საქართველოს ყველა რეგიონში აქვს კრიმინალებთან კონტრაქტი გაფორმებული. ისინი „ოცნებას“ არჩევნების მოგებაში ეხმარებიან და მერე ხელშეუხებლები არიან. აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. ამათმა თავისუფლად თარეშმა გამოიწვია ის ტრაგედიები, რომლის მომსწრენიც ბოლო დროს ვხდებით. ჩვენს ყოფას „ქართული ოცნების“ წყალობით ახლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ჰქვია. 
გახშირებულმა მკვლელობებმა მთელი საქართველო დაზაფრა. მშობლები დაძაბულები ვართ, გვეშინია, როცა ბავშვები გარეთ გადიან. „ქართული ოცნების“ წყალობით ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. სკოლებში კრიმინალური სუბკულტურა დააბრუნეს, რაც ამ ქვეყანას დიდ უბედურებას უქადის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობით ამის გამოც ღირსეული პასუხი გაეცემა ხელისუფლებას.
ნაძალადევის თემას რაკი შევეხეთ, მინდა ყველამ იცოდეს: შალვა ნათელაშვილთან ბრძოლა ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. ის გამოკვეთილად ანტიოლიგარქიული ლიდერია. ის შეშფოთების წერილები, დღეს რომ უხვად მოდის ამერიკიდან, შალვა ნათელაშვილს უკავშირდება. ბატონმა შალვამ ბევრი იმუშავა, ბევრი შეხვედრა გამართა და ბოლოს დაარწმუნა ამერიკელები, რომ რუსი ოლიგარქი საქართველოს სუვერენიტეტსა და დასავლურ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
_ თავიდან ყველას ეცინებოდა, რომ ნათელაშვილი სანქციებზე საუბრობდა, ახლა კი ყველა ამაზე ლაპარაკობს. ზოგიერთს ახლაც უჭირს იმის დაჯერება, რომ ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ლიდერის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს დააწესებს.
_ როგორც თავში უკვე გითხარით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ამერიკა სანქციებს გამოიყენებს. ბატონმა შალვამ ამ მიმართულებით სერიოზულად იმუშავა. ძალიან ბევრი შეხვედრა გამართა ამერიკელ პოლიტიკოსებთან. ფაქტობრივად, ჩვენმა ლიდერმა სათავე დაუდო ანტიოლიგარქიულ მოძრაობას. ახლა ლამის მთელი საქართველოა ამ მოძრაობაში ჩართული, რაც უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის. ერთ მნიშვნელოვან შედეგს უკვე მივაღწიეთ _ ოპოზიციურმა პარტიებმა ძირეული საკითხების გარშემო გაერთიანება შევძელით. მოხარული ვარ, რომ ამ ერთობის შექმნაში ლეიბორისტებმაც დიდი წვლილი შევიტანეთ.
_ თქვენი ფანჩატური იყო ამ შეხვედრების მასპინძელი. ლეიბორისტული პარტიის ეზო, სადაც ოპოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდა, დასაცინი გახდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
_ ეგ უფრო მწარე ღიმილი მგონია. როდესაც „შალიკოს ფანჩატურს“ ამბობენ, ტანში შიშისგან აჟრიალებთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მხოლოდ ივანიშვილის ეზოს აღიარებენ. მეტიც: ეს ეზო წმინდა სალოცავ ადგილადაც კი მიაჩნიათ. მათ მიერ დაცინვის საგნად ქცეულ ფანჩატურში შექმნილმა ერთობამ განაპირობა საკონსტიტუციო ცვლილებებიც, საერთაშორისო მხარდაჭერაც, პოლიტპატიმრების განთავისუფლებაც.
_ ერთი პოლიტპატიმარი ისევ ციხეში რჩება.
_ ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ! ეს ერთობა და კოორდინაცია, რომელიც ჩვენს ფანჩატურში შედგა, განაპირობებს იმას, რომ ეს ხელისუფლება ჩამოიშლება. მათ ნამსხვრევებს მალე იხილავთ.
_ თუ მართლა შეცვალეთ ხელისუფლება, მაშინ ოპოზიციამ გამარჯვება ამ ფანჩატურში უნდა აღნიშნოს.
_ ჩვენთვის მთავარია, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს, სხვა დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა. 
_ ხალხი ოპოზიციის გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებად ჩათვლის?
_ რა თქმა უნდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ამ ქვეყნის დაქცევას ნიშნავს. ეს ხალხმა უკვე კარგად გააცნობიერა. მგონი, დადგა დრო, როცა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ხალხთან ერთად ისეთი სახელმწიფო შევქმნათ, სადაც ოლიგარქები პოლიტიკიდან გავლენ, უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სასამართლო სამართლიანი გახდება, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება განათლება და ჯანდაცვა, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი შეეწყობა, მონოპოლიები გაკონტროლდება. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ სახელმწიფოში ბედნიერად იგრძნონ თავი. 
_ ხალხთან ერთად გინდათ, რომ კარგი სახელმწიფო შექმნათ, მაგრამ მანამდე არჩევნებზე ამომრჩეველი და ამომრჩევლის ხმები უნდა დაიცვათ. ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
_ ეს მარტივი არ იქნება, წინ ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება. ოპოზიცია ვაპირებთ საერთო დეკლარაციის გაფორმებას, სადაც ჩაიწერება: დავიცავთ ხმებს და ერთიანი ძალებით გავილაშქრებთ გაყალბების წინააღმდეგ.


წყარო: http://qronikaplus.ge

FaceBook Twitter Google
ვიდეოები