ახალი ამბები
რას გპირდებიან ლეიბორისტები | არჩევნები 2020

..


ამერიკული სამხედრო ბაზები საქართველოში;


500-ლარიანი მინიმალური ხელფასი;

უფასო უმაღლესი განათლება;

ყოველწლიურად 1000 ახალგაზრდა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ლეიბორისტული პარტიის დაპირებების მცირე ჩამონათვალია. ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა პროგრამა აქვს პარტიას და როგორ აპირებს მის შესრულებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

ლეიბორისტების შესახებ

საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ტრადიციულად, მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც მხარს უჭერს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას. თუმცა, ამავდროულად, გამოირჩევა კონსერვატორული, ზოგჯერ მემარჯვენე ხედვებით, რაც გამოიხატება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში იმიგრაციის გამკაცრების მხარდაჭერაში.

პარტიას, დღიდან დაარსებისა, უცვლელი ლიდერი – შალვა ნათელაშვილი თავმჯდომარეობს, რომელიც წელსაც საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში/ეროვნული ფოტომატიანე

ლეიბორისტები ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მუდმივად მოქმედი პარტიაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. მისი არსებობის განმავლობაში, საარჩევნო თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა დროსაც პარტიამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა შემდგომში, პოლიტიკური პროცესების გამო, 49-დან 16 მანდატი დარჩა. პარტიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტებად 2003-2004 და 2012 წლები შეგვიძლია მივიჩნიოთ. პირველ შემთხვევაში, პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის 4% აიღო და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, პარტია დატოვა ბევრმა წევრმაც, მაგრამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე მაინც მოხვდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი პარტიამ მხოლოდ 1.24%-ის აღება მოახერხა. 2019 წლიდან მოყოლებული, პარტიამ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის შუამავლის ფუნქცია შეიძინა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეთანხმდა თბილისის მაჟორიტარების საერთო კანდიდატების სიაზე.

საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება

ლეიბორისტული პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკებები, ასევე, უვიზო მიმოსვლის დაწესება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას, მაშინ მხარს უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც, პარტიის აზრით, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას.

“საქართველო დაუცველია. ჩვენ გვჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, სამხედრო მიმართულებითაც. ნატოში გაწევრიანება მიუღწეველ მიზნად რჩება, ამიტომ უნდა დაიწყოს ამერიკასთან მოლაპარაკებები, რომ გაიხსნას სამხედრო ბაზები. ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებშიც შედის“, – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი მიხეილ ქუმსიშვილი.

მისი განმარტებით, ამერიკულ სამხედრო ბაზებს, გარდა უსაფრთხოებისა, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, რადგან, უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც ამერიკული ბაზები შექმნის, მოიზიდავს ინვესტიციებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს, მათ შორის, საკუთარი სტრატეგიული მოკავშირეების ტერიტორიაზე. მაგალითად,  ნატოს წევრ სახელმწიფოებში – გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, თურქეთი და სხვა, ასევე, საუდის არაბეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ბრაზილია. გარდა ამისა, ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსებულია კონფლიქტის მქონე ქვეყნებშიც, მათ შორის, სირია, ერაყი, ავღანეთი, ნიგერი და სხვა. როგორც წესი, სამხედრო ბაზის გახსნა ორმხრივი შეთანხმების შედეგია, რასაც წინ უსწრებს ორმხრივი მოლაპარაკებები, რა დროსაც დგინდება სამხედრო ბაზის ტიპის, ბაზის კონტიგენტის რიცხვის და ბაზის მუშაობის ვადის დეტალები.

მიხეილ ქუმსიშვილი/Facebook

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ დროს, როდესაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შესაძლოა გავიდეს მთელი რიგი რეგიონებიდან, მათ შორის სირიიდან და ნატოს წევრი გერმანიიდან, და როდესაც ამერიკელებს ღიად არასოდეს გამოუხატავთ სურვილი საქართველოში ან კავკასიაში სამხედრო ბაზების ქონის შესახებ, რა გაძლევთ იმის საბაბს, იფიქროთ, რომ შესაძლებელია ამერიკული ბაზები საქართველოში გაიხსნას, ქუმსიშვილი პასუხობს, რომ სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბაზების გახსნა ბუნებრივად შედის ამერიკის ინტერესებში.

„ამერიკას, მისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სჭირდება, რომ ჰქონდეს სამხედრო ბაზები სამხრეთ კავკასიაში. ის ფაქტი, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყანას ტოვებენ, დამატებით საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ისინი სამხრეთ კავკასიაში შემოვლენ“, – აცხადებს ლეიბორისტების სიის მესამე ნომერი.

შეკითხვაზე, რუსეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხომ არ გამოიწვევს საქართველოდან რუსეთში შრომით მიგრაციას და, შესაბამისად, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, პარტიაში პასუხობენ, რომ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობასა და ეკონომიკურ დამოკიდებულებას შორის, რომ არ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური მიბმა რუსეთზე, რასაც პოლიტიკური ფასი ექნება.

ლეიბორისტების ჯანდაცვის ხედვა

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც დაიცავს ადამიანების სიცოცხლეს.

„საქართველოში მიმდინარეობს ისეთი რეფორმები, რომლებიც არა ჯანმრთელობის დაცვას, არამედ სიცოცხლით ვაჭრობას ემსახურება. ერთეულ კერძო მესაკუთრეების კომპანიები აკონტროლებენ სააფთიაქო ბიზნესს, სტაციონარებს, საავადმყოფოებს, დაზღვევასა და დისტრიბუციას, რაც ქმნის ოლიგოპოლიურ მდგომარეობას“, – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს პარტია აღნიშნული მდგომარეობის შეცვლას, გუგავა პასუხობს, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს მსგავსი ოლიგოპოლიები და ბაზარზე უნდა დაიშვებოდეს მცირე მოთამაშეებიც.

საქართველოში 2007 წლიდან ამოქმედდა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა და დაიწყო ჰოსპიტალური სექტორის სრული პრივატიზება, რაც 2012 წლამდე გაგრძელდა. საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს 2012 წლის ანგარიშში საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის შესახებ ნათქვამია, რომ დაწყებული რეფორმის შედეგად, საქართველოში თითქმის ყველა საავადმყოფოს მესაკუთრეები კერძო ინვესტორები არიან. საქართველოში არსებული საავადმყოფოების თითქმის 40%-ს სადაზღვევო კომპანიები ფლობენ, 30%-ს – ფიზიკური პირები, ხოლო 20%-ს- სხვადასხვა ტიპის კომპანიები.

ლეიბორისტულ პარტიაში ფიქრობენ, რომ უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს როლი ჯანდაცვის სექტორში, მათ შორის, სახელმწიფო საავადმყოფოების მიმართულებით.

იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოებს უკვე აქვთ შენობისა და აღჭურვილობის პრობლემები, მათ შორის თბილისის ინფექციურსა და ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოებს, კითხვაზე, სახელმწიფო კლინიკების რიცხვის ზრდა ხომ არ შექმნის დამატებით პრობლემებს სისტემაში და შეამცირებს ჯანდაცვის ხარისხს, პასუხობენ, რომ არა და აღნიშნული ცვლილებები საჭიროა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისათვის.

„ჯანდაცვა არ არის კლასიკური ბიზნესი, რომელიც იქნება თავისუფალ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებული. ძირითადი მოქალაქეებისათვის ხელმიუწვდომელი გახდა ჯანდაცვა,  აქედან გამომდინარე, მკაცრი ჩარევა, მკაცრი რეგულაციები აუცილებელი და გადაუდებელია“, – აცხადებენ პარტიაში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში უნდა აშენდეს მრავალპროფილური კლინიკები, რომლებიც უფასოდ მოემსახურებიან ასეთი საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. ასევე, მხარს უჭერენ ექიმებისა და ექთნების ხელფასების ზრდას. ნეტგაზეთი დაინტერესდა, აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ლეიბორისტული პარტია ხომ არ გეგმავს ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდას, რაზეც გიორგი გუგავა პასუხობს, რომ ბიუჯეტის ზრდის ნაცვლად, მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია.

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჯანდაცვის ხარჯები მილიარდ 210 მილიონით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯანდაცვის ხარჯები ყოველწლიურად მილიარდ ლარს აღემატება. წლევანდელ ბიუჯეტში ჯანდაცვის ხარჯებიდან 750 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვას ხმარდება, რაც ჯანდაცვის მთლიანი ბიუჯეტის 62.3%-ია.

“ეს 800 მილიონი [იგულისხმება საყოველთაო ჯანდაცვა] არის შავი ხვრელი, რომელიც დაზღვევაზე არის გამოყოფილი, ეს მიდის კერძო კლინიკებში და არ ხმარდება ადამიანის დაცვას. ეს თანხები წავა სახელმწიფო საავადმყოფოების დასაფინანსებლად და მოხმარდება ადამიანთა ჯანდაცვას. ასევე შენარჩუნდება მიზნობრივი დაზღვევა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, ასევე, რიგ პროფესიებზე, როგორიცაა პოლიციელი, მასწავლებელი, ექიმი, ჯარისკაცი და სხვა” ,- აცხადებს გუგავა.

გიორგი გუგავა, ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

რას ფიქრობენ ეკონომიკაზე

ლეიბორისტულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილია მონოპოლიური მდგომარეობა და ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ასევე, ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა და დაევალათ, რომ შემოიფარგლონ მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით. ამის მიუხედავად, საქართველოს ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ბანკებთან დაკავშირებული ჯგუფები, რომლებიც ფორმალურად არ შედიან ბანკის მფლობელობაში, თუმცა ერთიანდებიან კონკრეტული კომერციული ბანკის ჯგუფში, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ ბანკებს უკვე აკრძალული აქვთ არაპროფილური საქმიანობა, თუმცა არსებობს ბანკთან დაახლოებილი კომპანიების ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის საქმიანობას, როგორ ესახება ლეიბორისტულ პარტიას არსებული მდგომარეობის შეცვლა, გიორგი გუგავა პასუხობს, რომ ეს კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო პროგრამებში, მათ შორის პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, და სარგებლობენ სესხზე საშეღავათო პირობებით. ამ რეალობის შეცვლა საკანონმდებლო ცვლილებებითაა შესაძლებელი, თუმცა თავს იკავებს უშუალოდ აღნიშნული კომპანიების დასახელებისგან.

„არის შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიებს „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში აუღიათ გრანტი, სახელების დასახელება არ მინდა. გამოდის, რომ ბანკს ჩვენ ვუხდით პროცენტს. საბანკო საქმიანობა უნდა იყოს მხოლოდ საბანკო საქმიანობა, მან [ბანკმა] უნდა გასცეს კრედიტი, მას სხვა ბიზნესში არაფერი ესაქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩაყლაპავს სუყველას და გააკოტრებს სხვა ბიზნესებს“, – აცხადებს გიორგი გუგავა.

ლეიბორისტული პარტიის სიის მეორე ნომერი აცხადებს, რომ ეკონომიკაში აუცილებელია პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება, რაც უცხოურ პროდუქციაზე ტარიფების ზრდის გზით ფასის გაზრდას გულისხმობს, რათა ადგილობრივი პროდუქცია გაიყიდოს.

კითხვაზე, მაშინ, როდესაც საქართველოში არ იწარმოება ქვეყნის წლიური მოხმარებისთვის საკმარისი პროდუქცია, რამდენად მიზანშეწონილია იმპორტის გამკაცრება, გიორგი გუგავა პასუხობს, რომ მიზეზი იმისა, რომ საქართველო არ არის თვითკმარი სასურსათო პროდუქციის უდიდესს ნაწილში, არის მონოპოლიები.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, გაზრდილი ტარიფები მომხმარებლისთვის ხომ არ გაზრდის პროდუქციის ღირებულებას და რატომ უნდა გადაიხადონ მოქალაქეებმა ადგილზე წარმოებაში იმაზე მეტი ფული, ვიდრე ეს იქნებოდა საჭირო იმპორტის დროს, ლეიბორისტულ პარტიაში პასუხობენ, რომ ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის ეკონომიკას.

„ეს არ იქნება ფასების გაზრდაზე ორიენტირებული, ეს ნელ-ნელა განხორციელდება. ჩვენ საშეღავათო პირობებით, მათ შორის საშემოსავლო გადასახადიდან, პირობითად ხუთი წლით განვათავისუფლებით, გავაძლიერებთ ქართულ წარმოებას, რათა შეძლოს უცხოურ პროდუქციასთან კონკურენცია. ეს [პროტექციონიზმი] ქმნის სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტში შეაქვს გადასახადები, შემცირდება სიღარიბე და გაიზრდება დოვლათი“, – აცხადებს გუგავა.

ლეიბორისტული პარტია ასევე მიიჩნევს, რომ მინიმალური ნომინალური ხელფასი უნდა განისაზღვროს 500 ლარით.

„ჩვენ ადამიანს მხოლოდ საწარმოო საშუალებად არ უნდა ვუყურებდეთ, ეს არის მინიმალური სტანდარტი. ადამიანი მონად არ უნდა გყავდეს, იმის გამო, რომ ვიღაცამ ინვესტიცია შემოიტანოს, ადამიანები არ უნდა დაამონო“, – აცხადებს გუგავა.

BM.GE-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს 547 000-ზე მეტ მოქალაქეს უფიქსირდებოდა 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი(აღნიშნული ინფორმაცია საჯარო არაა და საჭიროებს სამსახურიდან წერილობით გამოთხოვას. ნეტგაზეთმა მიმართა სამსახურს ბოლო მონაცემების მისაღებად).

კითხვაზე, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოქალაქეთა, არცთუ ისე მცირე ნაწილის თვიური შემოსავალი ნაკლებია 500 ლარზე, მინიმალური ხელფასის 500 ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს, რომ ეს მოქალაქეები დაკარგავენ ამ შემოსავალსაც კი, მაშინ რა არის პარტიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა, გუგავა პასუხობს, რომ არსებული მდგომარეობა „ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ოლიგარქატს“.

„უნდა ავწონოთ სიკეთე, ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და ვიღაცის 300%-იანი მარჟით გამდიდრება. რომელი უფრო ღირებულია?! სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ღირსეული სამუშაო, ეს კონსტიტუციაშიც წერია. ეს შეამცირებს კომპანიების ზემოგებას და გაზრდის დასაქმებულების ხელფასებს“, – აცხადებს გუგავა.

მინიმალური ნომინალური ხელფასის დადგენის საკითხი ქართულ პოლიტიკაში არ წამრმოადგენს ახალ ინიციატივას. წარსულში სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ მინიმალური ხელფასის განსაზღვრას. ასევე, 2019 წელს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატიცა, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი სწორედ 500 ლარით (ხელზე ასაღები 400) უნდა განსაზღვრულიყო, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 45%-ს შეადგენს. პარლამენტში კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდა და შედეგად, 2020 წელს მიღებულ შრომის კოდექსის ცვლილებებში მინიმალური ხელფასის შესახებ ჩანაწერი არ მოხვდა. მინიმალური ხელფასის დაწესებას ეწინააღმდეგება საქართველოს ბიზნესასოციაციაც, რომელიც საქართველოში მომუშავე მსხვილ კომპანიებს აერთიანებს. ინიციატივის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი იყო ის, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის უმუშევრობას, რადგან ის ბიზნესი, რომელსაც არ ექნება საშუალება, 500-ლარიანი ხელფასი დაუწესოს თანამშრომელს, დაიხურება.

გუგავა ამ პოზიციას არ იზიარებს და ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კომპანიებს, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ შრომის ანაზღაურების გაზრდა.

ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს შემოსავლები იმ ბუნებრივი რესურსებიდან, რაც ქვეყნის ტერიტორიაზეა.

„ოქროდან, სპილენძიდან, მარგანეციდან და ასე შემდეგ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შემოსავლები. ეს ქართველ ხალხს ეკუთვნის. იმ კომპანიებს, რომლებიც ახლა სარგებლობენ ამ რესურსებით, ლიცენზიები უნდა შეუწყდეთ, რადგან ისინი არღვევენ სალიცენზიო პირობებს და რესურსების განკარგვა სახელმწიფო ხელში უნდა გადავიდეს“, – აცხადებს გიორგი გუგავა.

შეკითხვაზე, როგორ აპირებს ლეიბორისტული პარტია კერძო წარმოების ჩანაცვლებას  სახელმწიფო სექტორით, გუგავა პასუხობს, რომ ისინი გაიზიარებენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ შორის ნორვეგიის, რომელიც ნავთობმომპოვებელ კომპანიას ფლობს.

განათლება

ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ განათლების სფეროში ორი მთავარი პრინციპია დასანერგი. ესაა ხელმისაწვდომობა და ხარისხი. გიორგი გუგავას განცხადებით, ლეიბორისტული პარტიის ხელისფულებაში მოსვლის შემთხვევაში, ყოველწლირად 1000 ახალგაზრდა გაიგზავნება უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად.

კითხვაზე, ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბალია სახელფასო ანაზღაურება ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, რატომ დაბრუნდებიან ახალგაზრდები სამშობლოში სამუშაოდ, გუგავა პასუხობს, რომ აუცილებელია ადგილზე [საქართველოში] შესაბამისი პირობების შექმნა.

„რა თქმა უნდა, ზოგიერთი დარჩება საზღვარგარეთ, მაგრამ დიდი ნაწილი ჩამოვა საქართველოში, თუ აქ იქნება შესაბამისი პირობები“,  -აცხადებს იგი.

ლეიბორისტები ასევე მხარს უჭერენ უფასო უმაღლესი განათლების იდეასაც. ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობასა და პროფესიული განათლების მნიშვნელობის ზრდას.

2020 წელს საქართველოში დაახლოებით 30 ათასი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. თუ საორიენტაციოდ ავიღებთ, რომ წელიწადში თითოეული სტუდენტის სწავლის მინიმალური ხარჯი კვლავ 2 250 ლარი იქნება, ყველა მათგანის წლიური დაფინანსება ბიუჯეტს დაახლოებით 67.5 მილიონი ლარი დაუჯდება. ჩნდება კითხვა, რა თანხით დაფინანსდება ეს პროგრამა?

პარტიის წევრის, მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, თანხების გამოყოფა შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯის შემცირების ხარჯზე. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 4.8 პროცენტს შეადგენს და მსოფლიოში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულზეა. კონკრეტულად რას შეამცირებენ? ქუმსიშვილის თქმით, ისინი “პრემია-დანამატებისა და არამიზნობრივი ხარჯის” შემცირებას გულისხმებენ.

“ადმინისტრაციული ხარჯები არის მილიარდ სამასი მილიონი, შესაბამისად, ამის შემცირებით შევძლებთ იმ თანხების გამოყოფას, რაც საჭირო იქნება განათლების რეფორმისთვის. ასევე, კორუფციული გარიგებების აღმოფხვრის შედეგად, თანხები არამიზნობრივად აღარ დაიხარჯება, რაც ბიუჯეტს მეტ ფინანსებს მოუტანს”, – აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი.

სასამართლო

ლეიბორისტული პარტია შეუერთდა ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად იზრდება ნაფიცი მსაჯულების როლი, რომლებიც რეფორმის ბოლო ეტაპზე განიხილავენ ყველა საქმეს, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე გულისხმობს პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობასა და უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას.

ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს, რომ უცხოელი მოსამართლეების თემაზე სკეპტიკურად არიან განწყობილი და ოპოზიციურ შეთანხმებას სწორედ ამ დათქმით შეუერთდნენ, რომ რეფორმის ამ ნაწილს არ იზიარებენ. გიორგი გუგავას განცხადებით, ეს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტს და არ არსებობს გარანტია, რომ უცხოელი მოსამართლე იქნება უკეთესი, ვიდრე ადგილობრივი.

„ჯერ ქართულიდან უცხო ენაზე საქმის თარგმნა, მერე გადაწყვეტილების უკან გადმოთარგმნა, არის უამრავი პროცედურა, რაც გაიწელება დროში, შესაბამისად, ეს მოდელი არაეფექტური იქნება“, – აცხადებს გუგავა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა არის იმის გარანტია, რომ მოსახლეობა კორუმპირებულ მოსამართლეებს არ აირჩევს, გიორგი გუგავა ამბობს, რომ განვითარებისთვის საჭიროა მოსახლეობამ გარკვეული პასუხისმგებლობა იკისროს.

„იქნება განათლების ცენზი, არ უნდა იყოს რომელიმე პარტიასთან აფილაცია, იქნება კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატმა“, – აცხადებს იგი.

წაიკითხეთ ვრცლად სასამართლოს საკითხზე ოპოზიციის შეთანხმებაზე, რომელსაც ლეიბორისტებიც უერთდებიან – როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა

ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებში ისეთი თეზისებიცაა, რომლებსაც სხვა პარტიების პროგრამებში ვერ იპოვით.

მაგალითად, ლეიბორისტებს მიაჩნიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელი უნდა იყოს, რადგან, მათივე განცხადებით, „ამ შემთხვევაში დავადგენთ ამომრჩეველთა რეალურ რიცხვს და ყველა მოქალაქე გადაინაწილებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რა სანქციები იგეგმება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მაინც არ დაესწრებიან არჩევნებს, გუგავა პასუხობს, რომ ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, სახელმწიფო სამსახურის დაკავების შესაძლებლობის შეზღუდვა.

ცეესკოს ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა რეგისტრირებული ამომრჩევლის 46.74%-მა, რამაც 1637956 მოქალაქე შეადგინა, ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობამ შეადგინა 51.63%, რაც 1814276 მოქალაქეა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა დაახლოებით ნახევარი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურად ესახებათ ლეიბორისტულ პარტიაში აღნიშნული რეფორმის აღსრულება, პასუხობენ, რომ ეს აუცილებელია, რათა ყველა მოქალაქეზე გადანაწილდეს პასუხისმგებლობა, ასევე არ გამორიცხავენ არჩევნებში მონაწილეობის წახალისების მექანიზმებსაც, მათ შორის შეიძლება იყოს არჩევნებზე მოსული მოქალაქეებისთვის მინიმალური კომუნალური გადასახადების გადახდა, ხოლო კითხვაზე, ხომ არ იქნება ეს ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გამოყენებული, მიაჩნია, რომ ეს საარჩევნო კულტურის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.

ლეიბორისტული პარტია მხარს არ უჭერს პარლამენტში ქალთა კვოტირებას, თუმცა, როგორც წესი, ლეიბორისტული პარტიები სხვა ქვეყნებში მხარს უჭერენ ქალთა კვოტირებას. კითხვაზე, რატომ აქვს პარტიას განსხვავებული ხედვა, მიხეილ ქუმსიშვილი პასუხობს, რომ კვოტირების სისტემა არის ‘ხელოვნური და ძალდატანებითი”.

„მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანები უნდა ხვდებოდნენ მათი შეხედულებების, ინტელექტისა და პოლიტიკური ხედვების გამო და არა გენდერული ნიშნით. სანაცვლოდ, ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას განათლების ხელშეწყობის გზით“, – აცხადებს ქუმსიშვილი.

წყარო: https://netgazeti.ge

| ბეჭდვა |