ახალი ამბები
ჩემი კრიტიკული მოსაზრებები ოპოზიციასთან დაკავშირებით
..
ხელისუფლებაზე რა წარმოდგენისაც ვარ, იცით. ამიტომ თავს არ მოგაბეზრებთ ამაზე საუბრით. მაგრამ ახლა არ მოვერიდები და ოპოზიციასთან დაკავშირებითაც მსურს ჩემი კრიტიკული მოსაზრების დაფიქსირება:
ერთადერთი, რასაც მართლა მიღწევად ვთვლი, არის პარტიებს შორის საერთო ენის გამონახვა და პრინციპული პოზიციის ბოლომდე შენარჩუნება უზურპატორი ხელისუფლების წინააღმდეგ (ყოველ შემთხვევაში აქამდე). სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ეს, თუმცა ტაქტიკურად მიმაჩნია რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს ოპოზიციურ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა, კერძოდ:
1. "კომპრომისზე უნდა წავიდეს ორივე მხარე" - ეს შემოგდებული მესიჯბოქსი თავიდან რატომღაც აიტაცა ოპოზიციამ და ყველგან ამ პოზიციას აფიქსირებდნენ პარტიები, რომ კომპრომისი საჭიროა ჩვენგანაც, აქაოდა კონსტრუქციულები გამოვჩნდეთო. მაგრამ როდესაც ჟურნალისტი ჩაეკითხებოდა თუ რა ტიპის კომპრომისზეა საუბარი ოპოზიციის მხრიდან, იქ უკვე პასუხი ან აღარ ჰქონდათ, ან იწყებდნენ აბსოლუტურად უშინაარსო წინადადებებით საუბარს. - უკაცრავად, რა ტიპის კომპრომისზეა საუბარი? გაყალბებულ არჩევნებს ან აღიარებ, ან არ აღიარებ. პოლიტიკურ დევნას ან ეგუები, ან არა! სად შეიძლება იყოს აქ კომპრომისი??
2. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ზედმეტად ოპტიმისტური განწყობა შექმნა საზოგადოებაში, თითქოს მოლაპარაკებებიდან რაიმე შედეგს მიაღწევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება მკაფიოდ აფიქსირებდა პოზიციას, რომ არჩევნებთან და პოლიტ-პატიმრებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ აპირებდნენ წამოსვლას, ხალხს მაინც აიმედებდნენ და აჯერებდნენ, რომ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. შედეგად მივიღეთ ჩაშლილი მოლაპარაკება და ნიჰილიზმში გადავარდნილი ხალხი
3. ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე თქვა უარი (რაც იყო სწორი), მაგრამ პარალელურად არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების პროტესტი სწორი მიმართულებით წარემართა და პროცესი გადმოეყვანა ქუჩაში. რამდენიმე კარვის გაშლა პარლამენტის წინ, სადაც ხელი არ შეუწყვეს არანაირი პროტესტის ეპიცენტრის შექმნას, რეალურად არაფრის მომცემია და უბრალოდ ფორმალურად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აი, ქუჩიდან ვიბრძვით. თანაც კარავი მხოლოდ 4 პარტიას გვაქვს გაშლილი და დანარჩენები ამ კუთხითაც არ იწუხებენ დიდად თავს
4. 15 მაისს ჩანიშნული აქცია (მარტის შუა რიცხვებში) და დაანონსებული რეგიონებში გასვლა... ეს საერთოდ კატასტროფა. არ იფიქრეს არც პოლიტპატიმრებზე, არც მათგან მივიწყებულ კარვების აქტივისტებზე და ზოგადად არც აღშფოთებულ ხალხზე, რომელსაც დროულად სჭირდება მოქმედება! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაზაფხულის დასაწყისი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით არის იდეალური დრო აქციებისთვის. კაი ჯანდაბას, ვთქვათ სწორი იყო ეს 15 მაისის ჩამოკიდება. გაცვითეს ხო ფეხსაცმელი პოლიტიკოსებმა რეგიონებში სიარულით? რატომ არ მიყვებიან მაშინ დაანონსებულ გეგმას?
5. მოლაპარაკებების პარალელურად მრავალათასიანი აქციები რომ ყოფილიყო რუსთაველზე, ვფიქრობ გარკვეული შედეგი დაიდებოდა. ყოველ შემთხვევაში დავანახებდით მაინც დასავლეთს, რომ აქ ხალხი იბრძვის და ცვლილებები მართლა სურს.
მოკლედ, პრეტენზიები მაქვს, იმიტომ რომ რაღაცეები არ მომწონს და შედეგს ვერ ვხედავ. ვამბობ ხმამაღლა, იმიტომ რომ ჯობია მოყვარეს (პარტნიორს) პირში უთხრა. ან ცოტა გამოფხიზლდებიან და სხვებსაც მოუსმენენ, ან საერთოდ დაკარგავენ საზოგადოების ნდობას.
პ.ს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ოპოზიციური პარტიები შალვას ცოტა მეტად რომ უჯერებდნენ და ყველა არ ცდილობდეს მხოლოდ საკუთარი აზრის გატანას, ვფიქრობ ქვეყანა მეტად იხეირებდა, რაიმე შედეგსაც დავდებდით და არც ამ პოსტის დაწერა მომიწევდა


ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ქუმსიშვილი
| ბეჭდვა |