ახალი ამბები
ამნისტიით საკუთარი შეცდომების ,,გაპრავებას" ცდილობენ
..

ამნისტიის თემაზე ოპოზიცია სირცხვილით ხმას არ უნდა იღებდეს საერთოდ. ამ თემაზე საუბრით, დოკუმენტზე ხელისმომწერი პარტიები უბრალოდ ცდილობენ საკუთარი მცდარი გადაწყვეტილების "გაპრავებას". დოკუმენტში შავით თეთრზე წერია შემდეგი წინადადება:

"ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“.

შესაბამისად, განხილვა მიდის სისხლის სამართლის 333-ე მუხლის ამნისტირებაზე, უშუალოდ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც კი, ვერანაირ სამართლებრივ პასუხს ვეღარ მოვთხოვთ იმ პოლიციელებს, რომლებმაც გადაამეტეს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და დამიზნებით ესროდნენ დათვის ტყვიებს ჩვენს თანამოქალაქეებს. ასევე ხელშეუხებელი დარჩებიან ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებმაც ბრძანება გასცეს დარბევაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, 20 ივნისის ლაქას ფაქტობრივად ჩამორეცხავს პარლამენტში შესული ოპოზიცია ქართულ ოცნებას და ამ ნაბიჯით, ჩემთვის პირადად, იმ სისხლიანი მოვლენების პასუხისმგებლობას საკუთარ მხრებზეც დაიდებენ.

ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ვითომ ნიკა მელიას გამოშვების მოტივით, მის "დანაშაულს" ათანაბრებენ სისხლიანი ჯალათების ქმედებებთან. თუ მელია გამოვა ციხიდან, ამ ოპოზიციონერების დამსახურებით ის იქნება დისკრედიტირებული და მორალურად დაცემული.

რაც შეეხება კონვენციებს, ეგ საერთოდ აბსურდი და შემოგდებული თემაა, ვინაიდან 20 ივნისს დატრიალებული ამბები ვერანაირად ვერ დაკვალიფიცირდება როგორც წამება.

მოკლედ, ჯობია აღიარონ რომ რაღაც იდიოტობაში აქვთ თავი გაყოფილი, შეეშვან ადამიანების ან საკუთარი თავის მოტყუებას და შეინარჩუნონ ღირსება. თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაგაჩნიათ, რომ 20 ივნისი აპატიოთ ბიძინას. თქვენ მანდ საერთოდ არ დაზარალებულხართ! პირიქით, პოლიტიკურად იხეირეთ კიდეც. ასე რომ, ან შედით, ან გამოდით. მორჩით სპეკულაციებს!

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი

| ბეჭდვა |