ახალი ამბები
ბექა ნათელაშვილი აზიის პოლიტიკური პარტიების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

აზიის პოლიტიკური პარტიების ფორუმზე, რომელიც ჩატარდა  მოსკოვში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთართაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ნათელაშვილი. მოსკოვში, რუსეთის უმაღლეს ხელისუფალთა თანდასწრებით მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომ ამ აგრესიის შეჩერება-დარეგულირება მთელი მსოფლიოს პრობლემაა.


 

ბექა ნათელაშვილის სიტყვიდან ამონარიდი:

,,მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც არის მსხვერპლი საერთაშორისო დაძაბულობისა და ექსტრემიზმის. და არის მსხვერპლი სწორედ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელ ქვეყანაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20 % ოკუპირებულია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 10 % დევნილია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ბორდერიზაციაც და ხელოვნური საზღვრების გავლენაც დღემდე გრძელდება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის დასაცავადაც საკუთარ მიწაზე უამრავი ქართველი დაიღუპა და დღესაც იღუპება. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მის მოქალაქეებს აპატიმრებენ საკუთარ მიწაზე გადაადგილებისთვის, მეტი ექსტრემიზმი ვფიქრობ წარმოუდგენელია.

ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ ცნობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ ისტორიის ახალი ფურცლიდან დაწერას. ამ მხარეების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება იქნება ბომბი მთელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, იმ ფონზე როდესაც უმრავლეს სახელმწიფოებს ერთმანეთში გარკვეული ტერიტორიული პრობლემები და პრეტენზიები აქვთ. თუ ეს მაგალითი გადაედო საერთაშორისო სივრცეს, ეს გახდება გლობალური კატასტროფის საფუძველი და პირველ რიგში ეს იქნება პრეცედენტი და სტიმული რუსეთში მცხოვრები ხალხებისათვის, რათა მათაც გაუჩნდეთ დამოუკიდებლობის მოთხოვნის პრეტენზია”.

წყარო: http://euronews.ge

FaceBook Twitter Google
ვიდეოები