ახალი ამბები
მამუკა ჯუღელი: „ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არ არსებობს“

ქართული პოლიტიკის ხვალინდელი დღე სწორედ იმ ახალგაზრდებზე დგას, რომლებიც დღესდღეობით აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში. ახალგაზრდული პროტესტი კი ძირეული რეფორმების განხორციელებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს.

რამდენად ადეკვატურად რეაგირებენ ახალგაზრდები პრობლემებზე? რა განაპირობებს ხელისუფლების „ფრთხილ“ საგარეო პოლიტიკას? რატომ აქვთ ახალგაზრდებს არჩევნების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება?


აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მამუკა ჯუღელს ესაუბრა:

 

_მამუკა, როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ახალგაზრდების მთავარი გამოწვევა უშუალოდ ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით?
_ დღესდღეობით ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მედიის დამოკიდებულება მათ მიმართ, რადგან მედიას ახალი სახეების გაშუქების ნაკლები ინტერესი აქვს. ძალიან იშვიათად, რომ მედიამ მოინდომოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ახალი სახის წარმოჩენა. ვფიქრობ, ახალგაზრდულ პოლიტიკაში საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები არიან ჩართულები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ბევრ ცნობილ პოლიტიკოსზე უკეთესად თავის წარმოჩენა. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს შეუძლებელია, იდეალურად გვქონდეს გააზრებული პროცესების განვითარების პერსპექტივები, ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში და, შესაბამისად, ამ გამოცდილებით და ამ ასაკში შეუძლებელია, ყველაფერი ვიცოდეთ, რაც საჭიროა პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე იძლევა, ახალგაზრდები საკმაოდ კარგად ახერხებენ არსებული პოლიტიკური ვითარების ათვისებას. ეს კარგად ჩანს ყველა იმ აქტივობასა და მოძრაობაში, რომელსაც სისტემატური სახე აქვს და რომლის ორგანიზატორებიც სწორედ ახალგაზრდები ვართ. ფაქტობრივად, მსგავს აქტოვობებსა და საპროტესტო ტალღებს ყოველკვირეული, ყოველთვიური სახე აქვს. ახალგაზრდების მხრიდან მსგავსი აქტივობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ისინი კარგად არიან მორგებული დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს და სათანადოდ იაზრებენ როგორც პრობლემებს, ასევე მათ წინაშე მდგომ გამოწვევებს.
_ საპროტესტო ტალღა ახსენეთ, ხშირად ახალგაზრდების მიმართ ისმის პრეტენზიები, რომ მათი საპროტესტო მუხტი არასწორ საკითხებზეა მიმართული და რომ ახალგაზრდები არ აპროტესტებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა, მაგალითად, დასაქმება ან განათლება. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ ადგილას დგანან ახალგაზრდები მაშინ, როცა საქმე ეხება პროტესტს?
_ ბუნებრივიც არის ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები აპროტესტებენ ისეთ საკითხებს, რომელიც უშუალოდ მათ ეხებათ. იმ პრობლემების მიმართ, რაც მათ არ უკავშირდებათ, ცხადია, ნაკლები პროტესტი აქვთ. არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებსაც არ აქვთ ყურადღება გამახვილებული მთელ რიგ საკითხებზე. სამწუხაროდ, პოლიტიკური სივრცე ისეა მოწყობილი, რომ პოლიტიკური პარტიები და, მათ შორის, ახალგაზრდებიც, მხოლოდ ისეთ საკითხებს აპროტესტებენ, რომელიც უშუალოდ მათ ამომრჩეველს ეხება. დღეს ახალგაზრდებში, ზოგადად, ნიჰილიზმის პრობლემაა _ ისინი ფიქრობენ, რომ მათი პოლიტიკაში ჩართვით პრობლემები ვერ მოგვარდება, ამიტომაც ან გარკვეულ მოძრაობებს უერთდებიან, ან თავად აგორებენ საპროტესტო ტალღებს. მთავარი მიზეზი, რომ მნიშვნელოვან პრობლემებსა აპელირებას ვერ ახდენენ, სწორედ ის არის, რომ მათ, ზოგადად, პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმი აქვთ. ახალგაზრდების ქვეყნიდან გაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ნიჰილიზმია. არ მეგულება ოჯახი, რომლის წევრი ან ახლო ნათესავი საზღვარგარეთ სამუშაოდ არ იყოს წასული, შესაბამისად, ეს, ზოგადად, ქვეყნის პრობლემაა, მათ შორის, ახალგაზრდებისაც. ახალგაზრდების შემთხვევაში წასვლის მიზეზი ძირითადად არის განათლების მიღების ხელმიუწვდომლობა. ახალგაზრდები ან სასწავლებლად მიდიან, რომ შეძლონ თანამედროვე სტანდარტის განათლების მიღება, ან მძიმე სოციალური ფონის გამო საზღვრებს მიღმა უწევთ მუშაობა. ამიტომაც ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარება აუცილებელია, პირველ რიგში, სოციალური მიმართულებით, ასევე მოსაგვარებელია განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიც, რომ „ტვინების გადინება“ შეწყდეს ან შემცირდეს მაინც. იმის გამო, რომ განათლების საკითხებზე აპელირება ამომრჩევლის ხმების მოსაზიდად ნაკლებად მომგებიანია, პოლიტიკური პარტიები ერიდებიან ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, თუმცა „ლეიბორისტული პარტია“, მგონი, ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც 2016 წლიდან იბრძვის, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა მოაგვაროს. მაშინ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ 41 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს აღდგენოდა სტატუსი. ზოგადად ჩვენი პარტიის ხედვაა, რომ სახელმწიფო განათლება უფასო უნდა იყოს. გარდა ამისა, ჩვენ ახლა დავიწყეთ სკოლებში კვების პრობლემასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა, ეს უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს. კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ სკოლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ერთჯერადი კვება უფასო გახდეს.
_ პროტესტზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ რუსეთის ოკუპაციის საკითხი. რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა ამ კუთხით?
_ ოკუპაციის საკითხი უნდა აერთიანებდეს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, თუ არ ჩავთვლით პრორუსულ ჯგუფებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. ვფიქრობ, როცა ოკუპაციის გაპროტესტებაზეა საუბარი, ყველაზე ნაკლებად დგას ის პრობლემა, რომ ხალხი ამას არ აპროტესტებს, პირიქით, ჩვენ გვინახავს ცოცხალი ჯაჭვი საოკუპაციო ზოლთან, მასშტაბური აქციები, მათ შორის, სტუდენტური მსვლელობები ოკუპაციის წინააღმდეგ, სადაც არა მხოლოდ „ლეიბორისტული პარტია“, არამედ ძალიან ბევრი სხვა პარტიაც ყოფილა ჩართული. რუსეთის ოკუპაციის საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში. ბუნებრივია, პერიოდულად ხდება ხოლმე ახალი სენსიტიური მოვლენებით ამის გადაფარვა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი პარტია და ხელისუფლებას მაქსიმალურად მოვუწოდებთ, საერთაშორისო არენაზე გააქტიურდეს და ყველა ტრიბუნა გამოიყენოს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ბატონი შალვა ნათელაშვილი აქტიურადაა ამ მიმართულებით ჩართული, _ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პერიოდში კონგრესმენებსა და სენატორებთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ რუსეთის ოკუპაციის საკითხია. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მნიშვნელოვანი პრობლემაა დავით გარეჯის საკითხი, ამასთან დაკავშირებითაც ახალგაზრდა „ლეიბორისტებს“ არაერთხელ გამოგვიხატავს პროტესტი, აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გავმართეთ, მათ შორის, სხვადასხვა ღონისძიებებსა და მსვლელობებს ვუერთდებით ხოლმე, 25 მაისს გიდების მიერ კანცელარიის შენობასთან გამართულ აქციას შევუერთდით, როგორც სამოქალაქო აქტივისტები და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მათ. ვფქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პარტიული კუთვნილება ან, ზოგადად, სხვა სახის ინტერესი მეორეხარისხოვანია. ოკუპაციის თემა იმდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსგავსი საკითხი პოლიტიკურ და პირად ინტერესზე მაღლა უნდა დავაყენოთ.
_ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, უშუალოდ კი რუსეთთან მიმართებით, გამოწვეულია სიფრთხილით, უუნარობით თუ ამას სხვა რაიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს?
_ ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს. მგონი, ჩვენ არ გვინახავს მცოცავი ოკუპაციის დროს არც ერთი ელჩის განცხადება, მათ შორის არ გვინახავს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომელიმე ქვეყანაში ვიზიტისას განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ეს პრობლემა ნამდვილად აქვს „ქართულ ოცნებას“. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ეს რაიმე გარიგება და თამაშია თუ, უბრალოდ, ხელისუფლების უუნარობა. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ერთადაც იყოს. ერთი რამ ცხადია, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ვერ უზრუნველყოფს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავდროულად, უუნაროდ იქცევა და არ არსებობს ქვეყანაში მკვეთრი საგარეო პოლიტიკური ხაზი, რომელსაც მუდმივად უნდა მიჰყვეს ხელისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საერთოდ არ გააჩნია არანაირი ხედვა.
_ გასულ კვირას შუალედური არჩევნები ჩატარდა, სადაც აქტივობა ძალიან დაბალი იყო. ზოგადად, ამომრჩეველი ნიჰილისტურადაა განწყობილი, თუმცა განსაკუთრებით პასიურობენ ახალგაზრდები. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მთავარი მიზეზი და რა უნდა შესთავაზონ პოლიტიკურმა პარტიებმა ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ არჩევნებზე მისვლის მოტივაცია ჰქონდეთ?
_ ზოგადად. ნიჰილისტურად არიან ახალგაზრდები პოლიტიკური პარტიების მიმართ განწყობილნი, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ ხდება ახალი სახეების წარმოჩენა. ჩვენი პოლიტიკური პარტიის გარდა არ მეგულება სხვა პარტია, სადაც ახალ სახეებს წარმოაჩენენ. ახალგაზრდული მუდმივმოქმედი ორგანიზაციაც კი არ გააჩნია სხვა პარტიებს, გარდა „ლეიბორისტული პარტიისა“. ამიტომაც ახალგაზრდებს უნდობლობა აქვთ. რამდენჯარაც დაიჭირეს სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ურთერთობა, იმდენჯერ მათ აქციებზე სასიარულოდ გამოიყენეს. რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდები ნაკლებად მონაწილეობენ არჩევნებში, ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ისინი, ძირითადად, სტუდენტები არიან რაიონებიდან, სოფლებიდან, შესაბამისად, უჭირთ გადაადგილება და ამიტომაც შეიძლება ისე ჩანდეს, რომ არჩევნებზე ახალგაზრდები პასიურობენ. ახალგაზრდების როლი პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია. ისტორიიდან გამომდინარე, ძირეული ცვლილებები, მათ შორის, რევოლუციური, სწორედ ახალგაზრდული პროტესტით დაწყებულა. ამ ბოლო პერიოდშიც არაერთხელ ყოფილა ფაქტობრივი მცდელობა იმისა, რომ ახალგაზრდებს დიდი საპროტესტო ტალღა აუგორებიათ, ამიტომ ვფიქრობ, ახლგაზრდული ძალა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ყველაზე ძლიერია. თუ პოლიტიკური პარტიები ახალგაზრდებთან სწორად ვიმუშავებთ, ნამდვილად მივიღებთ ბევრად უფრო დახვეწილ და განვითარებულ პოლიტიკურ სივრცეს, ვიდრე დღეს გვაქვს.

წყარო:  http://qronikaplus.ge

FaceBook Twitter Google
ვიდეოები