ახალი ამბები
მამუკა ჯუღელი: „პანდემიის შიში ქრება _ ხალხი ხედავს მთავრობის შეცდომებს“

კორონავირუსის შეჩერებისა და მართვის კუთხით ჩვენს ქვეყანას შედეგი ჰქონდა, თუმცა ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა მთავრობის უსაფუძვლო შეზღუდვებს. ოპოზიცია მუდმივად სთავაზობდა თავის ხედვებს ხელისუფლებას, თუმცა საქართველოს მთავრობა საკუთარი გეგმით მოქმედებდა და სხვას არაფერს ითვალისწინებდა.


 

რა ნაწილში დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პანდემიის დროს? რა პრობლემების წინაშე დადგნენ სტუდენტები? რა გეგმა აქვს ოპოზიციას მას შემდეგ, რაც ხელისუფლების რეიტინგი ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა?
„ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მამუკა ჯუღელს ესაუბრა:

_ პანდემიის პირველი ტალღის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებამ ეფექტიანად გაართვა თავი პრობლემას, თქვენ როგორ შეაფასებთ?
_ პანდემიის შედეგად მიღებული დანაკარგები რომ მცირეა, ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ცალკე ანალიზია საჭირო იმისთვის, თუ როგორი შედეგები გვექნებოდა, მთავრობას სხვანაირად რომ ემოქმედა და ოპოზიციის თუნდაც ერთი მითითება მაინც გაეთვალისწინებინა, რომელიც ამ პერიოდში აქტიურად ისმოდა, მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის მხრიდან. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებდით, რომ საზღვრები გაცილებით უფრო ადრე ჩაეკეტა. თუმცა ხელისუფლებამ არც ერთი მითითება არ გაითვალისწინა. იმის თქმა, რომ მთავრობამ პანდემიის პირობებში ეფექტიანად იმუშავა, ცალსახად არასწორია.

_ სხვა რა დამატებით ფაქტორებს გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ მოქალაქეების თვითშეგნებას, მოსახლეობის რეაგირება პანდემიაზე გაცილებით ადეკვატური იყო, ვიდრე _ ხელისუფლების. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ არ მოუსმინა ოპოზიციის მითითებებს, საზღვრის დროულად ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მეტიც, მათ გასცეს არარელევანტური და წარმოუდგენლად უაზრო რეგულაციები.

_ რა გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვები არარელევანტური იყო?
_ ისეთი რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებდა დისტანციის დაცვას 2 მეტრის რადიუსით, პირბადის ტარებისა და სადეზინფექციო ხსნარების ხშირი გამოყენების აუცილებლობას, ასევე სხვა მსგავსი ტიპის რეგულაციები, ბუნებრივია, სწორი იყო, თუმცა რაც შეეხება დამატებით აკრძალვებს, მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ პანდემიასთან. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება პანდემიით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობასაც კი სათავისოდ იყენებდა, რაც გამოიხატა სიტყვისა და თავისუფლების აკრძალვაში, ასევე ხალხს აჯარიმებდნენ სრულიად უაზრო აკრძალვების გამო, ისეთი კოლოსალური თანხებით, რომელმაც შეიძლება, ადამიანი სრულ გაღატაკებამდე მიიყვანოს, ანგარიშების დაყადაღებამდე და საკუთრების, სახლის დაკარგვამდეც კი, ვგულისხმობ 3000-ლარიან ჯარიმებს, რომელსაც ასე დახამებულები წერდნენ. საერთოდ, გაუგებარი იყო, რატომ აკრძალეს ონლაინ ვაჭრობები, ასევე ვნახეთ ისეთი არარელევანტური აკრძალვები, რომელმაც ეკონომიკა მოკლა. დღემდე ვერ ამოვხსენით ვერც ერთმა მოქალაქემ, რა საჭირო იყო საღამოს 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათის გამოცხადება და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება სუპერმარკეტებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის?! ასევე ჩვენ ვნახეთ, სატრანსპორტო აკრძალვები, რომელმაც ადამიანებს შეუზღუდა გადაადგილების თავისუფლება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავდით მაღალჩინოსნებს საკუთარი მილიონიანი მანქანებით, რომლებიც საერთოდ არ გრძნობდნენ დისკომფორტს. ამიტომაც, ზოგადად, ხელისუფლება ვერასდროს აღიქვამს ხალხის საჭიროებებს, რადგან მათ ეს საჭიროებები არასდროს უდგათ. თუ ჩერდება ეკონომიკური საქმიანობები ან სატრანსპორტო მოძრაობები, მხოლოდ მოსახლეობისთვის. მსგავსი დისკომფორტი არასდროს ექმნება ხელისუფლებას. ჩვენ ვნახეთ, რომ მაღალჩინოსნები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ხელფასების აღებას, ჩვენი გადასახადებით აკრეფილი ბიუჯეტიდან საწვავის მოხმარებას და ჩვენი ფულით ნაყიდი ჯიპებით გადაადგილებას. ჩვენ ასევე ვნახეთ კონკრეტული მაგალითები, როცა „სუფთა სახლი“ ისე დახურეს, არანაირი ახსნა-განმარტებები არ მოგვისმენია დღემდე. ხელისუფლებას გონიერება რომ გამოეჩინა და ასე დიდი ხნით და მასშტაბურად არ შეეჩერებინა ეკონომიკური საქმიანობები, არც ადამიანები დაკარგავდნენ შემოსავლებს და არც ქვეყნის ეკონომიკა გაჩერდებოდა, შესაბამისად, ეს გაჭირვებაც ასეთი მძიმე ფორმებით არ დადგებოდა. 

_ კონკრეტულად რომ გვითხრა მაგალითი, როცა პანდემიით გამოწვეული აკრძალვების გამო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა.
_ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულაო. მას უნდა ახსოვდეს, რომ ზუსტად მისი ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე ლეიბორისტული პარტიის სამი წევრი, რომლებიც ბრიფინგს ვატარებდით დისტანციის სრული დაცვით კანცელარიის შენობის წინ, დაგვაჯარიმეს. ჩვენ მხოლოდ განცხადების გასაკეთებლად ვიყავით მისულები, ტენდერებში გაფლანგული მილიონების სამხილებლად. ამ განცხადების გაკეთებას ხელისუფლების „ტიტუშკებმა“ სამარცხვინოდ უწოდეს მრავალრიცხოვანი აქცია. თითქოს, ლეიბორისტული პარტიის სამმა წევრმა გამოვიწვიეთ ხალხმრავლობა და სამი ადამიანი ვატარებდით აქციას, ამ მიზეზით ჩვენ დაგვაჯარიმეს. რა თქმა უნდა, ეს გავასაჩივრეთ, ჩვენი სარჩელი საქმის წარმოებაში მიღებულია და ამ ეტაპზე სასამართლო სხდომების დანიშვნას ველოდებით. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაირღვა გამოხატვის თავისუფლება და როგორ აგვიკრძალეს ბრიფინგის ჩატარება სამ ადამიანს, მაშინ, როცა სამი ადამიანის შეკრება არ იყო აკრძალული. ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება.

_ პანდემიის პირობებში სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლებაზე გადავიდა და ხელისუფლების 
მტკიცებით საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროცესი. როგორ შეაფასებ ამ მიმართულებას?
_ მიუხედავად განათლების სფეროში არსებული უზარმაზარი ხარვეზებისა, უშუალოდ სასწავლებლებს, მასწავლებლებს, ლექტორებს იმაზე უკეთესი რეაგირება ჰქონდათ, ვიდრე მე ველოდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სირთულე და ხარვეზი იყო ონლაინ სწავლებებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში აკადემიურ წლად გამოცხადება არ გახდა საჭირო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, ჩვენ მოვისმინეთ ე. წ. ანტიკრიზისული გეგმა, სადაც საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სტუდენტებზე, რომლებსაც ძალიან დიდი თანხის გადახდა უწევთ სწავლაში, ასევე იმათზე, ვინც რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები, თბილისში ბინის ქირას იხდიდნენ, სწავლების საფასურს. ამ ადამიანებს არანაირი შეღავათი არ გაუკეთეს და სემესტრის გადასახადიც კი არ დაუფარეს, ეს იმ დროს, როდესაც პრემიერმა ბანკებს 600 მილიონზე მეტი გადასცა. ბუნებრივია, ეს სტუდენტებისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო, რადგან მათმა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, ძალიან ბევრს პანდემიის პერიოდში თბილისიდან რეგიონში დაბრუნება მოუწია, მათ შორის დიდმა ნაწილმა ვერ გადაიხადა სწავლის საფასური, რის გამოც უახლოეს მომავალში შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი, რამდენიმეს უკვე შეუჩერდა კიდეც. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის დროს ახალგაზრდების საჭიროებები არ გაითვალისწინა. მაშინ, როდესაც ხელისუფლება უამრავ ფულს ხარჯავს ბანკებსა და საკუთარ სამშენებლო კომპანიებზე, სამწუხაროდ, გახარიამ გადაწყვიტა, რომ ისევ ამ მიმართულებებს მოახმაროს საგარეო ვალი და ერთი თეთრიც კი არ გაიღოს ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნივერსიტეტებში 1125 ლარი, ხშირ შემთხვევაში კი კერძო სასწავლებლებში უფრო მეტიც კი აქვთ გადასახადი. ეს ნამდვილად რთული წელი იქნება სტუდენტებისთვის. წლის ბოლოს ვნახავთ, რომ 40 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტის რაოდენობა გაიზრდება. 29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკას 16.6%-იანი ვარდნა აქვს, ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ მთელ მოსახლეობას ძალიან მძიმე ფინანსურ რისკად დაუჯდა და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდება, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის. ბევრმა სამსახურდაკარგულმა ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, ხელისუფლება კი _ დუმს… 

_ პრემიერი გახარია ანგარიშით წარდგა პარლამენტში. უმრავლესობის წევრებმა მასტერკლასი უწოდეს მის გამოსვლას, რამდენად დამაჯერებელი იყო პრემიერი და დახვდა თუ არა მომზადებული მას ოპოზიცია?
_ გახარია თავის ამპლუაში იყო, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, თავისი ცინიკური დამოკიდებულებით ოპოზიციის მიმართ. გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ ოპოზიციონერთან ლაპარაკისას ის მის ამომრჩეველსაც ელაპრაკება, შესაბამისად, ის მასხრად იგდებს არა მხოლოდ ოპოზიციონერებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც მათ მანდატი მიანიჭა. ვფიქრობ, ლეიბორისტულ პარტიას შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან კითხვები დაესვა მმართველი გუნდისთვის, ჩვენი კითხვები ბევრად უფრო მწვავე, კრიტიკული იქნებოდა. თუკი დავუშვებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის კითხვები პრემიერის მისამართით სუსტი იყო, გახარიამ ამ სუსტ კითხვებზეც კი ვერ გვიპასუხა არგუმენტირებულად. 

_ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, მათ შორის, ნეიტრალურ ამომრჩეველში, გაჩნდა განცდა, რომ მთავრობამ ეფექტიანად იმუშავა. ექსპერტთა ნაწილიც საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა კორონავირუსი. ამ ფონზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რას უპირისპირებთ ოპოზიცია გაძლიერებულ ხელისუფლებას?
_ ვირუსის მიმართ შიში იმდენად დიდი იყო და ხელისუფლებამაც იმდენად მონსტრად წარმოაჩინა ეს ვირუსი, თითქოს მთელ ერს გაწყვეტდა, სწორედ ამ შიშის ფაქტორის დანერგვით ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილს აფიქრებინა, რომ მიღებული ზომები ადეკვატური იყო, თუმცა რაც დრო გადის მოსახლეობის ეს განწყობები სულ უფრო იცვლება ოპოზიციის სასარგებლოდ. იმ ოპოზიციის სასარგებლოდ, რომელიც მუდმივად მიუთითებდა გახარიას თავის შეცდომებზე და იმ დიქტატორულ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ის იღებდა. რაც უფრო დრო გადის და პანდემიის შიში ქრება, ხალხი ცივი გონებით იწყებს მოვლენების აღქმას და ხედავს ხელისუფლების დაშვებულ შეცდომებს. მას შემდეგ უკვე, რაც ამ ადამიანებს 2-3 თვით შეუჩერეს სამსახურები და საშიმშილოდ გაიმეტეს, ვერც ერთი ადამიანი იფიქრებს იმას, რომ თითქოს გახარია კარგი კრიზისმენეჯერია. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ გვაქვს 16.6%-იანი ეკონომიკური ვარდნა? რატომ არის ლარი ამ დონეზე გაუფასურებული? ამ პანდემიის დროს რატომ აქვთ სამსახურის დაკარგვის გამო სუიციდის მცდელობები ადამიანებს? ასეთ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მილიარდობით ვალი აიღო, რომელიც ჩვენი გადასახდელია, ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა დღემდე არ ჩარიცხულა 200-ლარიანი კომპენსაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამსახურის გარეშე დატოვეს. ისიც კი ტყუილი აღმოჩნდა, რომ ეს დახმარება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ხელისუფლებამ თავადვე თქვა, რომ როგორც კი ადამიანს შემოსავალი დაუფიქსირდება, მას ეს დახმარება შეუწყდება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ვნახავთ, რომ ეს განწყობები, რომელიც მოსახლეობაში პანდემიის შიშმა გამოიწვია, მაშინვე შეიცვლება, როგორც კი ამას ვიგრძნობთ ჩვენს ჯიბესა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


წყარო: http://qronikaplus.ge

FaceBook Twitter Google
ვიდეოები