ახალი ამბები
რატომ ემთხვევა კორონას პიკი საარჩევნო კამპანიის ფინალს
..
"ფაქტს, რომ კორონას პიკი საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო კამპანიის ფინალურ ფაზას, ცოტა არ იყოს ციფრებით მანიპულირების სუნი უდის. როგორ და რანაირად იქმნება ხელოვნურად სტატისტიკური მონაცემები, ზუსტ სქემას ვერ გეტყვით, მაგრამ არაერთი შემთხვევის შესახებ მსმენია უკვე რომ აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებს დაუდგინდათ ვირუსი, მეტიც - დადებითი პასუხი მოვიდა ადამიანზე, რომელსაც ტესტი საერთოდ არ ჩაუტარებია. მოდით უბრალოდ, ერთი წუთით გავაკეთოთ დაშვება, რომ ოცნებას შეუძლია ყოველდღიურად თავისთვის სასურველი კოვიდ-ციფრის დაწერა და დავსვათ შეკითხვა:
რაში აწყობს ხელისუფლებას ციფრებით მანიპულირება და როგორ გამოიყენებს ამას თავის სასიკეთოდ?
მოვლენების განვითარების 2 შესაძლო ვარიანტს ვვარაუდობ მე:
  1. პანდემიის პირველმა ტალღამ საკმაოდ დიდი მღელვარება და შეიძლება ითქვას პანიკა გამოიწვია საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა რომ დღეში 8-10 ხანდახან 15 შემთხვევა ვლინდებოდა, ფსიქოლოგიურ ტერორში მყოფი მოსახლეობა ყოველ კუთხე-კუნჭულში ჩასაფრებულ უხილავ სიკვდილს ელოდა, დღეში ხელებს 20-30 ჯერ იბანდა და ა.შ. მას შემდეგ რაც მოხერხდა პირველი ტალღის დროებით შეკავება, ხალხმა ამოისუნთქა, შვება იგრძნო და თითქოს მადლიერება დაეუფლა ხელისუფლების მიმართ. სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ოცნების რეიტინგი გაზრდილი იყო, მაშინ როდესაც პანდემიამდე მათ მიმართ ნდობა მინუსებში მიდიოდა.
    თუკი იგივე მასშტაბის პანიკა კვლავ დაითესება ხალხში, მაშინ პირველი ტალღის პრაქტიკაზე დაყრდნობით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესების შემთხვევაში, მოსახლეობაში კვლავ მადლიერების გრძნობამ უნდა გაიღვიძოს და შესაბამისად, ხელისუფლების რეიტინგმა აიწიოს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ რამდენიმე დღიანი 4 ნიშნა სტატისტიკების რახარუხის და
    უაზრო (თუმცა ზომიერი) რეგულაციების დამატების შემდეგ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციფრებმა დაიწყოს მკვეთრი კლება და ეს "დამსახურება" ქართულმა ოცნებამ საკუთარ აქტივში ჩაიწეროს. შესაბამისად არჩევნებზე რამდენიმე პროცენტით მეტი აიღოს და ხელისუფლებაში დარჩენის შანსები გაიჩინოს.
  2. მეორე ვარიანტს ხელისუფლება იმ შემთხვევაში მიმართავს, თუკი ხალხმა ბოლომდე არ დაიჯერა ვირუსის სიმწვავე და მასიურმა პანიკამ არ მოიცვა საქართველო. თუ არ არის მძაფრი შიში, მაშინ შესაბამისად ვერც იარსებებს "თეთრ რაშზე ამხედრებული გახარიაც", რომელიც ამ შიშს შვებად აქცევს. ამ შემთხვევაში აღარ ხდება ციფრების მკვეთრი ვარდნა, პირიქით - შეინარჩუნებენ ბოლომდე კრიტიკულ სტატისტიკებს და გააკეთებენ ყველაფერს რათა რიგითი ამომრჩეველი არ წავიდეს არჩევნებზე. დაიწყება კიდევ უფრო აქტიური განხილვა იმის, ღირს თუ არა საერთოდ არჩევნების ჩატარება და ხომ არ ჯობია საერთოდ გადავდოთ. ბოლოს რათქმაუნდა მაინც ჩატარდება, მაგრამ ხალხს დააჯერებენ რომ არჩევნებზე წასვლა აშკარად საფრთხის შემცველი მოქმედებაა და შეეცდებიან ოდნავ ნიჰილისტური ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე მისვლა დიდად მაინც არ ეხალისებოდა, გარანტირებულად დატოვონ სახლებში. შედეგად საარჩევნო აქტივობა იქნება დაბალი, საკუთარ ამომრჩევლებს მაინც მიიყვანენ რადგან მთელი ადმინისტრაციული და ფულადი რესურსი მათ უმაგრებთ ზურგს და ასე გაიჩენენ ხელისუფლებაში დარჩენის შანსებს.
  • რაც არ უნდა იყოს, ქართული ოცნების გათვლა ყველა ვარიანტში ის იქნება, რომ ხალხმა არჩევანი ძლიერ ემოციურ ფონზე გააკეთოს, ხოლო ამ ემოციას თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ბოლოსდაბოლოს არ დაგვავიწყდეს ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს როგორ მოვიდა ხელისუფლებაში - ემოციური არჩევანის ხარჯზე (ციხის კადრები).
  • ჩვენი მიზანი უნდა იყოს ცალსახა და ნათელი - აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე და მოვიშოროთ არაფრის მაქნისი, პრო-რუსი, მანიპულატორი ხელისუფლება. პროპორციული არჩევნების უდიდესი მონაპოვარი სწორედ ის არის, რომ თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს და ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოვიყენოთ!" _ ლეიბორისტული პარტიის, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხელ ქუმსიშვილი

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები
1