პროგრამა
ცხრა ნაბიჯი გამარჯვებისკენ 2013 წელი
ცხრა ნაბიჯი გამარჯვებისკენ
2013 წელი
1. საქართველოს პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილის არჩევა იქნება დემოკრატიის, მშვიდობის, სიმართლის, ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული გამთლიანების, თითოეულ ადამიანზე, ოჯახზე, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად სახელმწიფო ზრუნვის გარანტია.  აქტიურად დაიწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემომტკიცების, მოძმე აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების პროცესი.
2. შეწყდება საქართველოში ზესახელმწიფოთა დაპირისპირება, ქვეყანა გადაიქცევა მსოფლიო პოლუსების თანამშრომლობის სივრცედ. აღსდგება რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობები. მიღწეულ იქნება რუსეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან გამარტივებული უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. გაგრძელდება ვროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული მჭიდრო თანამშრომლობა. 
დაიწყება ამიერკავკასიის ხალხთა ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესები.
3. განათლება მთლიანად ბაგა-ბაღებიდან უმაღლესამდე იქნება ბიუჯეტიდან დაფინანსებული. სტუდენტებზე აღსდგება სტიპენდიის გაცემა. Gგაიზრდება ლექტორ-პედაგოგთა ხელფასები.  ნიჭიერი ახალგაზრდები მასობრივად გაიგზავნებიან უცხოეთის უმაღლესებში განათლების მისაღებად სახელმწიფოს ხარჯზე.
ყველა რეგიონში გაიხსნება უფასო სპორტული სკოლები, ადგილებზე დაინიშნება სპორტული ორგანიზატორები.
4. ჯანმრთელობის დაცვა, გადაუდებელი ოპერაციების ჩათვლით მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.   გაიზრდება სამედიცინო პერსონალის ხელფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები უმწეოთათვის იქნება უფასო.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტები და სიმდიდრეები დაუბრუნდება სახელმწიფოს საერთო-სახალხო საკუთრებაში, აიკრძალება სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა უცხოეთის მოქალაქეებზე.
6. საგანგებო ზრუნვის სფეროდ გადაიქცევა ახალგაზრდული პოლიტიკა. ქორწინების რეგისტრაცია, ერთკვირიანი საქორწილო მოგზაურობა, მშობიარობა მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფოს ხარჯზე, ბავშვის დაბადებისთანავე მის სახელზე გაიხსნება ანგარიში, სადაც სახელმწიფო 18 წლის ასაკამდე ჩარიცხავს შესაბამის თანხას.
7. სახელმწიფო სტრატეგიად გადაიქცევა წვრილი და საშუალო ბიზნესის დაცვა, დაწესდება ფიქირებული გადასახადი, გაუქმდება საკასო აპარატები, არ დაიშვება ამ დარგში დასაქმებულთა ფინანსური დატერორება და გაუთავებელი შემოწმება – დაჯარიმებები.
ყველაფერი გაკეთდება, რათა ბიზნესმენი, გლეხობა მასობრივად გავიდეს რუსეთის ბაზარზე, გაიტანოს პროდუქცია და ორ ქვეყანას შორის განახლდეს კაპიტალისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილება.  გაიხსნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემსყიდველი სახელმწიფო პუნქტები, აღსდგება მანქანა- ტრაქტორების ცენტრები.
8. ჩატარდება ძირფესვიანი რეფორმა პოლიტიკური სისტემისა, ხალხისგან არჩევითი იქნება მუნიციპალიტეტების, ქალაქების, სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები, მოსამართლეები და მაქსიმალურად მეტი თანამდებობის პირი.
გაუქმდება მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი, მკვეთრად შემცირდება უმაღლესი ელიტის შესანახი ხარჯები, დეპუტატი დაექვემდებარება ვადამდე გამოწვევას, შეწყდება კოჰაბიტაცია. ყველა თანამდებობის პირი პასუხს აგებს ჩადენილ გადაცდომებსა და დანაშაულობებზე. ქვეყანაში გაუქმდება საშვების სისტემა.
9. გაუქმდება წყალზე გადასახადი, განახევრდება ელექტოენერგიასა და სხვა ენერგო რესურსებზე უსამართლო ტარიფები.
განსაკუთრებული ზრუნვა დაწესდება პენსიონერებზე,   დევნილებზე, ინვალიდებზე, მრავალშვილიანებზე, მარჩენალდაკარგულებზე, მარტოხელებზე.
ყველაფერი გაკეთდება ემიგრაციაში წასული ქართველების დასაბრუნებლად.
ეტაპობრივად დაიწყება წართმეული ანაბრების გაცემა, შემცირდება საბანკო ყაჩაღური პროცენტები, შეწყდება მოვალეების გამოსახლება, გაიცემა გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები.
აღსდგება უსახლკაროთათვის სახელმწიფო საბინაო ფონდი. 
ყველა მოქალაქეს აღუდგება შელახული პოლიტიკური, სოციალური და ქონებრივი უფლებები.

| ბეჭდვა |