ახალი ამბები
დადგენილების პროექტი ,,ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ“

,,ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ“

(პარლამენტში შეტანილი პროექტი)

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს

 

გიგზავნით ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. იმედია, ყოველგვარი პარტოილ-პოლიტიკური ეგოიზმიოს გარეშე თვალს გაუსწორებთ რეალობას და მიიღებთ ამ დადგენილებას, რაც ჩაკეტავს სამომავლოდ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს მოსპობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, რომელიც კარს კი არ მოგვდგომია, უკვე შინაა შემოსული.


 

მოგეხსენებათ, რუსეთის პარლამენტში გამზადებულია დადგენილება ოსი ხალხის გენოციდზე, რომელსაც თურმე ჩვენ ვაწყობდით. ნუ იზამთ ისე, რომ კვლავ დაგვასწროს კრემლმა იდეოლოგიური ომის მოგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული თვქენთაგანი პასუხს აგებთ ჩვენი მომავლის წინაშე.  გაიხსენეთ რომ თქვენს პარლამენტარებს უკვე მიღებული აქვთ ჩერქეზთა გენოციდის დადგენილება და ნუ გამოგვივა ისე კუდა ხარი რომ სხავს ბუზებს უგერიებდა. გაითვალსწინეთ, რომ სომხებმა და ებრაელებმა სწორედ ამგვარი სტატუსით შეძლეს ფიზიკური და სახელმწიფოებრივი გადარჩენა.

 

შალვა ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

 




საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ

საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ ქართველი ერი, რომელსაც გააჩნია სამი ათასს წელზე მეტი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ისტორია, რომელმაც შექმნა უნიკალური კულტურა და ცივილიზაცია, რომელიც მსოფლიოში 14 ანბანიდან ერთ-ერთის ავტორია, რომელიც მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანული ქვეყანაა. რომელიც ითვლება ღვინის სამშობლოდ, 4000 ვაზის ჯიშიდან - 500, ასევე, 23 ხორბლის კულტურიდან 14 ქართულია და ეს ერი ყოველთვის ისტორიულად იყო გენოციდური ომების ობიექტი, რაც გრძელდება დღევანდელ ეტაპზეც. საქართველოს პარლამენტი მთელი მსოფლიოს გასაგონად სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართველი ხალხი, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო ათასწლეულების მანძილზე წარმოადგენს მსხვერპლს, სისხლისმღვრელი, უსასტიკესი თავდასხმებისა, რომელთა მიზანია არა მარტო ქვეყნის ან მისი ნაწილის დაპყრობა, არამედ ქართველი ერის ფიზიკური მოსპობა, მისი კულტურის, სარწმუნოების, ეროვნული თვითმყოფადობის ლიკვიდაცია.

აღნიშნულის ნათელი დადასტურება ისტორიულად ცნობილი მრავალსაუკუნოვანი შემოსევებია, რომელთა შორის გამოირჩევა არაბთა, სპარსთა, ხაზართა, სელჩუკთა, ოსმალოთა, მონღოლთა, ირანელთა, თურქთა ლაშქრობები, რასაც შედეგად მოჰყვა მილიონობით ქართველის ეროვნული ნიშნით ფიზიკურად მოსპობა, ასევე, მილიონობით ქართველის აყრა საკუთარი მიწებიდან, უცხო ქვეყნებში იძულებითი გადასახლება და კიდევ ათეულ მილიონობით ადამიანის გაყიდვა მონებად, ძირითადად აზიის ბაზრებზე.

 

დადასტურებულად არსებული ფაქტები ქართველთა ისტორიული გენოციდისა მართლაც შემზარავი მასშტაბებისაა. 1226 წლის, 9 მარტს დედაქალაქ თბილისში შემოჭრილმა ხვარაზმის შაჰმა ჯალალ ად-დინ-მა  მარტო ერთ დღეს ეთნიკუ-რელიგიური მოტივით, 100000 მშვიდობიანი ქრისტიანი  ქართველი დახოცა, რადგან მათ არ გადააბიჯეს ხიდზე დაგდებულ ჯვარს. შუააზიის  ემირი, თემურ ლენგი 1386-1403 წლებში რვაჯერ შემოესია საქართველოს, მასობრივად დახოცა და აყარა ასიათასობით ქართველი და მასობრივად გადაწვა ეროვნული კულტურის სიმბოლო ვაზი. 1614-1617 წლებში ირანის შაჰის გენოციდური ბრძანებით, 400 ათასზე მეტი ქართველი ეთნოწმენდის გზით იძულებით აყარეს და გადაასახლეს სპარსეთში, მათ ადგილას კი ჩამოსახლეს თურქმენულ-ისლამური ტომები. გენოციდური ფანტაზიის მასშტაბებსაც კი სცილდება 1616 წლის ქრისტიანულ აღდგომას, სპარსეთის შაჰის აბას I-ის ბრძანებით, დავით-გარეჯის ქრისტიანულ კომპლექსში ეროვნულ-სარწმუნოებრივი ნიშნით, 6000 ბერისა და ღვთისმსახურის მასობრივი გაჟლეტა.

 

1801 წლიდან დღემდე ქართველი ერის გენოციდს ახორციელებს იმპერიული რუსეთის ყველა ფორმაციის ხელისუფლება, აღნიშნულის დასტურია ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება, ეკლესიისთვის ავტოკეფალიის წართმევა, 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია, ანექსია, ტერიტორიათა მიტაცება და გადაცემა სხვა მეზობელ სახელმწიფოზე. სადაც განხორციელდა მილიონობით ქართველის იძულებითი ასიმილაცია, ენის, სარწმუნოების, კულტურის წართმევა. საყურადღებოა, რომ ფაშიზმსა და ბოლშევიზმს შორის წამოწყებულ ომს 1941-1945 წლებში სამ მილიონიანი მოსახლეობიდან შეეწირა 400 ათასი ქართველი.

დღესაც გენოციდის პოლიტიკა ქართველ ხალხთან მიმართებაში რუსეთის წამყვანი სტრატეგიაა, რასაც სათავეში უდგას პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. აღნიშნულის ცალსახად დადასტურებაა რუსეთის მიერ 90-იან წლებში წამოწყებული სისხლისმღვრელი ომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესია, საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაცია, ძირძველი ქართული ტერიტორიიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის გამოძევება ეროვნული ნიშნით, ათეულ ათასობით ადამიანის მკვლელობა ეთნიკური მოტივით, ამ ტერიტორიათა აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის არნახული დისკრიმინაცია; იძულებითი ასიმილაცია, ქართულ ენაზე სწავლების, საქმიანობის აკრძალვა, ქართული კულტურის ძეგლთა მოსპობა - გადაკეთება. ქართული ქალაქებისა და სოფლების ფიზიკური განადგურება, მათზე ქართული კვალის წასაშლელად. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები, მათი წამება დაპატიმრება. ეს ყველაფერი ყოველდღიური ტრაგედიაა ქართველი ხალხისათვის.

1. ეთნიკური სიძულვილი და არნახული გენოციდი იქამდე მივიდა რომ აფხაზეთის,  ქართველებით დასახლებულ ქალაქ გაგრის სტადიონზე რუსმა სამხედროებმა და მათმა დაქირავებულმა მებრძოლებმა 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი მოჭრილი თავებით ითამაშეს ფეხბურთი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ მეფის რუსეთი, შემდგომ საბჭოთა იმპერია ეთნიკური სურათის შესაცვლელად აძევებდა ქართულ მოსახლეობას და რუსეთის ჩრდილო კავკასიიდან მიზნობრივად ასახლებდა ძირძველ ქართულ მიწებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უცხო ეთნოსებს. ხელოვნურად აკოწიწებდა მათგან ერებს, უქმნიდა ყალბ ისტორიას და ამ სახელის გამოყენებით, უკვე დღეს მოსკოვმა ოკუპაციის გზით ხელში ჩაიგდო საქართველოს  ტერიტორიათა 20 პროცენტი.

ამგვარად, გენოციდის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად სახეზეა ქართველი ხალხის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი, რომლის მიზანი იყო და არის ეროვნული ჯგუფის წევრთა მკვლელობა, ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას. აგრეთვე, გამოკვეთილია ქართველი ხალხის დისკრიმინაცია, ეთნოწმენდა, კულტურულ-რელიგიური დევნა. ყველაფერი ეს დღესაც ხორციელდება, ამჯერად, რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიისა და ოკუპაციის მეშვეობით, სანქციებით, ქართველი ხალხის დევნით, ეროვნული ნიშნის მიხედვით არამარტო საქართველოში, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დადასტურებულად იქნეს ცნობილი ისტორიული და მიმდინარე გენოციდი ქართველი ხალხის გასანადგურებლად;

2. არსებული ფაქტობრივი მტკიცებულების და მასალების საფუძველზე, ყველა სახელმწიფო ორგანომ გონივრულ ვადებში უზრუნველყოს, ქართველი ერის მიმდინარე გენოციდში მხილებული, ეჭვმიტანილი, თანამონაწილე პირთა მიმართ სისხლისა და საერთაშორისო სამართლებრივი დევნის განხორციელება.

3. ეთხოვოს მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ქვეყნის მთავრობებს, პარლამენტს აღიარონ ქართველი ხალხის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი. რაც იქნება არა მარტო ქართველი ხალხისა და ქართული ცივილიზაციის გადარჩენა, არამედ უზრუნველყოფს მშვიდობას როგორც რეგიონში ასევე, მსოფლიოში და ახალ საფეხურზე აიყვანს ყველა პატარა დაუცველი ერის უსაფრთხოებას, იმპერიული და გენოციდური პოლიტიკისგან.

 

4. გამოცხადდეს 2 ოქტომბერი ქართველი ერის გენოციდის დღედ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

| ბეჭდვა |