პროგრამა
"გამწვანება გადარჩენისთვის"
..
გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

ურბანული გამწვანება


"გამწვანება გადარჩენისთვის"

საქართველოში რეგისტრირებულ დადგენილ დიაგნოზებში, ბოლო 16 წელია, რაც პირველ ადგილს იკავებს სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობები, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები მეორე, ან მესამე ადგილზეა (საქსტატი 2019). ეს მოცემულობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სწორედ ურბანულ სივრცეებში ჰაერის მწვავე დაბინძურებასთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზე იყო ჰაერის დაბინძურებით (საყოფაცხოვრებო და გარეგანი დაბინძურება) გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით და ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით ქალაქ თბილისსა და რუსთავში.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სტაციონარული და მოძრავი წყაროებიდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირება და ქალაქებში ყოვლისმომცველი „მწვანე რევულუცია“!

ჩვენი მიზანია მკვეთრად შევამციროთ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და გავაუმჯობესოთ მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი. აღნიშნულის მისაღწევად გთავაზობთ „სტრატეგიული გამწვანების“ გეგმის რამდენიმე პრიორიტეტს.

  • ქალაქების გამწვანებული ტერიტორიების ფართობის გაორმაგება; გამწვანებული ტერიტორიების თანაბარი განაწილებისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების მაქსიმალური გათვალისწინება;

  • თბილისში ხე-ნარგავების მასობრივი ხმობის საწინააღმდეგო სრულმასშტაბიანი პროგრამის განხორციელება;

  • ურბანული გამწვანებული ტერიტორიების გასხვისების, ასევე ჯანსაღი ხეების ჭრის სრული აკრძალვა, საკანონმდებლო დონეზე;

  • მშენებლობისას სავალდებულო „გამწვანების კოეფიციენტის“ მაჩვენებლის გაორმაგება

  • არამდგრადი ფერდობების და ფერდობის პირა გამწვანების პრიორიტეტული განვითარება, ნიადაგდაცვითი, მეწყერ და ჰაერის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურების საწინააღმდეგო ფუნქციების შესასრულებლად.

მიწისზედა (მათ შორის ვერტიკალური, სახურავის, აივნების) გამწვანების შექმნის უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, სადაც გამწვანების დასახული მაჩვენებლის სხვა გზით მიღწევა შეუძლებელია.





მწვანე და ენერგოეფექტური სახურავები

მწვანე და მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა ეკოლოგიური დეგრადაციის, კლიმატის ცვლილების და ჰაერის დაბინძურების პირობებში, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროექტია მწვანე სახურავების სისტემის დანერგვა მჭიდროდ დასახლებულ საქალაქო ტერიტორიებზე, სადაც გამწვანებული საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობა აღინიშნება.
მწვანე სახურავი წარმოადგენს შენობის სახურავის ზედაპირს, რომელიც დაფარულია ბუნებრივი მცენარეული საფარით. ის გამოიყენება ურბანულ სივრცეებში მშენებლობების შედეგად განადგურებული ვეგეტაციის წილის ასანაზღაურებლად, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ და ქალაქებში “ცხელი კუნძულის“ ეფექტის შემცირების მიზნით.
მწვანე სახურავებს განასხვავებენ სისტემის ფენაში არსებული სუბსტრატის (ნიადაგის) სიღრმისა და მცენარეული საფარის ტიპის მიხედვით, ასეთებია: ინტენსიური, ექსტენსიური და შერეული ტიპის მწვანე სახურავები.


მწვანე სახურავების უპირატესობები:

  • ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება
    სპეციალისტების მიერ სახურავების გამწვანებისთვის შერჩეულ მცენარეებს აქვთ ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლის ეფექტურად აკუმულაციის უნარი. როგორც ცნობილია, მწვანე სახურავები ამცირებენ ჰაერში ნახშირორჟანგის, ოზონის, აზოტის დიოქსიდის, მტვრის მყარი ნაწილაკების, გოგირდის დიოქსიდის, მძიმე მეტალების და სხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციებს.

 

  • სახურავის გადახურების პრევენცია- დაწეული ტემპერატურა შენობებში.
    თბილისსა და სხვა ქალაქებში არსებული შენობების გადახურვა არაეფექტურია ადგილობრივი კლიმატის და ქალაქში არსებული მწირი გამწვანების პირობებში.
    ტრადიციული სამშენებლო მასალები შთანთქავენ მზის რადიაციას და ხელახლა გამოყოფენ მას სითბოს სახით, რის შედეგადაც ქალაქებში არსებული ტემპერატურა ქალაქგარეთ არსებული ტემპერატურისგან 4 გრადუსით მაღალია. კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, რომ თუ ქალაქში არსებული ყველა ნაგებობის სახურავებს გავამწვანებთ, ქალაქის ტემპერატურა საშუალოდ 7 გრადუსით დაწევს და დაიძლევა „ურბანული ცხელი კუნძულის“ ეფექტიც.

 

  • კომუნალური გადასახადების შემცირება
    გაცხელებული კონსტრუქციების გამო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იზრდება კომუნალური გადასახადები, რადგან საჭირო ხდება ჰაერის კონდიცირება, ან ვენტილაცია ინტენსიურ რეჟიმში. მწვანე სახურავები ამცირებენ ელექტოენერგიის მოხმარებას ცხელ სეზონებში, რადგან ისინი აგრილებენ შენობებსა და გარე ფასადებს. შესაბამისად, მცირდება კომუნალური გადასახადები კონდენციონერის და სხვა გამაგრილებელი საშუალებებისთვის. მწვანე სახურავები ასევე ამცირებენ სითბური ენერგიის დაკარგვას ცივ სეზონებში და შესაბამისად, იზოგება გათბობისთვის განკუთვნილი ხარჯებიც.

 

  • ენერგოეფექტურობა- მზის პანელების დამონტაჟება ქალაქის სახურავებზე
    სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სტრატეგიულ გამოყენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმ შემთხვევაში, თუ მწვანე სახურავებზე დამონტაჟდება მზის პანელები (მოწყობილობა, რომელიც განახლებად ენერგეტიკულ რესურსს-მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად), მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯები საგრძნობლად შემცირდება, ან ზოგიერთ სეზონში ელექტროენერგიის მოხმარება იქნება უფასო.

 

  • სანიაღვრე სისტემების დატვირთვის შემსუბუქება
    მწვანე სახურავები აქტიურად შთანთქავენ და აყოვნებენ წვიმის წყლის ჩამონადენს. ინტენსიური წვიმისა და სეტყვის პირობებში, ადგილობრივი სანიაღვრე სისტემები ნაკლებ დატვირთვას განიცდიან და ქუჩებიც, შესაბამისად, ნაკლებად იტბორება. მწვანე სახურავების დამსახურებით, წყალდიდობის ნაკადი მცირდება 75%-ით.
    ამრიგად, მწვანე სახურავების პროექტში ინვესტიციის ჩადება ფინანსურად ეფექტური გადაწყვეტილებაა, რადგან თავიდან არის აცილებული ასევე დატბორვასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

 

  • ბიომრავალფეროვნების დაცვა
    მწვანე სახურავები ქმნიან ბუნებრივ ჰაბიტატებს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად. მწერებისა და ფრინველების მრავალი სახეობა წარმატებით იყენებს ამ დამატებით საცხოვრებელ სივრცეს და გარდა იმისა, რომ ქალაქებში მწვანე სახურავების გავრცელება ეკოლოგიური დეგრადაციის წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისინი ასევე წარმოადგენენ გადამფრენი, მიგრირებადი ფრინველებისთვის დროებით თავშესაფარს და ასევე სხვა სახეობებისთვის დაცულ საცხოვრებელ ადგილს. ცხადია, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მწვანე სახურავის ტიპს- ინტენსიური ტიპის მწვანე სახურავები, ექსტენსიურთან შედარებით, უფრო მეტი სახეობის უხერხემლოებსა და ფრინველებს „მასპინძლობენ“.

 

  • ხმის იზოლაცია (ხმაურისგან დაცვა)
    გამწვანებული სახურავი ამცირებს ქალაქის ხმაურით დაბინძურებას. კვლევებით დგინდება, რომ ნიადაგი დაბალი სიხშირის ტალღებს ახშობს, ხოლო მცენარეული საფარი ახშობს მაღალი სიხშირის ტალღებს. ამ ბუნებრივი ბარიერის დამსახურებით, თქვენს სახლში დაისადგურებს სიმყუდროვე და შედარებით ნაკლებად შეგაწუხებთ გარედან მომავალი ხმაური.

 

  • ქალაქის არქიტექტურული იერსახის გალამაზება
    შენობების ჩაჟამული კედლებისა და სახურავების ამ სისტემით გამწვანება, ქალაქის პეიზაჟებს გაახალისებს და აქამდე მივიწყებულ უბნებში მოიზიდავს მეტ ტურისტს და ამით ტურიზმის სექტორის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, გამწვანებული ხედები ადგილობრივ მოსახლეობას შეუმსუბუქებს ყოველდღიურ სტრესს და გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს.

 

  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა
    მწვანე სახურავების სისტემა შედგება ზოგიერთი ისეთი ელემენტისგან, რომლის ხარისხიანად წარმოება საქართველოშიც შესაძლებელია (მცენარეების გარკვეული სახეობები, სამშენებლო და დეკორატიული მასალები და ა.შ), მშენებლობის პროცესში გამოვიყენებთ ადგილობრივი წარმოების პროდუქციასაც და ამით ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
    გარდა ამისა, მწვანე სახურავების სისტემის დაყენება საჭიროებს დამატებით მუშახელს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.




| ბეჭდვა |