თავმჯდომარე
საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის შალვა ნათელაშვილის ბიოგრაფია
საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის
შალვა ნათელაშვილის ბიოგრაფია
(ვრცელი)

შალვა ამბროსის-ძე ნათელაშვილი.
დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში. ქართველი.
დედა – დარეჯან ელიზბარის ასული წიკლაური. მაღალმთიანი რეგიონის, სოფელ გუდამაყრის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1980 წელს.
მამა _ ამბროსი იოსების ძე ნათელაშვილი – ისტორიის მასწავლებელი. გარდაიცვალა 1972 წელს.  1960 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ-საგვარეულო სოფელ ბაზალეთში, სადაც შალვა ნათელაშვილმა დაამთავრა ექვსი კლასი. რესპუბლიკურ პრესაში აქვეყნებდა მოთხრობებსა და ზღაპრებს. 1975 წელს დაამთავრა დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა სოფლის კოლმეურნეობაში, მიწის სამუშაოებზე; შემდეგ მტვირთავ-მუშად _ საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტში და ღამის დარაჯად _ სხვადასხვა ორგანიზაციებში.
1981 წელს უნივერსიტეტის წარჩინებით (წითელი დიპლომით) დამთავრების შემდეგ, გაანაწილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანოებში, სადაც 1992 წლამდე მუშაობდა სტაჟიორად, გამომძიებლად, გენერალური პროკურატურის განყოფილებათა პროკურორად, უფროს პროკურორად, ეროვნებათშორის, რელიგიათშორის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად, კურირებდა არასრულწლოვან დამნაშავეთა აღზრდის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებას.
1985-89 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურაში, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. (დაუსწრებელ განყოფილებაზე).
1987 წელს ე. წ. "პერესტროიკის" პერიოდში, პირველად კომუნისტურ სისტემაში, დახურული კენჭისყრით აირჩიეს გენერალური პროკურატურის პარტიული კომიტეტის მდივნად. მისი გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გადაურჩა ათი ათასობით ახალგაზრდა, რომლებმაც უარი თქვეს ემსახურათ საბჭოთა ჯარში.
1990 წელს, პირველად, საბჭოთა პროკურატურის მასშტაბით, შალვა ნათელაშვილმა გამოაცხადა პროკურატურის ორგანიზაციათა დეპოლიტიზაცია და გააუქმა პარტიული სტრუქტურები ამ სისტემაში, რაც იმ დროისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენდა. ის ებრძოდა კომუნისტურ სისტემაში გამეფებულ კორუფციას და კრიმინალს.
1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტის უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატია, დუშეთის რაიონიდან. ირჩევენ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ, პარლამენტის კოლეგიისა და ბიუროს წევრად; საქართველოს კონსტიტუციის საპარლამენტო სარედაქციო კომისიის ხელმძღვანელად.  
შალვა ნათელაშვილის შექმნილია საქართველოს ძირითადი სახელმწიფო-სამართლებრივი კანონმდებლობა. ავტორია: კანონების _ ,,მოქალაქეობის შესახებ", ,,იმიგრაციისა და ემიგრაციის შესახებ", ,,საპარლამენტო მუდმივი და დროებითი კომისიების შესახებ", ,,უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" და სხვა.
მისი ინიციატივით პარლამენტმა მიიღო იარაღის ტარების აკრძალვის კანონი, რამაც დაასრულა ქვეყანაში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა თარეში და სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება.  ასევე, მისი ინიციატივით, საქართველო შეუერთდა ადამიანის უფლებათა დაცვის 1966 წლის საერთაშორისო პაქტებს.
1995 წლის აგვისტოში აფუძნებს პოლიტიკურ ძალას, სახელმწიფო-სამართლებრივი გაერთიანების სახით, რომელიც 1997 წლიდან გარდაიქმნა ,,ლეიბორისტულ პარტიად".
1995-99 წლების მოწვევის პარლამენტში იყო ფრაქცია "ლეიბორისტი"-ს თავმჯდომარე, პარლამენტის ბიუროს წევრი და აქტიურად ებრძოდა შევარდნაძე-სააკაშვილის ერთობლივ ტანდემს.
1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტული პარტია იკავებს პირველ ადგილს, რასაც მოჰყვა მთელი სახელისუფლებო ელიტის დარაზმვა მის წინააღმდეგ და 1999 წლის ნოემბრის არჩევნების მასობრივი გაყალბების გზით, ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში არშეშვება.
2000 წლის 7 თებერვალს ეუთომ დაადასტურა, რომ პარტიიას გადალახული ჰქონდა საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ამ კუთხით აღარაფერი შეცვლილა.
2002 წლის ადგილობრივ პარტიულ არჩევნებში ლეიბორისტული პარტია კვლავ პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ არა _ უმრავლესობით. მიხეილ სააკაშვილი ახერხებს სხვა პარტიების დახმარებით უმრავლესობის შექმნას და ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობას.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია, მასობრივი გაყალბების მიუხედავად, ხმათა 12,5% იღებს, მაგრამ "ვარდების რევოლუციად" ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ოცკაციან პარტიულ ჯგუფს უკანონოდ ითხოვენ პარლამენტიდან.
2004 წლის მარტში, ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში, ლეიბორისტულ პარტიას კვლავ მასობრივად უყალბებენ არჩევნებს, რაც აღიარა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, სტრასბურგში და 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით პარტია არჩევნების მსხვერპლად გამოცხადდა.
2008-2012 წლებში შალვა ნათელაშვილი კვლავ პარლამენტის წევრია, მაგრამ პარტიულ ჯგუფთან ერთად იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, Oოპოზიციის საერთო გადაწყვეტილების შესაბამისად, არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტის მოტივით.
შალვა ნათელაშვილი იყო თბილისში, 2007 წლის ნოემბრის, მრავალათასიანი ოპოზიციური მიტინგების, მთავარი პოლიტიკური ფიგურა. აქციის დარბევის შემდეგ, რამდენიმე დღე იმყოფებოდა დევნაში. მის საცხოვრებელ სახლს თბილისსა და სოფელ ბაზალეთში, აგრეთვე პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხა სპეც-რაზმი, ჩატარდა ჩხრეკა-დარბევა.  შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სამშობლოს ღალატის ბრალდებით.  დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და გამოცხადდა ძებნა. ერთი კვირის მანძილზე, სპეციალური დანაყოფები, აქტიურად ეძებდნენ მას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დევნა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც საქმეში ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია ჩაერია.   ამის შემდეგ, შალვა ნათელაშვილს საშუალება მიეცა კენჭი ეყარა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრადიციული, აღიარებული, მასობრივი ფალსიფიცირების მიუხედავად, ხმათა 8%-მდე დაუფიქსირდა, თუმცა ძალიან მალე, უაღრესად საეჭვო გარემოებების თანხლებით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია გულზე.
შალვა ნათელაშვილის და პარტიის ბრძოლის შედეგად, ქვეყანაში მიღწეულ იქნა უფასო საშუალო განათლება, შენარჩუნებულ იქნა უფასო საბავშვო ბაღები, დაიწია ელექტროენერგიის ტარიფმა; თავიდან იქნა აცილებული ტყეების მასობრივი გაყიდვა და ვაზის ტოტალური აჩეხვა; 90-იანი წლების ბოლოს ათიათასობით პედაგოგი და ექიმი გადაურჩა ტოტალურ დათხოვნებს, შემცირების მიზეზით.
რადიკალურად უპირისპირდებოდა ყველა დანაშულებრივ რეჟიმს.
არც თვითონ და არ ლეიბორისტული პარტია არასოდეს ყოფილა რომელიმე კოალიციის და ალიანსის წევრი.
Gგავლილი აქვს სამხედრო შეკრება, არის ოფიცერი. 
მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის საპროკურორო ჩინი.
იყო იურისტთა მსოფლიო ასოციაციის და საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრი.
აშშ-ს შტატ ლუიზიანას საპატიო ელჩი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მეუღლე _ ბელა ალანია. პროფესიით იურისტი და ეკონომისტი; მწერალი
ვაჟი – ბექა ნათელაშვილი. თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ქალიშვილი – დარეჯან ნათელაშვილი.  ჰოლანდიის გრონინგენის უნივერსიტეტის მაგისტრი.  
ჰობი: დეკორატიული მებაღეობა, ასტრონომია და კოსმოსი. დაკავებულია სპორტით: 100 მეტრიანი სპრინტით და მძლეოსნობის სხვა სახეობებით.

FaceBook Twitter Google
ვიდეოები