ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ბაქოში დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთანდაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო, საქართველომ ბაქოში დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, სწავლებაში მონაწილეობა საქართველოსა და მისი ისტორიის შეურაცხყოფა იქნება.


 

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალიევმა სულ რამდენიმე კვირის წინ წაგვართვა დავით გარეჯი, ბერთუბანი, აღდგომის მონასტერი, შემოიყვანა იქ შეიარაღებული ძალები, გამოიყვანა უზარმაზარი ავტობანი და ფაქტიურად, ეს ძირძველი უძველესი ქართული კულტურის ძეგლი ქრისტიანობის სიმბოლო, მეორე იერუსალიმი მოექცა აღნიშნული სახელმწიფოს იურისდიქციაში, იქ ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნებზე ჩასვლა არის შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის, ისტორიის, ხალხის, ჯარისკაცების და ოფიცრების“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, არ გაგზავნოს სამხედროები სწავლებაზე.

„მოვუწოდებ ვაი მთავრობას, ვაი თავდაცვის სამინისტროს, არც ერთი ჯარისკაცი და ოფიცერი არ გაგზავნოთ ბაქოში და არავითარი სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელიც გვართმევს მიწას, ტერიტორიას და სალოცავებს, სანამ არ მოვლენ ჭკუაზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიმართება. აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ითერნითი-2019“ (Eternity-2019) 2 სექტემბერს დაიწყება და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წყარო:  https://1tv.ge

| ბეჭდვა |