ახალი ამბები
"ამ სიღატაკის ფონზე ძალიან მიკვირს, როგორ დგას ჩვენი მთავრობა სანთლებით ეკლესიაში" - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილმა რუსთავში, ყოფილ სასათბურე მეურნეობასთან არსებულ სასადილოს შენობაში მცხოვრები თუმანიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა და შობის დღესასწაული მიულოცა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

"ამ სიღატაკის ფონზე ძალიან მიკვირს, როგორ დგას ჩვენი მთავრობა სანთლებით ხელში ეკლესიაში და როგორ სძინავთ მშვიდად ღამე. მართლაც ამაზრზენია, რომ ოლიგარქ-დიქტატორი ამაზონსა და ავსტრალიაში, ხანძრის დაზარალებულ რეგიონებზე მილიონებს რიცხავს, ქალაქის მერს ჩამოაქვს ნაძვის ხედ წოდებული სიმახინჯე იტალიიდან რამდენიმე მილიონად და ამ ხალხისთვის არ გამოინახა არაფერი, რომ ადამიანურად შეხვედროდნენ შობას," - განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის ჩასვლამ სოციალურად დაუცველები გაახარა.

"დღეს ჩვენთან ბრძანდებოდა ბატონი შალვა ნათელაშვილი. ჩვენთვის მისი მოსვლა ძალიან დიდი სიხარული იყო, გაგვამხნევა, მოგვცა იმედები, რომ გვერდში დაგვიდგება და მადლობა მინდა ამის გამო მას გადავუხადო," - აღნიშნა ციალა წეველიძემ.
| ბეჭდვა |