ახალი ამბები
ხელისუფლებამ უახლოეს საათებში უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება

ლეიბორისტები, პანდემიის პერიოდში, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების ჩამოწერას მოითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. შალვა ნათელაშვილი:
_ მიმდინარე გლობალური ინფექციური საკითხის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოში შეჩერდეს გადასახადების ამოღება შუქზე, გაზზე, ნაგავსა და წყალზე.
კომპანიები, რომლებიც დაკავებულები არიან ამ პროდუქციის ათამაგად და ოცმაგად გაყიდვით, საკმაოდ მდიდრები გახდნენ საიმისოდ, რომ აღნიშნულ პერიოდში არ მიიღონ ზარალი. კერძოდ, ,,სოკარი" მილიარდნახევარი შემოსავლით ჩვენგან, ,,თელასი" _ 500 მლნ- იანით, ,,ენერგო პრო ჯორჯია" _ 700 მლნ -ით, ჩვენგან ამოგლეჯილი გაათმაგებული საფასურით.
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოსცა განკარგულება და გააუქმა კომუნალური გადასახადები ვირუსის მძვინვარების პერიოდში. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის და სხვა იმ ქვეყნებების მთავრობებმა, სადაც კორონა ვირუსი დაფიქსირდა. უფრო მეტიც, გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნულ პარკებში შესვლია გადასახადიც გააუქმა.
დედამიწა გადასულია მოქმედების ახალ რეჟიმზე და ეს სრულიად ვრცელდება საგადასახადო ინსტიტუტებზე, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ოლიგარქი ყაჩაღების მადა და გემოვნება გაჭირვებული ხალხის ხარჯზე კმაყოფილდება.
თუ შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ,,კარფურმა" წლების განმავლობაში არ გადაიხადოს დამატებითი ღირებულების გადასახადი და მილიონები წაიღოს სახლში, რატომ არ შეიძლება, ამ მძვინვარე ვირუსის პერიოდში შეჩერდეს კომუნალური გადასახადები, რომელიც ისედაც მტაცებლური და უკანონოა?! ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელისუფლებისგან უახლოეს საათებში მოველით.
| ბეჭდვა |