ახალი ამბები
თუ ერთობის აფეთქება გვინდა, საერთო მიზნებიდან სიებზე გადავიტანოთ აქცენტი


მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის გაკეთების თაობაზე, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა

შალვა ნათელაშვილი:
_ მინდა გამოვეხმაურო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთო ოპოზიციური სიის შედგენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ ამ სურვილს კეთილშობილური მიზნები უდევს საფუძვლად, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა გაერთიანება იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო. შედეგები გრანდიოზულია: გადავანგრიეთ მაჟორიტარული მძარცველური სისტემა, ოლიგარქიული იერარქია გათავისუფლებულია პოლიტიკურ პატიმართა უმრავლესობა, მზადდება ხელისუფლების დეოლიგარქიზაცია და იმავდროულად ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულობას და კერპების წარმოშობას.
შექმნილ ვითარებაში, საერთო სია იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან დაყოს პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად: თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად, წარსულად და მომავლად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს და რამდენიმე თვეში, თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად, დაგვემშვიდობოს და პასუხი აგოს. იმედია, მთელი პოლიტიკური სპექტრი ასეა განწყობილი და ამ განცხადების ავტორიც შეცვლის თავის პოზიციას, შექმნილი ვითარების ღრმა ანალიზის შემდეგ.
მოგეხსენებათ, სიის შედგენა ერთ პარტიაშიც კი, ნგრევის და დაპირისპირების საფუძველია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს განუმეორებელ მოვლენად მიაჩნია, ამიტომ თუ გვინდა არსებული სიტუაცია ავაფეთქოთ, საერთო მიზნებიდან სიაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი და ყველაფერი დამთავრდება.
სწორედ ის, რომ საკონსულტაციო ფორმატი არ იყო ბლოკი, ან კოალიცია, არ იყო საერთო სიისთვის შექმნილი სტრუქტურა, არ იყვნენ კოალიციის ლიდერები, მოადგილეები, ამან გამოიწვია სრული თანასწორიბის პირობებში, პოლიტიკური სპექტრის არნახული თანამშრომლობა. იმავდროულად, ქართველი ერის ბრძოლა, რათა რათა ქვეყანაში დასრულებულიყო მაჟორიტარიზმი და სახელმწიფო გადასულიყო მრავალპარტიულ სისტემაზე.
2024 წლიდან, ბლოკების შექმაც აკრძალულია. ყველა პარტია თავისი სახით, პასპორტით უნდა წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე, ან აგოს პასუხი არგაკეთებულისთვის, ან მიიღოს ტაში შექმნილისა და აშენებულისთვის. სწორედ იმ ეტაპზე ვართ, რომ ქვეყანა საერთო სიებს ემშვიდობება.
თუ გავიხსენებთ წარსულის უმძიმეს გამოცდილებას, მეტწილად, იმ დაპირისპირებების, გადატრიალებების, ომების საფუძველი საერთო სიები იყო. ასე მოხდა ეროვნული მოძრაობის პერიოდში, როცა გამსახურდიას ქარიზმამაც ვერ შეინარჩუნა 26 პარტია ერთ კოალიციაში, რასაც მოყვა განხეთქილება და სამოქალაქო დაპირისპირება. მეორე მრავალპარტიული, შევარდნაძის ბლოკი დამთავრდა ვარდების რევოლუციით; მესამე მრავალპარტიული ბლოკი ვარდების რევოლუციონერების, დამთავრდა დიდი დაპირისპირებით შიგნით, მსხვრევით და ამ პარტიების გადაბარგებით ჯერ პატარკაციშვილთან, მერე ივანიშვილღან. 2012 წელსაც სწორედ იმიტომ მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში, რომ საერთო სიებით დაზარალებულ სპექტრს არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა ოლიგარქისთვის.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საერთო მიზნებისთვის, იდეისთვის, სახელმწოფისთვის ყოველგვარი ანგარებისა და სიებში ადგილების განაწილების გარეშე. მერე გვექნება სახელმწიფო, მერე გვექნება საზოგადიება, მომავალი. ვფიქრობ, ექსპრეზიდენტს ეს კარგად აქვს გაანალიზებული.
| ბეჭდვა |