ახალი ამბები
დაჩქარდეს სანქციები ივანიშვილსა და პუტინის კლასტერზე _ შალვა ნათელაშვილის მიმართვა მაიკლ პომპეოს


შალვა ნათელაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს მიმართა, რათა ამერიკის მთავრობამ დააჩქაროს ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური და ქონებრივი სანქციები.
ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.



შალვა ნათელაშვილი:
_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდესაც დადგა არჩევანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი _ დასავლეთი დადგებოდა ოლიგარქის, თუ ქართველი ხალხის მხარეს, ამ უთანასწორო ბრძოლაში, დასავლეთმა მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი აირჩია. ამაზე პასუხად გუშინ საქართველოს ე.წ. პრემიერმიბისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ტედ კრუზს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს სენატში რიშს, სენატორ შაჰინს, კონგრესმენ კიზინგერს, სხვა სენატორებს, კონგრესმენებს, ევროპარლამენტის დეპუტატებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები უწოდა. ეს, მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო თავხედობა და თავზე ხელის აღებაა. აღნიშნულმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმს სანქციების გარდა, არაფერი გამოასწორებს.

დღეს, მე მივმართე ამერიკის შეერთებული შტატების მდივანს მაიკლ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს, დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ ფინანსური და ქონებრივი სანქციების დაწესების პროცესი, რათა ჩვენ საარჩევნოდ გავანეიტრალით ეს საოკუპაციო-ანექსიური ჯგუფი კრემლიდან, რათა მათ ვერ შეძლონ ამ თანხების დახარჯვა, რომ გაამრუდონ ჩვენი ქვეყნის ბედი. ამის გარდა, აღნიშნული ქონება მოპარულია ქართველი ხალხისგან და უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, ქართველი ხალხისთვის სამომავლოდ დასაბრუნებლად.

,,პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები" _ ამათი გასამართლებელი მოტივაციაა, რომელიც ჭეშმარიტებასთან არანაირ კავშირში არაა. ვიმეორებ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უთანასწორო, იმპერიულ ბრძოლაში ქართულ სახელმწიფოს და ჩვენს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და ეს კონკრეტული ფაქტებიდანაც ჩანს.

ანაკლიის პორტის ჩაგდება პუტინის დავალებით არ მოხდა? რა თქმა უნდა, ეს იყო რუსეთის სტრატეგიული ინტერესების განხორციელება, რათა ამერიკული გემები და წყალქვეშა ნავები არ შემოსულიყვნენ შავი ზღვის აკვატორიაში, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს. ამერიკული კომპანია ,,ფრონტერას" სამუშაოების დაბლოკვა, რომელმაც კახეთში იმდენი გაზი აღმოაჩინა, რომ მთელ რეგიონს და ევროპას ეყოფა, ასევე კრემლის და ,,გაზპრომის" განკარგულებით მოხდა. მსოფლიოში ვერავინ გაბედა ირანზე ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები დაერღვია, ივანიშვილის ხელისუფლების გარდა, რომელმაც გაუხსნა გზა ირანელ აიათოლებს, მათ ბიზნესს, ეკონომიკას იმისთვის, რომ სუნთქვა დაიწყონ, ფული გაათეთრონ, საქართველოში გახსნილი ბანკების მეშვეობით და რაც მთავარია ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიტანონ ბათუმის და ფოთის პორტებიდან და გადაარჩინონ ანტიდასავლური, თეოკრატიული რეჟიმი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო სტაბილურობას.

აი, ამ რეჟიმის მხარდამჭერია ბიძინა ივანიშვილი თავისი გახარიებით, მამაცაშვილებით, კალაძეებით, ოდიშარიებით, წულაიებით. აი, რატომ მოხდა, რომ ლამის ნახევარი ირანი ჩამოასახლეს; აი, რატომ მოხდა, რომ ირანთან სავიზო რეჟიმი ვერ დავაწესებინეთ; აი, რატომ მოხდა, რომ მთელმა მსოფლიომ დაუწესა კრემლს სანქციები ყირიმის და ლუგანსკის ოკუპაციისთვის და და ჩვენგან კრემლის ხელმძღვანელობას სანქციები არ აქვს და სხვებს ვთხოვთ ჩვენს ნაცვლად იბრძოლონ.

ასეთ საშიშ, ვერაგ ჯგუფთან აქვს საქმე არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი თვითონ მოიცილებს ჭირს, მაგრამ ამაში ჩვენი მოკავშირეების დიდი წვლილი იქნება.

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები