ახალი ამბები
ეს დღესვე უნდა მეთქვა... რა რჩევას აძლევს ნათელაშვილი სააკაშვილს

ლეიბორისტების აზრით 4 ოქტომბერს ტვ ,,მთავარში“ გამოქვეყენებული რეიტინგი, რომლითაც ლეიბორისტულ პარტიას ისეთი დაბალი მაჩვენებლი აქვს, როგორიც არასდროს ჰქონია, მიხეილ სააკაშვილის კარნახითაა დაწერილი.
,,უდიდეს პატივს ვცემ ნაცმოძრაობას, მის აქტივს, ხელმძღვანელობას და ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, მაგრამ ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბავშვობიდან აწუხებს ლეიბორისტული პარტიის დარდი, არც კიევში ისვენებს. მის განცხადებებზე ადრე რეაგირებას არ ვაკეთებდით, მაგრამ არჩევნების წინ არ გვაქვს უფლება ამაზე რეაქცია არ გავაკეთოთ“ _ განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი:
_ კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ისტორიული შედეგები დადგა პოლიტიკური ოპოზიციის ერთიანობით, რის გამოც ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი უთანხმოებები, პრობლემები, დაპირისპირებები. ეს ერთობა გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა, თუმცა არ მინდა ზოგიერთი შავი ლაქა დავტოვო ყურადღების გარეშე, რაზეც ადრე რეაქციას არ ვაკეთებდი.

უდიდეს პატივს ვცემ ნაცმოძრაობას, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, მათ აქტივს, ხელმძღვანელობას. ჩვენი კოორდინაციით და ერთობით ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ შედეგები მიღწევადია, თუ საერთო მიზნები პრინციპული იქნება და ქვეყანა გადავიყვანეთ ახალ პოლიტიკურ მოდელზე _ პროპორციულ სისტემაზე, მოვაღწიეთ საერთაშორისო მხარდაჭერას, პოლიტპატიმართა უმრავლესობა გარეთაა და ვიმეორებ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. ამისთვის გახსნილები ვართ და ვიყავით. მაგრამ ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბავშვობიდან აწუხებს ლეიბორისტული პარტიის დარდი, არც კიევში ისვენებს. მის განცხადებებზე ადრე რეაგირეაბს არ ვაკეთებდით, მაგრამ წუხელ, ,,მთავარში“ გამოქვეყენებული რეიტინგი, სადაც ჩვენი მონაცემები პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ნაკარნახევია, არ გვიტოვებს უფლებას არჩევნების წინ გავჩუმდეთ და რეაქცია არ გავაკეთოთ.

დღეს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, პუტინის დაჯგუფებას და არა ერთმანეთს. ძნელად დასაჯერებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრინციპია ,,უჩემოდ ქვა-ქვაზე არ დარჩენილა“, მაგრამ მისი საქმეები სწორედ მოვლენების ამგვარ განვითარებაზე მეტყველებს.

ვიტოვებ უფლებას, ასევე გამოვთქვა ეჭვი, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის გრძელდება ფარული თანამშრომლობა, პიროვნულად და ალიანსი, რისი მაჩვენებლიც გახლავთ ნაცმოძრაობის გამსვლელ სიაში ამ პარტიის სახელოვანი ლიდერების ნაცვლად ივანიშვილის ოლიგარქების ჩაწერა, როგორებიც არიან მეწამლე ოქრიაშვილი, ყაჩაღი ჩოჩელი, თაღლითი ხაბულიანი და ბიუჯეტის დიდი ყაჩაღი ნიკოლეიშვილი. პირველივე შემთხვევაში, როგორც კი საქმე მიდგება კოალიციური მთავრობის შექმნაზე, სადაც ერთი ხმა იქნება გადამწყვეტი, ოთხივე რეაქტიული სისწრაფით გაიქცევიან ივანიშვილისკენ და არცერთ შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციისკენ. ეს უნდა მეთქვა ახლავე, დღესვე, ვიდრეს საქმე შეუქცევად სახეს მიიღებს და გვიანი იქნება შეცდომების გასწორება, გინდ ჩემი, გინდ _ სხვისი. 

მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს! თანამდებობებზე ოცნებებს თავი დაანებოს. ის ორი ვადით უკვე იყო პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით, პუტინის ოლიგარქის მოსვლით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და შემდგომ კიევში სახურავებზე მისი სირბილით. საკმარისია! ის ვალდებულია ადამიანურად, მორალურად, პოლიტიკურად, ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას, კოორდინაციას, პუტინისტური ოლიგარქიის მოცილებას, ჩვენი ქვეყნის გადასვლას პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ახალ სიმაღლეებზე და არცერთ შემთხვევაში არ მოგვაბეზროს თავი თავისი პრემიერმინისტრობით, პოლიტიკური მითითებებით, რეიტინგების შედგენით და საკუთარ სიაში ივანიშვილის ოლიგარქთა ჩაწერით. ეს არის ჩემი მეგობრული რჩევა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. თუ გაითვალისიწნრებს კარგი იქნება, თუ არა შედეგებს აგერ ვნახავთ, 31-ის შემდგომ, როცა ისევ ივანიშვილის მთავრობა იქნება და თავად მთავარი ოპოზციური პოლიტიკური ძალა იქნება, მთელი ცხოვრება. მეეჭვება, ამით სიამოვნება მიიღოს, მაგრამ პროცესების ასეთი გაგრძელება რასაც ის აკეთებს, ასეთ სამწუხარო შედეგებამდე მიგვიყვანს.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები