ახალი ამბები
„პორნო ინდუსტრიის მთავარი პროდიუსერი შუშის სასახლეში ზის“

სიკვდილიანობის ქრონიკა, „ყაზტრანსგაზი“, საპენსიო რეფორმა, განათლების სისტემა და ბინძური კამპანია, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს ემსახურება _ ეს არის ის ძირითადი თემები, რაზედაც „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო გიორგი, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას უკავშირდება. რა მოვლენაა, როდესაც ვგებულობთ, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება ინტერნეტში?


_ ეს არის უბინძურესი მეთოდების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, იმ ადამიანების დისკრედიტება და მორალურად გატეხვა, რომელიც თვალში არ მოსდის ოლიგარქს. გავითვალისწინოთ, რომ პორნო ინდუსტრიის მთავარი პროდიუსერი შუშის სასახლეში ზის, იმ შუშის კინოთეატრიდან ხდება ამ ბინძური მასალების დისტრიბუცია. ეს აქციაა, რათა ანგარიში გაუსწოროს მისთვის არასასურველ პიროვნებებს. რა თქმა უნდა, ამ მასალებს წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ და აგროვებდნენ, მაგრამ ის გამოიყენეს, გაუშვეს და ამითი პოლიტიკური პირები ჩამოიშორეს თუ ანგარიში გაუსწორეს ივანიშვილის მმართველობის დროს. რეალურად, ამის გამავრცელებელი, პირველწყარო, არასდროს დასჯილა. ეს არის ამათ მახინჯ ტვინში მომწიფებული ბინძური სქემა. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, რადგან ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, სოციალური კატასტროფის წინაშე ვდგავართ, კრიზისია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით და ამ დროს მთელი ქვეყანა ბინძურ კადრებს განიხილავს, როგორც მთავარ ნიუსს. ეს არ დასრულდება მანამ, სანამ ოლიგარქი ივანიშვილი და, ზოგადად, ოლიგარქიული მმართველობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ეს თუ არ დავასრულეთ, იგი შეიწირავს ჩვენს ქვეყანას.
_ ფაქტია, რომ აღნიშნული კადრები არ განადგურებულა, თუმცა გვახსოვს, რომ ღარიბაშვილი თავს იწონებდა და ამბობდა, რომ ყველა ფირი განადგურებულიაო.
_ არ ვიცი, ამის ექსპერტად არ გამოვდგები, მაგრამ კოპირება გაკეთდა და გვაჩვენეს, თითქოს ყველა ფირი განადგურებულია. გარდა ამისა, ის გარემოებაც გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ეს მასალა სისხლის სამართლის საქმე იყო. კანონით, ვინც ამას აკეთებდა, პასუხისგებაში უნდა მიეცათ. რეალურად, სისხლის სამართლის საქმეები საჯაროდ გაანადგურეს, თუმცა, როგორც ჩანს, დააკოპირეს და იმ დღისთვის შეინახეს, როცა ანგარიშის გასასწორებლად დასჭირდებოდათ.
_ ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს სექსი და ეს არ არის რაღაც მისტიკური მოვლენა. რის მიღწევას აპირებენ ამ ყველაფრით, ანუ მათი თვითმიზანია, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაშორონ, თუ რა სიბინძურე ხდება?
_ ვიცით, რომ საჯარო პირების ცხოვრებაც, გარკვეულწილად, საჯაროა. პრეზიდენტ კლინტონთან დაკავშირებით გახსოვთ, როგორი ამბები ატყდა მის სექსუალურ თავგადასავალთან დაკავშირებით, რომელიც მას მონიკა ლევინსკისთან ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამაზეა გათვლილი. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი და ბინძურია… მაგრამ უნდათ, რომ ადამიანი მორალურად გატეხონ და გააქრონ პოლიტიკური არენიდან.
_ ბატონო გიორგი, არანაკლებ სამწუხარო და ტრაგიკულ თემას მინდა შევეხო. 2019 წლის დასაწყისს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა შეიძლება ვუწოდოთ. ქვეყანას ძალიან ბევრი ადამიანი გამოაკლდა და ამ ყველაფრის თავი და თავი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ამ შემთხვევაში ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს? ეს, უბრალოდ, დაუდევრობა თუ?..
_ მარტო დაუდევრობა არ არის. გლობალურად თუ შევაფასებთ, ეს არის ბიზნესი და პოლიტიკა ერთად ათქვეფილი, ოლიგარქიული ხელისუფლება. ვიცით, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი“ კალაძემ და ბეჟუაშვილმა დაითრიეს. თავის დროზე პირველად ეს ჩვენ გავახმაურეთ. ამ ქსელს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. ინვესტირება არავის განუხორციელებია, იმიტომ რომ იჯიბავდნენ და იპარავდნენ ფულს, ხალხს გლეჯდნენ, ტარიფებს ზრდიდნენ… კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ: წლის განმავლობაში „ყაზტრანსგაზი“ კარგავს 60 მილიონ კუბმეტრ გაზს, რაც 30 მილიონი ლარის ღირებულებისაა, ყველაფერი ტარიფში დევს. ეს კატასტროული ციფრია. თქვენ წარმოგიდგენიათ, 60 მილიონი კუბმეტრი გაზი ჰაერში ორთქლდება ქსელის გაუმართაობის გამო, რომელიც მოსახლეობას გვიდევს ტარიფში და ფულს ვიხდით. მეტიც: „ყაზტრანსგაზს“ წელიწადში, დაახლოებით, 250 მილიონი აქვს ხარჯებად გაფორმებული, რომ მოახმარა რეაბილიტაციას, ოფისების გახსნას, ხელფასებს, რომელიც ასევე ტარიფში დევს. რეალურად, ეს საქმიანობა არ ხორციელდება. გადახდილი გვაქვს არა მარტო გაზის ღირებულება, არამედ ქსელის რეაბილიტაციისა და მაღალი კლასის მომსახურებაც ტარიფში გვიდევს… მაგრამ ეს ასეულობით მილიონი ამ წლების მანძილზე ათვისებულია, მოპარულია, არანაირი უსაფრთხოება დაცული არ არის და შესაბამისად, ტრაგიკულ შედეგებს ვიღებთ. აქ პირდაპირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა კალაძის, ბეჟუაშვილისა და იმ ოლიგარქების, რომლებიც მაფიოზებად სხედან და პოლიტიკური ძალაუფლებაც მათ ხელთაა. ჩალის ფასია მათთვის ადამიანების სიცოცხლე. როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ბერკეტები ხელთ უპყრია ოლიგარქიას, ის ამ ძალაუფლებას იყენებს მოსახლეობის დასამონებლად, გასაძარცვად და შედეგებიც ტრაგიკულია.
კიდევ უარესი ხდება რეგიონებში. „სოკარ გაზი“ მონოპოლისტად შექმნეს, როცა ათეულობით მცირე კომპანია არსებობდა, რომელიც გაზის დისტრიბუციას ახორციელებდა, ეს მთლიანად ჩახსნეს და „სოკარ გაზს“ გადაულოცეს. როგორც წესი, აზერბაიჯანისთვის „სოკარ გაზი“ პოლიტიკურ ბერკეტსაც წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულია, რომ სომხეთისთვის როკის გვირაბი გაიხსნას, რომელიც ცხინვალზე გავა. პირველი მარტიდან აპირებენ კომერციული მომხმარებლისთვის გაზის გაძვირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზი თითოეულ ჩვენგანს გაუძვირდება. შეიძლება, ასანთს ვყიდულობდეთ მაღაზიაში და იქ გაზის ფულიც შედიოდეს, ანუ მთლიანად მოგუდვა მიმდინარეობს. სოციალური გენოციდი მეტი რა არის?! დავაკვირდეთ ციფრებს: 2012 წლის შემდეგ 800 ათასი ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან, სიკვდილიანობა გაიზარდა, შობადობა შემცირებულია, სიღატაკე, უმუშევრობა არნახულ მასშტაბებზე ავიდა. გენოციდი მხოლოდ ტყვიით მოკვლა არ არის. სოციალური გენოციდია ის ტრაგედიები, რაც ტრიალებს.
_ პრინციპში, გარკვეულ ოჯახებს გაზის გაორმაგებული გადასახადები უკვე მიუვიდა.
_ ეს კიდევ ცალკე მანიპულაციაა. რა ტიპის მრიცხველები უყენიათ და რა ხერხებს იყენებენ იმისთვის, რომ რაც არ მოუხმარიათ გაზი, იმაზე მეტი მოდის გადასახადი. ჩვეულებრივი დაკანონებული და დადგენილი ძარცვაა. ჩვენმა აქციამ „სემეკთან“ გარკვეული როლი ითამაშა და ვერ გაბედეს, ვერ გააძვირეს გაზი, ესეც შეღავათია მოქალაქეებისთვის. ოლიგარქიის პირობებში არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა და კონკურენცია. ოლიგარქიას სახელისუფლებო ბერკეტები იმისთვის სჭირდება, რომ ბაზრის მონოპოლიზება მოახდინოს და მხოლოდ თვითონ დაადგინოს თამაშის წესები. ამას ტოტალური მოგება მოაქვს, სამაგიეროდ, მოსახლეობა იძარცვება, არ ვითარდება ტექნოლოგიები, არ არის კონკურენცია და შედეგებიც შესაბამისია. ნავთობპროდუქტები, წამლის ბიზნესი მთლიანად მონოპოლიზებულია, კატასტროფული ფასებია და სიცოცხლით ვაჭრობენ. ამ ზამთრის პერიოდში, როდესაც მწვავედ წამოიწია ღორის გრიპის პრობლემა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა 50-მილიონიანი მოგება ნახეს და ვინ არიან მათი მფლობელები? ერთ-ერთი პარლამენტშია _ ოქუაშვილი და… რა თქმა უნდა _ ბიძინა ივანიშვილი. იგივე ხდება საკვებ პროდუქტებში, საბანკო სისტემაში, გაზგამანაწილებელ და ელექტროგამანაწილებელ კომპანიებში, მთლიანად მონოპოლიზებულია და გუდავენ მცირე და საშუალო ბიზნესს.
_ დაგროვებით საპენსიო ფონდზე რას ფიქრობთ, რას ემსახურება ეს ყველაფერი?
_ მოსახლეობის პირდაპირ ძარცვას. ბიუჯეტში ეს თანხა არ შედის, სპეციალური საპენსიო ფონდია შექმნილი. ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 700 მილიონს ამოქაჩავენ მოსახლეობისგან, რომელსაც შემდეგ საკუთარი ბიზნესებისთვის გამოიყენებენ. ჯერ კანონია ისეთი, რომ ამას ექსპერტი სჭირდება. ეს კანონი შევისწავლე. ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ან მის მსგავსად გამოიყენებს საკუთარი ბიზნესისთვის. 30 წლის შემდეგ, როდესაც გვპირდებიან, რომ ამ დაგროვილი პენსიის შედეგად ფული დატრიალდება და მოგებას ვნახავთ, შეიძლება, ფულის ნიშანი საერთოდ არ არსებობდეს, კრიპტოვალუტაზე გადავიდეს მსოფლიო. ისე ვითარდება ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კი საფინანსო სფეროში. დარწმუნებული ვარ, ამის სათავეში, შესაძლოა, ჩხარტიშვილი იდგეს. ზუსტად ამ ჯგუფმა გააქრო ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების ანაბრები, რამდენიმე მილიარდი მაშინდელი ვალუტა, რომელსაც დოლარზე უკეთესი კურსი ჰქონდა. გაკოტრდა, გაიფანტა ეს ფული და პასუხისმგებელი ვინ არის?! ასე იქნება ახლაც. ეს მოსახლეობის აღვირახსნილი ძარცვაა. სხვათა შორის, ხელმოწერების შეგროვების ახალ კამპანიას ვიწყებთ. გვინდა, კანონში ცვლილება შევიდეს, რომ გერმანული მოდელი შემოვიტანოთ _ ასაკობრივი სოლიდარობა. დაგროვებითი პენსიის მექანიზმი მუშაობს, ოღონდ დღესვე გაიცემა _ ანუ შვილები მშობლებისთვის. 700 მილიონი საკმარისია, რომ 100 ლარით გაიზარდოს პენსია. „ობშიაკი“ გროვდება ბიძინასთვის და საპენსიო ფონდი კი არა, „ბიძინას ობშიაკის“ ფონდი უნდა ერქვას.
_ ბატონო გიორგი, NDI-იმ საგანგაშო შედეგები გამოაქვეყნა: კორუფცია მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკასა და სასამართლოში. ასევე დაიდო სხვადასხვა პარტიის რეიტინგიც. რას იტყვით ამ კვლევასთან დაკავშირებით და ეთანხმებით თუ არა მას?
_ პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკურ ნაწილში NDI-ის არანაირ კვლევას არ ვენდობი. ეს, ალბათ, „ქართული ოცნების“ ოფისშია დაწერილი, რადგან შეუსაბამობებია. ერთი მხრივ, წერენ, რომ კორუფციაა, კრიმინალი გაიზარდა, ქვეყანა ჩამოიქცა, კრიზისია და მეორე მხრივ, ამის შემოქმედებს, თურმე, ყველაზე მაღალი სახელისუფლებო რეიტინგი აქვთ. თან ამბობენ, რომ პარლამენტის საქმიანობას არავინ ენდობა და პარლამენტის თავმჯდომარის პირადი რეიტინგი 42%-ია. ეს ხომ აბსურდია! რად უნდა საუბარი, რომ კორუფცია არსებობს? ყოველმხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. სამართლებრივ პროცესებს თუ უყურებთ, თურმე ჩვენი ბედი მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ამ გაურკვეველ არსებებსა და თანამედროვე ჯალათებს უნდა ჩავაბაროთ.
_ განათლების სისტემაც საფრთხეშია.
_ განათლების სისტემა არ არსებობს. განათლების ხარისხთან დაკავშირებით 14, 15, 16 წლის მოზარდებს ელემენტარული მათემატიკური უნარები არ გააჩნიათ. წერა-კითხვის უცოდინარები ვართ. ტოტალური გაუნათლებლობაა. ოდნავ კარგი განათლება რომ მიიღო, მშობლებს დიდი ფული უნდა ჰქონდეს, ან აქ შეუძლებელია, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, განათლების ის დონე მიიღო, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს გაუძლებს. არადა, ჩვენი გადარჩენა და მომავალი მხოლოდ განათლებაა. როდესაც არსებული რეჟიმი შეიცვლება, მომავალმა ხელისუფლებამ ინვესტიციები განათლებაში უნდა გაუშვას. რატომ მოხსნეს გამოცდები, ვიცით? უცოდინარობა რომ დავფაროთ? ეს ხომ არაფერს შეცვლის. მაშინ უნდა დაასახელო გამოცდების მოხსნის მიზანი.
_ მიზანი, სავარაუდოდ, ხალხის ადვილად მართვაა და მეტი არაფერი.
_ რაც უფრო გაუნათლებელი და ბნელია საზოგადოება, მით უფრო ადვილია მისი მართვა. კრიტიკული აზროვნება თუ დაკარგე, შემდეგ შეგიძლია, კარტოფილით ან ხახვით მუდმივად იყო პოლიტიკურ ოლიმპოზე.

 





წყარო: http://qronikaplus.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
27.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
27.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86