პროგრამა
ცხოველთა უფლებების დაცვა


ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები


წინასიტყვაობა

ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ არ არის დაცული არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ცხოველთა უფლებებიც.
არსებული კანონი ცხოველისადმი სასტიკით მოპყრობის შესახებ (მაგ.: სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლი) მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. ქვეყანაში გახშირებულია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები, რაზეც რეაგიარება არასაკმარისია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამას ხელს უწყობს ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონის არარსებობა. ამასთანავე, არ ხდება არსებული კანონების სათანადოდ აღსრულების პრეცედენტის შექმნა და მოსახლეობაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი.

კანონმდებლობა

  • საჭიროა ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონის მიღება 1 წლის ვადაში- ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციისა და მათი სრულფასოვანი არსებობის, დაცულობის გარანტიების შესაქმნელად. იგი შემუშავებულ იქნება ცხოველთა დამცველთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მაქსიმალურად ფართო წრის სრულფასოვანი მონაწილეობის პირობებში და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით დაადგენს ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს (ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხოება, ტრანსპორტირება და ა.შ).

  • ასევე საჭიროა ცხოველისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული კანონის გამკაცრება ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდით.ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სასჯელის გამკაცრება შეეხება განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებს:

    ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისაჯოს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობით, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

    იგივე ქმედება ჩადენილი ა)ჯგუფურად; ბ)არაერთგზის; გ)მცირეწლოვანის თანდასწრებით დაისაჯოს შინაპატიმრობით ორიდან სამ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.

    ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1500 ლარის ოდენობით.

  • საჭიროა ასევე მკაცრად დაისაჯოს ცხოველთა მიმართ გულგრილობის, კომპანიონ ცხოველთა მიტოვების, ცხოველთა არასათანადო სახით ტრანსპორტირების, ცხოველთა მოწამვლის ან ტრავმირების, ცხოველთა ორთაბრძლის ორგანიზების და მასში მონაწილეობის და სხვა მსგავსი ქმედებები, როგორც ცხოველთა მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები.
    ჩვენ მოვითხოვთ ცხოველთა მიმართ ჰუმანურ მოპყრობას და მათი კეთილდღეობის დაცვის გარანტიას არა მხოლოდ კანონის მიღების გზით, არამედ კანონის აღსრულების მაქსიმალური უზრუნველყოფით.

  • სწორედ ამიტომ, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული კანონის ეფექტურად აღსრულების მიზნით შეიქმნება სპეციალიზირებული სტრუქტურილი ერთეული „ცხოველთა დაცვის პოლიცია“.

 

 

გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ შეიქმნება სპეციალიზირებული სტრუქტურილი ერთეული „ცხოველთა დაცვის პოლიცია“, რომლის ფუნქციებშიც შევა:

  • ცხოველთა მიმართ სასტიკი ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე რეაგირება. ასევე ცხოველთა მხრიდან ადამიანზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება და აღნიშნული შემთხვევების პრევენციაზე ზრუნვა.

  • დამნაშავეების მიმართ შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. მათ შორის, ადმინისტრაციული ჯარიმების გამოწერა ან დაკავების მიზნით პროცესში საპატრულო პოლიციის ჩართვა, ასევე  შინაურ ბინადართა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ნორმებისა და პატრონებისადმი მიცემული მითეთებების შესრულების კონტროლი.

  • კომპანიონი ცხოველების პასპორტიზაციის განხორციელება და განახლებადი საინფორმაციო ბაზის წარმოება.

  • ძაღლის ყოლასთან დაკავშირებული ლიცენზიის გაცემა. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით ფუნქციონირებს აშშ-ში. ამით მოხდება ძაღლების აღრიცხვა და მათი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ძაღლი არის მისი მეგობარი, ძაღლის ყოლა არის პასუხისმგებლობა და მოითხოვს მზრუნველობას.

  • სპეციფიკურ შემთხვევებში მიუსაფარი ცხოველების  კლინიკაში გადაყვანა (სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მათი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა.
  • კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პოლიციას გარკვეულ შემთხვევებში უფლება ექნება პატრონს ჩამოართვას ცხოველი და გადაიყვანოს მუნიციპალურ  თავშესაფარში. ასეთი პირებს ჩამოერთმევათ შინაური ცხოველის ყოლის უფლება.

  • ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრილი ცხოველების დახმარება, მათ შორის სამაშველო სამსახურის ფუნქციის ნაწილობრივ შეთვისება (ხეზე, მილში, სახურავზე და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში მოხვედრილი ცხოველებისთვის დახმარების გაწევა).
    დასახლებულ პუნქტებში უკანონოდ დატყვევებული ველური ცხოველების ჩამორთმევა და მათი გადაყვანა ველური ცხოველების რეზერვატ-თავშესაფარში, სადაც ცხოველის რეაბილიტაციასა და მის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში დაბრუნებაზე იზრუნებენ.
  • ლეგალურ მფლობელობაში მყოფი ველური ცხოველების კეთილდღეობის მონიტორინგი და რეაგირება სათანადო დარღვევებზე.

  • ცხოველთა დაცვის პოლიცია მონაწილეობას მიიღებს ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში; საგანმანათლებლო სივრცეებში ცხოველებთან ერთად სემინარის ჩატარების, ბავშვებისთვის მათი პროფესიის გაცნობის, ცხოველების მიმართ განხორციელებული არასათანადო  მოპყრობის და გულგრილობის წინააღმდეგ რჩევა-დარიგებების მიცემის, მათთვის ცხოველთა უფლებების დარღვევებზე რეაგირების თაობაზე ინფორმაციის სწორი სახით მიწოდების გზით. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვებში ცხოველების მიმართ ემპათიის უნარის გამომუშავება-განვითარების პროცესს.

  • ცხოველთა დაცვის პოლიციას ევალება საზოგადოებრივი და ცხოველთა უსაფრთხოების დაცვა და მათზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათი კვალიფიკაცია უნდა იყოს მაღალი და მრავლისმომცველი, რათა ეფექტურად განხორციელდეს ველურ და შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სიტუაციის მართვა.

ცხოველთა დაცვის პოლიციის თანამშრომლები (ოფიცრები, გამომძიებლები და ა.შ.) გაივლიან სავალდებულო პროფესიულ მომზადებას, რომლის მეშვეობითაც მათ განუვითარდებათ პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები. კვალიფიკაციის მქონე ცხოველთა დაცვის პოლიციის თანამშრომლები სრულყოფილ ცოდნას უნდა ფლობდნენ ცხოველებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ;  კარგად  უნდა იცნობდნენ საქართველოში გავრცელებულ ცხოველთა სახეობებს; უნდა შეეძლოთ ადამიანისა და ცხოველისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და ეფექტურად გაწევა;  ფლობდნენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ცხოველების ჰუმანურად დაჭერის მეთოდებისა და ტექნიკის შესახებ; უნდა შეეძლოთ საფრთხის შემცირება და კონფლიქტური სიტუაციის მართვა; უნდა ფლობდნენ მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს და ა.შ.

ცხოველთა დაცვის პოლიციის თანამშრომლები სასურველია საწყის ეტაპზე მომზადდნენ უცხოეთიდან მოწვეული კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, რომელთაც ამ სფეროში მუშაობის მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. მომზადების კურსი შეიქმნება მომიჯნავე პროფილის სახელმწიფო სასწავლებლის ბაზაზე.




საჭიროა ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას ადგილობრივი ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავშესაფრითა და ვეტერინარული კლინიკით

მიუსაფარ ცხოველთა ჭარბი პოპულაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც ჯანდაცვის, ასევე ცხოველთა კეთილდღეობის თვალსაზრისით. მიუსაფარ ცხოველთა ჭარბი პოპულაციის მართვისა და შემცირებისთვის აუცილებელია მათი მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაცია სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით. ეს მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ჰუმანური და ეფექტური მეთოდია, რომლის მიზანიც მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის შემცირება, გადამდები დაავადებების პრევენცია  და არსებული პოპულაციისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა (მათთვის მუდმივი მეპატრონის, ან მუდმივი მიმკედლებლის მოძიების საშუალებით).

ამდენად, აუცილებელია რომ შემცირდეს უმეთვალყურეო და უპატრონო კომპანიონი ცხოველების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

  • ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდეს მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა, რომელშიც გარდა შინაური ცხოველების სამედიცინო მომსახურებისა, სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება მიუსაფარი ცხოველების  სტერილიზაცია-კასტრაციის და ვაქცინაციის სახელმწიფო პროგორამები და ასევე მათი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

  • ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კლინიკა-თავშესაფრის გახსნისთვის  არასაკმარისი ფინანსური რესურსების შემთხვევაში, სხვა მუნიციპალიტეტებიდან მეთვალყურეობას მოკლებულ ადგილებში დაიგეგმოს ხშირი გასვლითი ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც, დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდება მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციისა და ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამები.

  • ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს პროფესიული გაცვლითი პროგრამები იმ ქვეყნებში, რომლებშიც ვეტერინარული სექტორი მაღალგანვითარებულია.



მიზნები და საქმიანობები

მონიტორინგის სამსახურის ძირითად მიზანს წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველების (ძაღლებისა და კატების) პოპულაციების შემცირება ჰუმანური მეთოდების გამოყენებით და ასევე ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადებების გავრცელების პრევენცია. ამასთანავე, ველური ფაუნის წარმომადგენლებსა და ადამიანებს შორის ინციდენტების პრევენცია. ამისთვის იგი საბიუჯეტო დაფინანსების მეშვეობით განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

  1. ჰუმანური მეთოდებით ცხოველების დაჭერას;

  2. ცხოველთა დროებით შენახვას სათანადო პირობების მქონე თავშესაფაში არანაკლებ 10 დღის ვადით;

  3. ცხოველთა ვეტერინარულ გამოკვლევას, საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევას, სტერილიზაცია-კასტრაციას და ვაქცინაციას;

  4. მარკირებას (ნიშანდებას) და პირველად საარსებო არელაში დაბრუნებას;

  5. ცოფით ინფიცირების სავარაუდო შემთხვევებში, ცხოველთა განცალკევებულ შენახვა-დაკვირვებას სრული საკარანტინო პერიოდით;

  6. განახორციელებს ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ველურ ცხოველთა ინდივიდების დასახლებული პუნქტებიდან განრიდების სამუშაოებს.

  7. აღნიშნული ცხოველებისთვის საწყის არეალში დაბრუნებამდე  პოტენციური მეპატრონეების ან მიმკედლებლების მოძიებას.

  8. თავშესაფრის კლინიკა ასევე აწარმოებს კერძო მფლობელობაში არსებული შინაური ცხოველების ცოფზე უფასო ვაქცინაციას და ასევე სხვა კომერციული სახის ვეტერინარულ მომსახურებას.

  9. მონიტორინგის სამსახურები შეიქმნება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და მოემსახურება როგორც ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, ასევე საჭიროებისამებრ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ერთად (საწყის ეტაპზე).



სამსახურის მართვა და მეთოდიკა

  1. მონიტორინგის სამსახურების საქმიანობა დარეგულირდება ტიპიური დებულებით, რომელიც საშტატო განრიგთან ერთად განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

  2. შეიქმნება მონიტორინგის სამსახურის 10 წევრიანი სამეთვალყურეო საბჭო (მცირე მუნიციპალიტეტების შემთხვევში დასაშვებია საბჭოს შემადგენლობის 5 წევრამდე შემცირება). აღნიშნული წევრები შეირჩევა  ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის სფეროში წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან. მსურველთა საკმარისზე მეტი რაოდენობის შემთხვევაში, განხორციელდება ონლაინ კენჭისყრა ცხოველთა მფლობელთა მონაწილეობით.

  3. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, ხოლო მოადგილეს ნიშნავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი.

  4. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი რგოლის ხელფასის ოდენობის განახევრება.

  5. ცხოველთა დაძინების, როგორც უკიდურესი ზომის მკაცრი კრიტერიუმებით განსაზღვრა და შესაბამისი კანონმდებლობით დამტკიცება.

  6. სათანადო კვალიფიკაციის ვეტერინარების შესარჩევად ორგანიზებული იქნება საჯარო კონკურსი, ხოლო მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გარკვეულ დროით მოწვეულ იქნებიან უცხოელი სპეცილისტები.

  7. მუნიციპალური თავშესაფრების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ცხოველთა მონახულების დღეების დაწესება, ვიდეოკამერებით აღჭურვის და დოკუმენტაციის სრული ხელმისაწვდომობის პირობების უზრუნველყოფა.

  8. თამაზ ელიზბარაშვილის თანხმობის შემთხვევაში, მის მიერ შექმნილი მიუსაფარი ცხოველების  თავშესაფრის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემა. თავშესაფრის პირველი 5 წლის ვადით 100 %-იანი, ხოლო შემდგომ 50 %-ინი საბიუჯეტო დაფინანსების პირობით და ასევე ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობაში დატოვების პირობით.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია წარმოადგენს მღრღნელების რიცხოვნობის შემცირების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. აქედან გამომდინარე, მათი რაოდენობის მყისიერი და უკიდურესი შემცირება, მით უფრო საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხების საბოლოო მოგვარებამდე, მძიმე შედეგების მომტანი იქნება მოსახლეობისთვის როგორც ეპიდემოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ლეიბორისტული პარტია აღიარებს რა სიცოცხლეს, როგორც უმთავრეს ღირებულებას, გმობს მიუსაფარი ცხოველების მასობრივი მოკვდინების (ევთანაზიის) პრაქტიკას და მიუსაფარი ცხოველების ჭარბი პოპულაციების მართვა-კონტროლისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ, სტერილიზაციაზე დაფუძნებულ, ყველაზე ჰუმანური პრაქტიკის დამკვიდრებას ლობირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.




ჰუმანური განათლება

ცოცხალი არსებებისა და ბუნების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და ემპათიის განვითარების მიზნით, სავალდებულოა „ჰუმანური განათლების“ სასწავლო კურსის

ინტეგრირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია საზოგადოების და განსაკუთრებით, ბავშვების ცნობიერების ამაღლება, მათთვის ინფორმაციის სწორი სახით მიწოდება ცხოველთა უფლებების და გარემოს დაცვის თაობაზე შესაბამისი სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.



„ბეწვეულის ფერმების“ აკრძალვა ქვეყნის მასშტაბით!
საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება ცხოველთა მოშენება სპეციფიკურად მხოლოდ ბეწვეულის ან ტყავის წარმოების მიზნით.


ველური ცხოველების თავშესაფრების შექმნა

საქართველოს 3 უდიდეს ქალაქთან შეიქმნება ტრავმირებული და ჩამორთმეული ველური ცხოველებისათვის განკუთვნილი თავშესაფარი. ყველა ამ შემთხვევაში საბოლოო მიზანი იქნება ცხოველის რეაბილიტაცია და ველურ ბუნებაში დაბრუნება, ან მისი შესაბამის პირობებში შენახვა, ან სხვა შესაბამისი დაწესებულებისთვის გადაცემა.

 

საქართველოს ველურ ბუნებაზე გადაღებული სატელევიზიო გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე

საქართველოს ტერიტორია, თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ენდემიზმის მაღალი დონისა და სერიოზული დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, შეტანილია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 36 „ცხელი წერტილის“ სიაში (ტერიტორია შედის კავკასიის და ირან-ანატოლიის ცხელ წერტილებში).

ამიტომ, საჭიროა ჩვენი უნიკალური ბუნების უკეთ გაცნობა და მოფრთხილება საზოგადოების განათლების დონის ამაღლებითა და თანამონაწილეობის ხელშეწყობით. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაუქმდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რამედ უნდა შეიცვალოს მისი სარედაქციო პოლიტიკა.

  • საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა დაიწყოს საქართველოს ფლორასა და ფაუნაზე (ველურ ბუნებაზე) გადაღებული სატელევიზიო გადაცემების და დოკუმენტური ფილმების ტრანსლაცია. ასევე ხელი უნდა შეეწყოს უცხოურ სამაუწყებლო კომპანიებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების აღბეჭდვასა და შემდგომ პოპულარიზაციაში.

  • საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ასევე უნდა გაშუქდეს ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და ცხოველთა დაცვის პოლიციის რეაგირება მსგავსი ქმედებების აღმოჩენის პროცესში. მსგავსი გადაცემები ხელს შეუწყობს საზოგადოების განმანათლებლობას და ცოცხალი არსებების მიმართ ემპათიის უნარის გამომუშავება-განვითარებას.

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86